რა არის ემოციური ინტელექტი (Emotional Intelligence – EI)?

ბოლო წლების მანძილზე, ემოციური ინტელექტი (EI) სამეცნიერო კვლევის ინტერესის საგანი გახდა. ითვლება, რომ  პროფესიული და პირადი წარმატების მიღწევისათვის ემოციურ ინტელექტს დიდი მნიშვნელობა აქვს.

ჩვეულებრივ სიტყვა „ინტელექტი“ კოგნიციასთან და აზროვნების პროცესთან ასოცირდებოდა. ტერმინი “ემოციური ინტელექტი” კი გულისხმობს, რომ ყველა ადამიანი სხვადასხვა ემოციის შემცველ ინფორმაციას იღებს, ამუშავებს და განსხვავებული სახით იყენებს.

მიუხედავად საკითხის აქტუალურობისა, დღემდე სადავოა, რა მოიაზრება ემოციური ინტელექტის ცნების მიღმა. არსებობს  3 განსხვავებული მოსაზრება:

მაიერისა და სალოვეის თეორიული მოდელის თანახმად ემოციური ინტელექტი არის პიროვნების ზოგადი ინტელექტის, IQ-ს ნაწილი. ემოცია გავლენას ახდენს აზროვნებაზე და აადვილებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

  1. „ემოციური ინტელექტი არის საკუთარი და სხვა ადამიანის ემოციებსა და გრძნობებზე დაკვირვების, ემოციების შემჩნევის, დისკრიმინაციის და ამ ინფორმაციის აზროვნებისა და ქცევის მართვის მიზნით გამოყენების უნარი“ (Mayer & Salovey., 1997).
  2.  დანიელ გოლემანის თეორიის მიხედვით ემოციური ინტელექტი არის დასწავლილი, შეძენილი უნარი, რომელიც ცხოვრების მანძილზე გამოცდილებასთან ერთად ყალიბდება. გოლემანი თვლის, რომ  ემოციური და ზოგადი ინტელექტი თანაბრად მნიშვნელოვანია პიროვნების ფორმირებისათვის, თუმცა მათ შორის კორელაცია (თანხვედრა) არ არის.
  3. მკვლევარების ნაწილი ემოციურ ინტელექტს მოიაზრებს, როგორც არაკოგნიტურ უნარს, რომელიც ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებისეულ საკითხებთან გამკლავებაში ეხმარება. ეს არის ინდივიდის მიერ საკუთარი უნარების თვითაღქმა. ამ მოდელის თანახმად ემოციური ინტელექტი ინდივიდის პიროვნული ნიშანია.

თეორიული მიდგომების განსხავება ადასტურებს საკითხის აქტუალობას. გავრცელებული მოსაზრების თანახმად ემოციური ინტელექტის შემადგენელი კომპონენტებია:

 

  1. თვითცნობიერება – საკუთარი ემოციების ამოცნობისა და ერთმანეთისგან გარჩევის უნარი;
  2. თვითრეგულაცია – საკუთარ ემოციებთან გამკლავება და სიტუაციის შესაბამისად მართვა;
  3. მოტივაცია – ემოციების წარმართვა მიზნის მისაღწევად;
  4. ემპათია – ვერბალური და არავერბალური მინიშნებების ამოცნობით სხვისი ემოციების გაგების და გაზიარების უნარი;
  5. სოციალური უნარები – წარმატებული ინტერაქციისა და კონფლიქტების გადაჭრისა უნარი.

ემოციური ინტელექტის შესწავლას აუტიზმის დროსაც განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება. 2014 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით აუტიზმის მქონე პირებს აღმოაჩნდათ მნიშვნელოვნად დაბალი ემოციური ინტელექტის კოეფიციენტი, ვიდრე  ტიპური განვითარების ინდივიდებს. ამავდროულად აღმოჩნდა, რომ კოგნიტური ინტელექტი და  ემოციური ინტელექტი ერთმანეთთან კორელაციაში არ იყო (Danielle I, et al. 2014).

ზემოთ მოცემული ინფორმაცია მიგვანიშნებს, რომ ემოციური ინტელექტი ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხია, როგორც პრაქტიკული მუშაობისათვის, ასევე კვლევისათვის.

ამ ეტაპზე შემოვიფარგლეთ მხოლოდ ზოგადი განმარტებით. თემის აქტუალურობიდან გამომდინარე შემდეგში მოგაწვდით პრაქტიკულ რჩევებს, რაც დაგეხმარებათ თქვენი ბავშვის ემოციური ინტელექტის განვითარებაში.

 

მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ფსიქოლოგმა გვანცა ჩვამანიამ.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. Howard Gardner, 1983;
  2. Goleman, 1995 Emotional Intelligence: Why It Can Matter More Than IQ
  3. D. Mayer & P. Salovey, 1997 Emotional Intelligence;
  4. Danielle I. et al., Cognitive and emotional intelligence in young adults with Autism Spectrum Disorder without an accompanying intellectual or language disorder. 2014