პანიკური აშლილობა

 პანიკური აშლილობა საკმაოდ გავრცელებული ფსიქიკური აშლილობაა და იგი საშუალოდ, მოსახლეობის 3%–ს აღენიშნება. ქალებში მისი გავრცელების სიხშირე 2–ჯერ უფრო მეტია. აშლილობა მეტწილად ახალგაზრდულ ასაკში იწყება, თუმცა ბავშვებთან და უფრო მოწიფულ ასაკშიც შეიძლება იჩინოს თავი.

პანიკური აშლილობა ხასიათდება მოულოდნელი, მიზეზგარეშე აღმოცენებული ძლიერი შიშის, პანიკის შეტევით, რასაც თან ახლავს სხეულებრივი სიმპტომები: გაძლიერებული და აჩქარებული გულისცემა, ხუთვის, სხეულის დაბუჟების ან მგრძნობელობის დაკარგვის განცდა, ჭარბი ოფლიანობა, ჰაერის უკმარისობის, მოხრჩობის შეგრძნება, გულისრევა და დისკომფორტი მუცლის არეში, თავის ტკივილი, თავბრუ, კანკალი, სიცხის ან სიცივის შეგრძნება. ამას ემატება კონტროლის დაკარგვის, გაგიჟების, გონების დაკარგვის ან სიკვდილის ინტენსიური შიში. გარემოს და საკუთარი თავის აღქმა იცვლება, ხდება არარეალური, გაუცხოებული.

ეს შეტევები საშუალოდ 5–20 წუთი გრძელდება და შემდეგ ადამიანი კვლავ ძველ მდგომარეობას უბრუნდება. პანიკური შეტევები სხვადასხვა სიხშირით მეორდება, შეიძლება დღეში რამდენჯერმე აღმოცენდეს ან კვირაში მხოლოდ 1–2-ჯერ განმეორდეს. მიუხედავად ამისა, თანდათან ყალიბდება ე.წ. „შიშის შიში“, როცა ადამიანი მუდმივად პანიკური შეტევის განმეორების მოლოდინშია. ზოგჯერ  პანიკური შეტევების აღმოცენება რომელიმე გარკვეულ ადგილთან ან სიტუაციასთანაა დაკავშირებული, რის გამოც  ხდება ასეთი სიტუაციებისთვის მაქსიმალურად თავის არიდება. ეს კი თავის მხრივ ზღუდავს  ადამიანის თავისუფლების ხარისხს.

პანიკურ აშლილობაზე, როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაზე მაშინ ვლაპარაკობთ, როცა აღნიშნული სხეულებრივი სიმპტომები სხვა რაიმე სომატური დაავადებით არ არის გამოწვეული, როგორიცაა, მაგალითად, ენდოკრინული ან გულ–სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთი დაავადება.

პანიკური აშლილობის გამომწვევი მიზეზები სხვადასხვაა, მათგან ძირითადია ცხოვრების მანძილზე გადატანილი სხვადასხვა მატრავმირებელი მოვლენები  და ბიოქიმიური ცვლილებები ორგანიზმში, როცა გარკვეული ნივთიერებების ჭარბი გამოყოფა ხდება.

სადღეისოდ პანიკური აშლილობის მკურნალობის მეთოდები კარგადაა დამუშავებული და მათი წარმატებით გამოყენება ხდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე სპეციალისტების მიერ. მიუხედავად ამისა, პანიკური აშლილობის მქონე პაციენტები სტიგმის თუ უცოდინრობის გამო იშვითად მიმართავენ შესაბამის სპეციალისტს. დადგენილია, რომ ამ აშლილობის მქონე პაციენტთა 70% ფსიქიატრთან  მისვლამდე 10 ან მეტ სხვადასხვა სპეციალობის ექიმს მიმართავს და მრავალ წელს და ფულს ხარჯავს „საშველის“ უნაყოფო ძებნაში.  შესაბამისი მკურნალობის გარეშე პანიკური აშლილობა მრავალი წლის მანძილზე გრძელდება, თუმცა შეიძლება იცვლებოდეს შეტევების სიხშირე და ინტენსივობა და ზოგჯერ შედარებით ხანგძლივი შეტევისგან თავისუფალი პერიოდიც აღინიშნებოდეს.

სადღეისოდ  პანიკური აშლილობის მკურნალობაში საუკეთესო  შედეგს იძლევა შესაბამისი მედიკამენტური  და ფსიქოთერაპიული მკურნალობის კომბინაცია. რაც უფრო დროულად იქნება შერჩეული შესაბამისი მკურნალობა ექიმი–ფსიქიატრის მიერ, მით უფრო მაღალია სრული გაჯანსაღების შანსი.

 

მასალა მოამზადა ექიმმა-ფსიქიატრმა მარინა კურატაშვილმა.