რა არის ფიზიკური თერაპია?

რა არის ფიზიკური თერაპია?

ფიზიკური თერაპია არის მკურნალობის მეთოდი, რომელიც გამოიყენება ფიზიკური ფუნქციების აღსადგენად ან გასაუმჯობესებლად.

საწყის ეტაპზე ხდება მოტორული ფუნქციების (კორდინაციის, ძალის, მოქნილობის და სხვა უნარების) შეფასება. თერაპია კი მოიცავს ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებულ ვარჯიშებსა და სხვადასხვა მოწყობილობების გამოყენებას

 

რა მოტორული პრობლემები აქვთ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს?

მშობლები ხშირად მოგვმართავენ ჩივილით, რომ ბავშვი მოუქნელია, უჭირს ერთი შეხედვით მარტივი მოძრაობების შესრულება, ვერ ყვება თანატოლებს ფიზიკურ აქტივობებში, უძნელდება კიბეზე ასვლა,  უჭირს ფეხბურთში ან სხვა სპორტულ თამაშებში მონაწილეობა, სირბილი ან ვერ ატარებს ველოსიპედს და სხვა. ხშირია ორთოპედიული პრობლემებიც, ასევე – ჭარბი წონა.

 

რას ვურჩევთ მშობლებს?

აუცილებელი არის მშობლის ჩართულობა. ეცადეთ თავისუფალი დრო დაუთმოთ ფიზიკურ აქტივობებს: სეირნობას, თამაშს, რომელიც მნიშვნელოვანია ბავშვის არა მარტო ფიზიკური განვითარებისთვის, ასევე სოციალური და გონებრივი უნარების გაუმჯობესებისთვის. ეს არის საუკეთესო საშუალება ბავშვთან პოზიტიური ურთიერთობისთვის და ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებისთვის როგორც ბავშვისთვის, ასევე თქვენთვის.

ხშირ შემთხვევაშიარ არის საჭირო სპეციალური გარემოს შექმნა. ბუნებრივ გარემოშიც შესაძლებელია საკმაოდ კარგი აქტივობების განხორციელება. მაგალითად, ქუჩაში სიარულისას სთხოვეთ ბავშვს და თქვენც გაიარეთ საფეხმავლო ბილიკის კიდეზე, თავიდან შესაძლებელია დაჭირდეს დახმარება, ჩვენება ან ხელით წაშველება. აუცილებლად წაახალისეთ პირველი წარმატება. შესაძლებელია ითამაშოთ დაჭრობანა. ჩართეთ თამაშში სხვა ოჯახის წევრებიც, და-ძმა ან თანატოლები.

დღის განმავლობაში თუ ხშირად გიწევთ კიბეზე ასვლა ან ცხოვრობთ  სახლში მე-3-4 სართულზე, აუცილებლად გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლოდ ავიდეს კიბეებზე, განივითაროს ქვემო კიდურების და ზურგის კუნთები. მოაწყვეთ სახლში გაბმულ თოკზე გადახტომაში შეჯიბრი, ან  მიბაძეთ კონკრეტულ ცხოველს სიარულში, სირბილში, ხტუნვაში, კოტრიალშიც.

იყავით შემოქმედებითი, შეეცადეთ მოიგონოთ საინტერესო და სახალისო თამაშები როგორც ბავშვისთვის, ასევე თქვენთვის.