რას უწოდებენ ტოქსიკურ სტრესს და როგორ დავეხმაროთ ბავშვს სტრესთან გამკლავებაში?

თანამედროვე სამყაროში სტრესი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. გენეტიკურად ჩვენს ორგანიზმში კოდირებულია საპასუხო რეაქცია სტრესზე, რაც ადაპტაციური მექანიზმების ჩართვით ისევე ხდება, როგორც საფრთხის შემცველ სიტუაციაში, ადამიანი მობილიზებული და ბრძოლისუნარიანი ხდება. მიუხედავად ამისა, ქრონიკულ, ხანგრძლივ სტრესს შეუძლია გამოიწვიოს ამ მექანიზმების გამოფიტვა, რაც საბოლოოდ უარყოფითად აისახება პიროვნების როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.
სტრესი – როგორც ადაპტაციური მექანიზმი, პირველად კანადელმა ფიზიოლოგმა და ენდოკრინოლოგმა ჰანს სელიემ შეისწავლა. სტრესი მან უწოდა ორგანიზმის რეაქციას გარემო პირობების იმ ტიპის ცვლილებაზე, რომელთანაც მორგება და შეგუებაა საჭირო. სტრესულ რეაქციაში ერთვება ჰიპოთალამუსი, ჰიპოფიზი და თირკმელზედა ჯირკვლები, სადაც გამომუშავდება სტრესჰორმონები, რაც იწვევს გულისცემის აჩქარებას, არტერიული წნევის მომატებას, სუნთქვის გახშირებას და თავის ტვინისაკენ სისხლის ნაკადი გაძლიერებას.
არსებობს პოზიტიური სტრესი, რომელიც არის საშუალო ხარისხის და ხანმოკლე, და რომელიც იწვევს სტრესის ჰორმონების მსუბუქ მატებას. პოზიტიური სტრესის მიზეზი შეიძლება იყოს ახალი ადამიანის გაცნობა, მოლოდინის გაცრუება, გამოცდა, ვაქცინაცია ან სხვა რაიმე მტკივნეული პროცედურა. პოზიტიური სტრესი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია და განიხილება როგორც ბავშვის ჯანსაღი განვითარების მნიშვნელოვანი და აუცილებელი ასპექტი. სწორედ ასეთ, პოზიტიურ სტრესზე გარშემომყოფების თბილი და მზრუნველი დამოკიდებულებით ბავშვი სწავლობს სტრესულ სიტუაციებთან გამკლავებას.
ასატანი სტრესი – არის შედარებით უფრო მძიმე სტრესი, თუმცა ის დროში ლიმიტირებულია და ტვინს ეძლევა ნორმალური ფუნქციონირების სრულად აღდგენის საშუალება. ასატანი სტრესი შეიძლება გამოწვეული იყოს საყვარელი ადამიანის სიკვდილით ან ავადმყოფობით, მშობლების დაცილებით ან მოულოდნელად მომხდარი ბუნებრივი კატასტროფით. უფროსების მხრიდან მხარდაჭერის გარეშე ასატანი სტრესი შეიძლება გარდაიქმნას ტოქსიკურ სტრესად, რომელიც აზიანებს ბავშვის ჯანმრთელობას და ხელს უშლის მის განვითარებას.
ტოქსიკური სტრესი – არის გახანგრძლივებული ან განმეორებადი სტრესი, რომელსაც არ ახლავს ოჯახის წევრების, მშობლების, ახლობლების მხარდაჭერა და დაცვა. მისი მაგალითია ბავშვის ფიზიკური ან ემოციური დასჯა, ძალადობა ან ჩაგვრა, რომელიც რეგულარულად მეორდება ან ბავშვის მუდმივად უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრება. ტოქსიკური სტრესი გავლენას ახდენს არა მარტო ბავშვის ფსიქო-ემოციურ და ფიზიკურ განვითარებაზე, არამედ იწვევს ზრდასრულობის პერიოდის ისეთი სერიოზული სამედიცინო პრობლემების განვითარებას, როგორც არის ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები.
ტოქსიკური სტრესი შეიძლება გავაიგივოთ მძიმე ტვირთთან, რომლის ტარების შემსუბუქებაც გარშემომყოფებს შეუძლიათ ამ ტვირთის გადანაწილებით. სტრესის შემსუბუქების მთავარი წამალი სიყვარულია. საჭიროა ბავშვისადმი ყურადღების გამოვლენა, ალერსი და მისი აზრის პატივისცემა. ასევე, მეტი დროის გამოყოფა მასთან საუბრისა და თამაშისათვის, ერთად სეირნობისა და რაიმეს შესწავლისათვის და, უბრალოდ, ერთად ყოფნისა და ჩახუტებისათვის.
თუ გიჭირთ თქვენი შვილის „ტვირთის“ გადანაწილება, დახმარებისათვის მიმართეთ ახლობლებსა და მეგობრებს. ის უხილავი ძაფები, რომლებიც ადამიანებს ერთმანეთს აკავშირებს, შესაძლოა გაძლიერდეს რთულ გამოწვევებთან გასამკლავებლად. არც ერთი ადამიანი არ არის ცალკე მდგარი კუნძული, ყველას სჭირდება სხვების დახმარება რთულ დროს. ტოქსიკური სტრესის დაძლევა ადამიანებს ერთობლივად შეგვიძლია.
გისურვებთ წარმატებებს!
მასალა მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ფსიქოლოგმა ეკა ბაძაღუამ.