რა არის აღმასრულებელი ფუნქცია და როგორ დავეხმართ ბავშვს აღმასრულებელი ფუნქციის განვითარებაში?

ჩვენ არ ვიბადებით ისეთი უნარებით, როგორიცაა ემოციების კონტროლი, საქმიანობის დაგეგმვა და ყურადღების კონცენტრაცია. ჩვენ ვიბადებით სხვადასხვა უნარის განვითარების პოტენციალით. განვითარება კი დამოკიდებულია ჩვენს გამოცდილებაზე ჩვილობის, ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში. გენეტიკა რა თქმა უნდა გვაძლევს წინასწარგანწყობას, მაგრამ მთავარ კვალს ტოვებს გარემო, რომელშიც ჩვენ ვიზრდებით და ვვითარდებით.

?ყურადღების კონცენტრაციის შენარჩუნება, ინფორმაციის შენახვა და მისი გამოყენება საჭიროებისამებრ, ,,გადართვა’’ ერთი პროცესიდან/აქტივობიდან მეორეზე ჰგავს გადატვირთულ აეროპორტში საჰაერო მოძრაობის სისტემის მართვას ისე, რომ ყველა ჩამომსვლელმა და წამსვლელმა თვითმფრინავმა შეუფერხებლად იფრინოს. ჩვენს ტვინში „საჰაერო მოძრაობის მართვის“ ამ მექანიზმს აღამასრულებელი ფუნქცია ეწოდება.

?აღმასრულებელი ფუნქცია პასუხისმგებელია ისეთ უნარებზე, როგორიცაა: ინფორმაციის მიღება/გადამუშავება და საჭირო ინფორმაციის შენახვა/გამოყენება; აქტივობის საჭიროებისამებრ დაგეგმვა, იმედგაცრუებისა და სხვა ემოციების განცდის შემთხვევაში ემოციური თვითკონტროლი.

?ამ უნარების გამომუშავებას საფუძველი ადრეული ბავშვობიდან ეყრება. თუ ბავშვს აქვს აღმასრულებელი დისფუნქცია, მას სირთულეები ექმნება ისეთ ყოველდღიურ რუტინაში, როგორიცაა: სწავლა, მეგობრების შეძენა/შენარჩუნება, კრიზისულ სიტუაციებთან გამკლავება, ემოციების კონტროლი, საკუთარი სივრცის/ნივთების მოვლა და დალაგება და სხვა.

?კვლევების თანახმად, აღმასრულებელი ფუნქციის ჩამოყალიბება დაახლოებით ერთი წლის ასაკიდან იწყება და გრძელდება მთელი ცხოვრების განმავლობაში.

?ორი ყველაზე ხშირი მითი აღმასრულებელი დისფუნქციის შესახებ

მითი 1
პატარა ბავშვებს, რომლებსაც უჭირთ ემოციების კონტროლი, მარტივად ეფანტებათ ყურადღება, უჭირთ მიყვნენ ინსტრუქციებს და რეზისტენტულები არიან ცვლილებების მიმართ, უნდა დავაცადოთ, გაიზრდებიან, ,,დაჭკვიანდებიან’’ და ამ უნარებს შეიძენენ.
რეალობა
როდესაც, ბავშვს აღმასრულებელი ფუნქციის სირთულეები აქვს, ეს უნარები დახმარების და მუშაობის გარეშე, ასაკის მატებასთან ერთად არ გაუმჯობესდება. პროგრესისთვის აუცილებელია იმ სირთულეებზე აქტიურად მუშაობა, რომელიც ბავშვს აქვს.

მითი 2
ბავშვი, რომლის ქცევაც ხშირად პრობლემურია, აწყობს ტანტრუმს, უჭირს ემოციების კონტროლი და დაწყებული აქტივობის ბოლომდე მიყვანა, არის ,,ცუდი’’ ბავშვი და განზრახ არ იქცევა ისე, როგორც მისგან ითხოვენ.
რეალობა
პრობლემური ქცევის ფუნქცია შეიძლება სხვადასხვა იყოს. ეს შეიძლება იყოს ყურადღების მიღება ან არასასურველისგან თავის არიდება, ან საერთოდაც შესაძლებელია ამის გამომწვევი მიზეზი აღმასრულებელი დისფუნქცია იყოს და ამაში ბავშვი ,,დამნაშავე’’ სულაც არ არის.

?როგორია აღმასრულებელი ფუნქციის განვითარება ასაკის მიხედვით?

0-12 თვე

• იჩენს თამაშის ინიციატივას
• როდესაც მოწყენილია, ცდილობს აღმზრდელის ყურადღების მიპყრობას (ემოციური რეგულაცია)
• იცის რომ საგანი არსებობს მაშინაც, როცა მას ვერ ხედავდეს (მუშა მეხსიერება)
• ეძებს დამალულ სათამაშოს (პრობლემის გადაჭრა)

1-3 წელი
• მიცოცავს კიბეზე იმისთვის, რომ შემდეგ ქვემოთ ჩამოსრიალდეს (პრობლემის გადაჭრა)
• კუბიკებით აშენებს სასახლეს (მოქნილი აზროვნება)
• თამაშობს მეგობრებთან ერთად ან მათ სიახლოვეს (ემოციური რეგულაცია, ორგანიზების უნარი)
• მიყვება ინსტრუქციას,რომ ჩაიცვას დამოუკიდებლად (დაგეგმვა, მოქნილი აზროვნება, თავდაჯერებულობა)

