ჟესტების ენა, როგორც კომუნიკაციის საშუალება

ჟესტების გამოყენება კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ნაწილია. მშობლები ხშირად უსაფუძვლოდ შიშობენ, რომ ჟესტები ხელს შეუშლის სასაუბრო მეტყველების განვითარებას. ასევე, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია  ჟესტების ენა და რამდენად გამოადგება ბავშვს ეს უნარი გარშემომყოფებთან საკომუნიკაციოდ.

 

აღსანიშნავია, რომ ალტერნატიული კომუნიკაცია ხელს არ უშლის სამეტყველო უნარების განვითარებას, პირიქით: კვლევებით დასტურდება, რომ  თუ  ჟესტებით კომუნიკაციას თან ახლავს სიტყვების გახმოვანება – ეს უკეთესად აისახება საბოლოო შედეგზე და უმრავლეს შემთხვევაში ჟესტებთან ერთად სამეტყველო ენის დასწავლაც ხდება.

 

ჟესტებით კომუნიკაცია საუკეთესოა დამწყებთათვის, რომლებიც საერთოდ არ იყნებენ ვოკალურ მეტყველებას საკომუნიკაციოდ. ჟესტი ასწავლის ბავშვს კომუნიკაციის ძალას.

 

თქვენ შეგვიძლიათ ასწავლოთ ბავშვს გამოიყენოს ჟესტები სასურველის მოთხოვნისთვის. მაგალითად, ნაცვლად ტირილისა, ასწავლეთ თქვენს პატარას ჟესტის დახმარებით მოითხოვოს წყალი, როცა მას სწყურია. ასეთი სწავლებით საშუალება გეძლევათ ჩაანაცვლოთ არასაურველი ქცევა (ტირილი) ალტერნატიული, სოციალურად მისაღები ფორმის ქცევით (ჟესტით მოთხოვნით).

 

ჟესტის საშუალებით ბავშვი იძენს გამოცდილებას, რომ კომუნიკაცია საუკეთესო და ყველაზე ეფექტური გზაა სასურველის მიღებისა და არასასურველის თავიდან აცილებისათვის. სწორედ ამიტომ ჟესტებზე მუშაობის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვნად მცირდება პრობლემური და არასასურველი ქცევები ბავშვის ქცევით რეპერტუარში.

 
ერთ-ერთი ყველაზე მცდარი შეხედულებით ითვლება, რომ ბავშვს ჯერ უნდა ჰქონდეს  კარგი იმიტაციური უნარები, სანამ მას ჟესტებით კომუნიკაციის სწავლებაზე გადავიყვანთ. ეს არ არის სწორი. საწყისი ჟესტების დასასწავლად შესაძლებელია ფიზიკური დახმარების გამოყენება. ასეთ შემთხვევაში ჟესტებზე მუშაობის პროცესი იმიტაციის უნარის ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს.

გახსოვდეთ, ჟესტების ენის სწავლების დასაწყებად  არ გჭირდებათ სპეციალური ტრენინგი. საკმარისია იცოდეთ ბავშვზე 5 ჟესტით მეტი, რათა შეძლოთ ჟესტების გამოყენება  სამუშაო პროცესში.

 

გისურვებთ წარმატებას! 🙂

 

მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ქცევითმა თერაპევტმა სალომე ნადარაიამ.