რა არის მოტორული სტერეოტიპები და რით შეგვიძლია დავეხმაროთ ბავშვს, რომელსაც მოტორული სტერეოტიპები აქვს?

მოტორული სტერეოტიპები არის განმეორებადი, კოორდინირებული მოძრაობები, რომლებიც ერთი შეხედვით უმიზნოა. ის შეიძლება დაეწყოს როგორც ტიპური განვითარების, ასევე სხვადასხვა პრობლემის მქონე ბავშვს ადრეულ, 3 წლამდე ასაკში.
მოტორული სტერეოტიპების გამოვლენის ფორმებია: რწევა, ხტუნვა, სირბილი, ფეხის წვერებზე სიარული, ტრიალი და სხვა.
ზუსტ გამომწვევ მიზეზებს მეცნიერები ჯერაც იკვლევენ. ის შეიძლება იყოს თავის ტვინის დაზიანება, ინფექცია, ზოგიერთი ნივთიერების ზემოქმედება. უკანასკნელი კვლევებით 25%-ს აქვს ოჯახური ისტორია.
მოტორული სტერეოტიპები მხოლოდ მაშინ ითვლება პრობლემად, როცა ის დაწყებიდან 1 თვეზე მეტი დროის განმავლობაში გრძელდება, ხელს უშლის ჩვეულებრივ აქტივობებს ან თვითდამაზიანებელია.
მოტორული სტერეოტიპების გამოვლენის მიზეზებია:
• სენსორული სტიმულაციის მცდელობა;
• ან პირიქით, სენსორული სტიმულაციის შემცირების მცდელობა. მაგ: შემაწუხებელი გარემოს გავლენის შემცირება;
• სტრესსა და შფოთვასთან გამკლავება;
• სიამოვნების მიღება.
მოტორული სტერეოტიპები აუტიზმის სპექტრის აშლილობისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ნიშანია და ხშირად სენსორულ სტიმულაციას ემსახურება. თუ ტიპური განვითარების შემთხვევაში სტერეოტიპები დღის განმავლობაში არ გრძელდება 30 წუთი ან მეტი და აქვს დასაწყისი და დასასრული, აუტიზმის შემთხვევაში სტერეოტიპები თვითონ არის საბოლოო მიზანი და შეიძლება საათობით გაგრძელდეს დღის განმავლობაში.
მოტორული სტერეოტიპები იწვევს:
• დასწავლის უნარის და ყურადღების კონცენტრაციის სირთულეს;
• მზერითი კონტაქტის სიმწირეს;
• ცვლილებებს ძვალ-სახსროვან და კუნთოვან სისტემებში.
იმისთვის, რომ შეამციროთ მოტორული სტერეოტიპები, რეკომენდებულია:
• ადრეული ასაკიდანვე დააწესოთ ლიმიტი განმეორებად ქცევებზე;
• გახადოთ გარემო მაქსიმალურად სტრუქტურირებული და პროგნოზირებადი;
• გამოიყენოთ ვიზუალური მხარდაჭერა;
• ასწავლოთ ბავშვს რელაქსაციის ტექნიკები;
• ცვლილებები შეიტანოთ ეტაპობრივად, რადგან სტერეოტიპების ერთბაშად შეცვლა შეიძლება სტრესული აღმოჩნდეს;
• არ შეიძლება მისი პირდაპირ აკრძალვა ან დასჯა. თუკი კონკრეტულად ერთ ქცევას შეამცირებთ, მისი ალტერნატიული ქცევა აუცილებლად გამოიჩენს თავს.
მოტორული სტერეოტიპების შესამცირებლად გამოიყენება: ქცევის მართვის ტექნიკები, ატიპიური მოძრაობების ჩანაცვლება ტიპური აქტივობებით, თვით-მართვა, თამაში, ვიბრო-აკუსტიკური ხმოვანი თერაპია, ჰიდროთერაპია, მანუალური თერაპია, ფიზიკური აქტივობა.
ფიზიკური აქტივობებიდან განსაკუთრებით ეფექტურია წყლის სპორტი, კარატე, ფეხბურთი, ცხენზე ჯირითი, სპორტული თამაშები, ფიზიკური თერაპია.
ფიზიკური თერაპიის სარგებელს ადასტურებს ის ფაქტი, რომ:
 ფიზიკური აქტივობით მიღებულ სტიმულაციას იმის მსგავსი მექანიზმი აქვს, რაც სტერეოტიპულ მოძრაობას;
 მოტორული სტერეოტიპები ჩანაცვლდება სხვა მოტორული აქტივობებით;
 ფიზიკური თერაპია ხელს უშლის ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენას, როგორიცაა მაგალითად მყესების დამოკლება;
 ფიზიკური თერაპია აუმჯობესებს ზოგად ფიზიკურ მდგომარეობას.
მოტორული სტერეოტიპების შესამცირებლად თითოეულ ბავშვთან საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა. ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ ფაქტორებს:
 ემოციურ მდგომარეობას – მაგ.: სტრესის და დაძაბულობის დროს სტერეოტიპული მოძრაობების გამოვლენის სიხშირე იზრდება;
 ძილს – კვლევის თანახმად, ძილის მოწესრიგება ამცირებს მოტორული სტერეოტიპების გამოვლენის ალბათობას აუტისტური სპექტრის ბავშვებში.
გაითვალისწინეთ, რომ სტერეოტიპული მოძრაობების ადრეული იდენტიფიცირება და მართვა მნიშვნელოვნად ამცირებს მის სიხშირეს და თანმხლებ გართულებებს.
გისურვებთ ჯანმრთელობას და მშვიდობას!
მასალა მოგიმზადათ ჩვენი ცენტრის ფიზიკურმა თერაპევტმა ირინე ჩუნთიშვილმა.