რა არის ენაბორძიკი?

ენაბორძიკი მეტყველების დინების ყველაზე ხშირი დარღვევაა. ენაბორძიკის ყველაზე ხშირი დამახასიათებელი გამეორებებია. ამ დროს მეტყველება თავისი ჩვეული დინებით არ მიედინება. თუმცა არ არსებობს სრულად გამართული მეტყველება. ყველა ადამიანს ახასიათებს მეტყვებაში გამეორებაც, წყვეტაც, პაუზებიც. ხშირად ვიყენებთ მაგალითად საუბარში:

ყოყმანსა და პაუზას;

შორისდებულებს, მაგ.: “ჰმ”

შეცვლას – “მინდა -მჭირდება“

ფრაზის გამეორებას: მაგ. მეც მინდა, მეც მინდა

ხშირად, ემოციურ მომენტებში ან უცხო ენაზე საუბრისას ყველას ახასიათებს მეტყველების დინების შეფერხება. როგორ გავარჩიოთ ჩვეულებრივი გაუმართავი მეტყველება ენაბორძიკისგან? ენაბორძიკის დროს ასეთი წყვეტა და გამეორებები ძალიან ხშირია და ადამიანს ხელს უშლის ხშირად ყოველდღიურ კომუნიკაციაში.

რა არის ენაბორძიკის სიმპტომები?

ბგერის გამეორება – ბბბბ

მარცვლის გამეორება – ბაბა-ბავშვი

სიტყვის გამეორება – მე მე მინდა

ბგერის გაწელვა – ლლლამაზი

ბლოკი – ლ——ამაზი

უხმო ბლოკი – როდესაც არტიკულაციისთვის მზადაა მაგრამ ბგერა არ ისმის.

ხშირად ენაბორძიკს თან ახლავს ე.წ მეორადი ქცევა:

  • ხელის მოძრაობა
  • თავის გადაქნევა
  • ფეხის ბაკუნი
  • თვალების ხამხამი
  • მიმიკური ცვლილებები
  • კუნთების დაჭიმულობა
  • სიტყვების შეცვლა სადაც ის ბგერაა, რომლზეც ხშირია ენის ბორძიკი
  • სოციალური სიტუაციების თავიდან არიდება

რაც იმითაა გამოწვეული, რომ მოსაუბრე თავს არიდებს ენისბორძიკს.

რა იწვევს ენაბორძიკს?

ძალიან ხშირი შეკითხვა, რომელზეც ზუსტი პასუხი დღეს არ არსებობს. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს რამოდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორისაა ოჯახური ისტორია, გენეტიკური განწყობა, ბავშვის განვითარება, ასევე ნეიროფიზიოლოგია ანუ თავის ტვინის თავისებურებები.

როდის იწყება ენაბორძიკი ?

ენაბორძიკი ძირითადად 3-დან 6 წლამდე პერიოდში ვლინდება, ძალიან იშვიათი შემთხვევაა 12 წლის შემდეგ. ამ შემთხვევბიდან ძალიან ბევრი თავისით სწორდება დაწყებიდან 15 თვეში. ამიტომ სასურველია დაველოდოთ.

დადგენილი ფაქტები ენაბორძიკის შესახებ

  • ბიჭებში უფრო ხშირია ვიდრე გოგონებში
  • დაახლოებით ბავშვების 5% გადის ამ ეტაპს თავის განვითარებაში, და გვიან ბავშვობაში ენაბორძიკი ქრება
  • ენაბორძიკი არ არის დამოკიდებული ბავშვის ფსიქოლოგიურ თავისებურებებზე – სიმორცხვეზე, მშიშრობაზე, მელანქოლიურობაზე
  • ენაბორძიკს არ იწვევს შიში
  • მორჩენა არ ხდება, ის ექვემდებარება თერაპიას
  • ბავშვები (ზრდასრულები), რომლებსაც ენაბორძიკი აქვთ არ განსხვავდებიან ინტელექტის მაჩვენებლით
  • ენაბორძიკის გამოვლენა დამოკიდებულია პარტნიორსა და სიტუაციაზე
  • ენაბორძიკს ახასიათებს პერიოდები, ის ზოგჯერ გამწვავებულია, ზოგჯერ ნაკლებად იჩენს თავს.

რა უნდა ვურჩიოთ მშობლებს ?

ხშირად ადრეულ ასაკში ბავშვები ენის განვითარების გამო გაუმართავად მეტყველებენ, მათ საუბარში ხშირია გამეორებები, გაწელვები, მაგრამ ეს ნორმალური განვითარების პროცესია. ხშირად ჩვენ მეტს ვთხოვთ, ვიდრე მათ ამის წარმოთქმა შეუძლიათ, ამიტომ ასეთ ასაკში ნუ გავამახვილებთ ამაზე ყურადღებას, რომ ბავშვებს ავარიდოთ სტრესი.

არ შეუსწოროთ ნათქვამი. არ უთხრათ “ილაპარაკე ნელა“. ხშირად ძნელია იმის აღქმა თუ რა არის ნელა საუბარი და რამდენად ნელა უნდა ვილაპარაკოთ. დაელოდეთ მათ, არ დაასრულოთ დაწყებული ფრაზა. თვენ ესაუბრეთ შედარებით ნელა. არ წავართვათ დიალოგში ჯერი. კონცენტრირება იმაზე მოახდინეთ თუ რას ამბობს ბავშვი, და არა როგორ ამბობს.

როგორია ბავშვებთან თერაპია?

ბავშვებთან ძირითადად მეტაფორების საშუალებით ხდება იმის გაცნობიერება, თუ რა არის მეტყველება, ნელი მეტყველება, ხდება ასევე ენის განვითარება, მისი საუბრის ყოველდღირ სიტუაციებში მორგება. ასევე, მთავარია მშობლების ჩართულობა.

თერაპია განსხვავებულია ზრდასრულებთან

ზრდასრულებთან ძირითადად მუშაობა სამი მიმართულებით მიმდინარეობს. ესაა ემოციები (გრძნობები,შიში, დამოკიდებულებები, ემოციების განხილვა), ქცევები (ისეთი მოქმედებები, როგორიცაა თავის არიდება ან დაჭიმულობა) და კოგნიტური (ფიქრები, თვით დაკვირვება, თვითშეფასება), რაზეც ხდება მუშაობა.