4-5 წელი
• თამაშობს წარმოსახვით თამაშებს
• ირჩევს ტანსაცმელს, რომელიც უნდა რომ ჩაიცვას
• თამაშობს სხვებთან ერთად
• აწყობს შედარებით რთულ კონსტრუქციებს (ლეგოებს, პაზლებს და ა.შ)

6-12 წელი
• ასრულებს სკოლის დავალებას
• თამაშობს სპორტულ გუნდში
• თამაშობს სამაგიდო თამაშებს
• წასაღებად ამზადებს საკუთარ საკვებს

12+
• ამზადებს საკვებს
• დამოუკიდებლად ასრულებს სხვადასხვა საგნის დავალებებს

?როგორ წავახალისოთ აღმასრულებელი ფუნქციის უნარების განვითარება?

?მშობელს აღმასრულებელი ფუნქციის უნარებზე მუშაობა ერთი შეხედვით შეიძლება ძალიან რთულ და გადამღლელ საქმედ მოეჩვენოს, მაგრამ ეს ასე სულაც არ არის.

?მაგალითად: ჯერ კიდევ 1 წლამდე ასაკში, როცა ბავშვი კალთაში გიზით, „ჭიტას“ თამაში, ასევე, „ბოლია-ბოლია“ ავითარებს ბავშვის მუშა მეხსიერებას. 1 წლის შემდეგ კარგია ეთამაშოთ დამალული სათამაშოს პოვნაზე, მიბაძოთ ცხოველებს და ამოიცნოთ ცხოველი. 2 წლის შემდეგ – „დამალობანას“ და „დაჭერობანას“ თამაში ხელს უწყობს ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა პრობლემის გადაჭრა და ყურადღების კონცენტრაცია.

?ბავშვთან მუდივად გაახმოვანეთ საგნები, ასევე დაასახელეთ მოქმედებები.

?მას შემდეგ, რაც უკვე იოლად დარბის, ბავშვებს განსაკუთრებით მოსწონთ ფიზიკური აქტივობა. ითამაშეთ აქტიური თამაშები, მაგალითად სირბილი ფინიშამდე ან ბურთის კარში გატანა. თვითკონტროლის უნარის გაუმჯობესებისთვის კარგია „გაშეშობანა“. სიმღერისა და ცეკვის, ასევე, ხელების მოძრაობის შეთანხმებული გამოყენება ავითარებს ყურადღებას, მუშა მეხსიერებას და შეკავების უნარს. ესაუბრეთ საკუთარ და სხვის ემოციებზე და შეგრძნებებზე. მოუყევით სხვადასხვა ისტორიები. ეს მას დაეხმარება ემოციური რეგულაციის განვითარებაში.

?წარმოსახვითი თამაშები ავითარებს ბავშვის თვითრეგულაციას და ფანტაზიას. ითამაშეთ ,,სახლობანა’’, ,,დიასახლისობანა’’, ,,მზარეულობანა’’, ,,ექიმობანა’’ და მსგავსი როლური თამაშები. წაუკითხეთ წიგნი და შემდეგ განასახიერეთ ეპიზოდი ერთად.

?ასწავლეთ ისეთი თამაშები, რომელსაც გარკვეული წესების დაცვა სჭირდება. მაგალითად ,,შაში’’ ან სხვა სამაგიდო თამაშები. ეს ასწავლის მოცდას, რიგის და წესების დაცვას. ასაკის მატებასთან ერთად ასწავლეთ უფრო რთული სამაგიდო თამაშები.

?მოუყევით რაიმე ისტორია და სთხოვეთ გააგრძელოს. ეს განუვითარებს ფანტაზიას, გაუუმჯობესებს ყურადღებას, თვით-კონტროლს და მუშა მეხსიერებას.

?ააწყვეთ ერთად ფაზლი. ისაუბრეთ აწყობისას იმაზე, თუ რა ნაწილი, რა ფერის და რა ფორმისაა მოსაძებნი. ეს თამაში აუმჯობესებს ვიზუალურ მეხსირებას და დაგეგმვის უნარს, ასევე ხელს უწყობს ნატიფი მოტორიკის განვითარებას.

?ასაკის მატებასთან ერთად ითამაშეთ ისეთი თამაშები, რასაც სჭირდება დროის მენეჯმენტი, სწრაფი რეაქცია და მონიტორინგი, მაგალითად ,,ფეინთბოლი’’.

?მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლება აუმჯობესებს შერჩევით ყურადღებას და თვით-კონტროლს.

?ასევე კარგია ისეთი სპორტული აქტივობები, როგორიცაა კალათბურთი, ცურვა, ფეხბურთი. რაც ხელს უწყობს, მოტორულ განვითარებას, დაგეგმვის და კოორდინაციის, თანამშრომლობისა და სოციალური ურთიერთობის უნარების უნარის გაუმჯობესებას.

?შეეცადეთ ბავშვთან თამაში იყოს ორივესთვის სასიამოვნო და გასართობი ❤

წარმატებებს გისურვებთ!

?მასალა თქვენთვის მოამზადა ჩვენი ცენტრის ქცევითმა თერაპევტმა ქეთი ჟღენტმა.