რა არის ჰიპერსალივაცია ანუ ჭარბი ნერწყვდენა?

პირის ღრუში სანერწყვე ჯირკვლებიდან ნერწვის გამოყოფა აუცილებელი ფიზიოლოგიური პროცესია, რადგან ნერწყვი:

  • ერევა საკვებს და აქცევს მას რბილ მასად, რაც აადვილებს ღეჭვის და ყლაპვის პროცესებს;
  • ატენიანებს ენას და ტუჩებს მეტყველების პროცესში;
  • წმენდს ენას და ღრძილებს და ხელს უწყობს პირის ღრუს ჰიგიენას;
  • არეგულირებს საყლაპავის მჟავიანობას;
  • ანადგურებს მიკრო ორგანიზმებს და
  • ხელს უწყობს გემოს შეგრძნებას.

 

ჰიპერსალივაცია, იგივე ჭარბი ნერწყვდენა აღიზიანებს კანს და მოითხოვს სამოსის ხშირ ცვლას, ამიტომაც ის ბავშვისა და მშობლისთვის სოციალურ სირთულეს წარმოადგენს.

 

რატომ აქვთ ბავშვებს ჭარბი ნერწყვდენა?

 

ჭარბი ნერწყვდენა ბუნებრივი პროცესია სიცოცხლის პირველი 18 თვის განმავლობაში, სანამ ბავშვის ორალურ-მოტორული ფუნქციები კარგად განვითარდება. უფრო დიდ ასაკში ჭარბი ნერწყვდენა ძირითადად ნევროლოგიური ან ორალურ-მოტორული  სირთულეების დროს გვხდება.

 

რის შედეგად ვითარდება ჰიპერსალივაცია მოგვიანებით ასაკში?

 

ჰიპერსალივაცია არა ნერწყვის ჭარბი გამომუშავების, არამედ  ნერწყვის გამოყოფის არაეფექტური კონტროლის შედეგია, რაც შესაძლებელია გამოწვეული იყოს შემდეგი მიზეზით:

 

  • ნერწვის გადმოსვლის მგრძნობელობის დაქვეითებით;
  • ღია თანკბილვის შედეგად ტუჩების არასწორი დახურვით;
  • პირის ღრუს და ყელის არეში დაქვეითებული მგრძნობელობით;
  • ენისა და ტუჩების არასწორი მოძრაობებით და კუნთების მოდუნებული ტონუსით;
  • ყლაპვის სირთულეებით ან არასაკმარისი რაოდენობით;
  • ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების კომბინაციით.

 

როგორ ვმართოთ ეს პროცესი?

 

პროცესის მართვა დამოკიდებულია ნერწვდენის სიხშირეზე,  სირთულესა და გამომწვევ მიზეზზე. სპეციალსიტთა გუნდი (მეტყველების თერაპევტი, ორთოდონტი, პედიატრი) აუცილებლად იკვლევს ბავშვის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას, პირის ღრუს, კვების ისტორიას და შესაბამისად ნიშნავს თერაპიას, რაც ყველა შემთხვევაში განსხვავებულია.

 

ენისა და მეტყველების თერაპევტი ანკა შამათავა