რა იწვევს ენაბორძიკს?

გენეტიკური წინასწარგანწყობა, თავის ტვინის დაზიანება, ტრავმა ან რაიმე უცნობი მიზეზი შეიძლება იყოს მეტყველების განვითარების პროცესის დაყოვნების ან დარღვევის მიზეზი და ის შეიძლება აისახოს სიტყვების, მარცვლების ან ბგერების გამეორებებში, ბლოკირებაში, გახანგრძლივებაში და ა.შ.

ენაბორძიკის მქონე ადამიანებს მოუქნელი მეტყველების მიმართ უყალიბდებათ ადაპტური რეაქცია, რასაც განაპირობებს მათი ტემპერამენტი, სოციალური და კოგნიტური განვითარების თავისებურება და ამ მეტყველებაზე გარშემომყოფთა რეაქცია.

ტიპური, ჩვეულებრივი, მოქნილი მეტყველება არის კუნთების სენსორულ-მოტორული კონტროლის ქვეშ, რაც სამეტყველო სტრუქტურებს საშუალებას აძლევს იმოძრაოს და წარმოქმნას ჰაერის ნაკადი, ხმა და კოორდინირებული არტიკულაცია. ენაბორძიკის დროს კუნთების მსუბუქი, თანმიმდევრობითი მოძრაობების განხორციელება ვერ ხდება, რასაც ამერიკელი ენისა და მეტყველების თერაპევტი ვან რიპერი უწოდებდა „დროებით ჩავარდნებს“.

რა შეიძლება იყოს ამ „დროებითი ჩავარდნის“ მიზეზი?

1. ენის ათვისება, რომლის ყველაზე რთული პერიოდი არის 2-დან 5 წლამდე და რასაც თავის ტვინის რესურსის მაქსიმალური გამოყენება სჭირდება. თავის ტვინი კომპიუტერის მსგავსად ახერხებს ერთდროულად რამდენიმე რამის კეთებას, თუმცა რაც უფრო მეტი საქმის კეთება უწევს, მით უფრო ნელა და არაეფექტურად ასრულებს მას. ენაბორძკის მაქსიმალური სიხშირე მაშინ ვლინდება, როცა სამეტყველო ენის „აფეთქებადი“ განვითარება ხდება, მაგრამ მეტყველების მოტორული აპარატი ჯერ კიდევ მოუმწიფებელია. გარკვეული ენობრივი სირთულეების წარმოქმნა შესაძლებელია ენაბორძიკის დაწყების მიზეზიც გახდეს. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მარტივი და ნაკლებად რთული წინადადებების გამოყენება.

2. ემოციური ფაქტორები: ისეთი ემოციები როგორიც არის ფრუსტრაცია, იმედგაცრუება, შიში და ბრაზი, დიდ როლს თამაშობს მდგომარეობის გაუმჯობესებასა ან გაუარესებაში. ენაბორძიკის მქონე ადამიანებს ახასიათებთ არა მხოლოდ ნერვიულობა, არამედ გაღიზიანება და ღელვა მომავალში მოსახდენ მოვლენებზე. გაღიაზიანებამ და სირცხვილის გრძნობამ, შესაძლოა ხელი შეუწყოს ენაბორძიკის შენარჩუნებას და გაუარესებას.

3. ბავშვის ტემპერამენტი: რაც მემკვიდრეობითია. სენსიტიური ტემპერამენტის მქონე ადამიანები განსხვავებულად რეაგირებენ ახალ სიტუაციებსა და ადამიანებზე, ეწყებათ კუნთების დაძაბვა და ფიზიოლოგიური სტრესის ნიშნები. როგორც კვლევები ადასტურებს, ენაბორძიკის მქონე ადამიანების უმეტესობას სენსიტიური ტემპერამენტი აქვს.

4. გარემოს ფაქტორები: თუ ბავშვს ენაბორძკის მიმართ გენეტიკური წინასწარგანწყობა აქვს, შესაძლებელია გარემოს ისეთმა ცვლილებებმა, როგორიც არის საცხოვრებლის შეცვლა, ავად გახდომა, დედის ორსულობა, დედმამიშვილის დაბადება ან სხვა ცხოვრებისეულმა მოვლენამ, ენაბორძიკის აღმოცენება გამოიწვიოს.

5. მნიშვნელოვანია მშობლის როლიც: კვლევებით დასტურდება, რომ ენაბორძიკის მქონე ბავშვების მშობლებს აქვთ მნიშვნელოვნად მაღალი სტანდარტი და მოლოდინი, ბავშვის მეტყველებასთან დაკავშირებით. ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში ნორმის ფარგლებში მიმდინარე მოუქნელ მეტყველებას მშობლები შეცდომით ენაბორძკად აღიქვამენ.

6. შესაძლებლობისა და მოთხოვნების თეორიის მიხედვით ენაბორძიკი და მოუქნელი მეტყველება თავს იჩენს მაშინ, როცა ბავშვის უნარი არ არის მეტყველების მოთხოვნის შესაბამისი. მეტყველების აქტის მიმართ მოთხოვნა წამოყენებულია ბავშვის, გარემოს ან ორივეს მხრიდან ერთად. შესაბამისად ბავშვი შეიძლება საუბრობდეს სრულიად მოქნილად გარემოში, სადაც მოთხოვნები ადეკვატურია, ხოლო მაღალი სტანდარტის მოთხოვნის გარემოში (მაგ: ხალხმრავლობა, სტუმრიანობა ოჯახში), გამოვლინდეს ენაბორძიკი. ამ მიდგომის გათვალისწინებით ჩარევა უნდა დაიწყოს ბავშვის შესაძლებლობებისა და გარემოს მოთხოვნების ფრთხილი გამოკვლევით.

7. დასწავლის ფაქტორები: მნიშვნელოვან როლს თამაშობს მკურნალობისა და ენაბორძიკის შენარჩუნების პროცესში. ამ უნარის გამოყენებით შესაძლებელია რთული ფორმის ენაბორძიკი გარდაიქმნას შედარებით ნაკლებად რთულ და მისაღებ ენაბორძიკად ან პირიქით. მაგალითად, მსუბუქი ფორმის ენაბორძიკის მქონე ბავშვს დროთა განმავლობაში მსმენლის მხრიდან გაღიზიანებისა და უარყოფითი ემოციის მიღების ფონზე შეიძლება განუვითარდეს რთული ფორმის ენაბორძიკი.
ენაბორძიკის შესამცირებლად ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა დესენსიტიზაციის გამოყენება, რაც გულისხმობს ემოციური პასუხების შემცირებას. მაგალითად, როცა ბავშვი საუბრობს ენაბორძიკით, ყოველგვარი ემოციური რეაქციების გარეშე ვუსმენთ მას, რათა დამშვიდდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ენაბორძიკს შეიძლება ჰქონდეს ნევროლოგიური საფუძვლები ან უკავშირდებოდეს სხვა ფაქტორებს, არ არის მნიშვნელოვანი ვეძიოთ გამომწვევი მიზეზი.

მთავარია კარგად გვესმოდეს, რომ ენაბორძიკის დაძლევისთვის საჭიროა მოთმინება, სპეციალისტის ჩარევა, ხელშემწყობი გარემოს შექმნა, მარტივი ენა და მეტყველების ნელი ტემპი.

მასალა მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ენისა და მეტყველების თერაპევტმა ნატალია ჯამასპიშვილმა.