ომეგა-3-ის ეფექტურობა აუტიზმის კვლევით არ დადასტურდა

ექვსთვიანი კვლევით სიმპტომებისა და მეტყველების გაუმჯობესება აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებში არ დადასტურდა. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები აუცილებელია ტვინის ნორმალური განვითარებისთვის, მაგრამ კვლევების უმეტესობამ აჩვენა, რომ ის არ ამცირებს აუტისტური ქცევის სიმპტომებს და არაუმჯობესებს მეტყველების განვითარებას.
ომეგა-3-ის შემადგენლობაში შედის ორი ცხიმოვანი მჟავა ეიკოზაპენტაენური (EPA) და დიკოზაჰექსაენური (DHA), რომლებიც მნიშვნელოვანია ტვინის განვითარებისა და ფუნქციისთვის. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ფაქტიურად ერთადერთ სრულფასოვან წყაროს თევზი და ზღვის პროდუქტები წარმოადგენენ. ასევე ბევრს წერენ სელის ზეთზე, რომელიც ომეგა-3-ის მდიდარ წყაროდ ითვლება. ორსულობის ბოლო ტრიმესტრსა და სიცოცხლის პირველ ორ წელიწადში ტვინი ძალიან სწრაფად იზრდება. DHA საჭიროა თავის ტვინის სენსორული, რეცეპტული, კოგნიტური და მოტორული სისტემის ნეირონების სწრაფი ზრდის პერიოდში. EPA-ს შეიცავს დედის რძე და დიდ როლს ასრულებს ტვინის და იმუნური სისტემის განვითარებაში. ზოგიერთი კვლევების თანახმად, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებში ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების დონე დაბალია ტიპური განვითარების ბავშვებთან შედარებით, თუმცა ყველა კვლევა ამ მოსაზრებას არ ადასტურებს.
ახალ კვლევაში ჩაერთო 2-დან 5 წლამდე ასაკის აუტიზმის მქონე 38 ბავშვი (28 ბიჭი და 10 გოგონა). 19 ბავშვი (ექსპერიმენტული ჯგუფი) იღებდა 1,5 მგ DHA და EPA-ს თხევად დანამატს, რაც არის მაქსიმალური რეკომენდებული დოზა. იმის გამო, რომ ომეგა 3-მა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის პრობლემები, საწყისი დოზა იყო 0,75 მგ და ზრდიდნენ სრულ დოზამდე ორი კვირის განმავლობაში, თუკი არანაირი უკუჩვენება არ გამოვლინდებოდა.
დანარჩენ 19 ბავშვს (საკონტროლო ჯგუფს) აძლევდნენ ზეითუნის ზეთს, რომელიც ისევე გამოიყურებოდა და იგივე გემო ჰქონდა, რაც ომეგა-3-ს. შედეგებმა არ აჩვენა ომეგა 3-ის უპირატესობა პლაცებო მედიკამენტთან შედარებით. ამავდროულად ექსპერიმენტული ჯგუფის ბავშვებში შეინიშნებოდა ქცევის მცირედი გაუარესება, მოუსვენრობა, აგრესია და ჰიპერაქტიულობა. ამ კვლევის ყველაზე დიდ ნაკლად ჩაითვალა ცდის პირთა სიმცირე.
ომეგა-6 და ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს ადამიანის ორგანიზმი არ შეიცავს და საჭიროა მათი მიღება საკვებიდან ან რაიმე სახის დანამატებით. ომეგა-6 ცხიმოვან მჟავებს შეიცავს ხორცი, კვერცხი, რძის პროდუქტები და მცენარეული ცხიმები. კვლევებმა აჩვენეს, რომ ცხიმოვანი ბალანსის დარღვევა კავშირშია მოზრდილებში ფსიქიკურ აშლილობასთან, მაგრამ ნაკლები კვლევებია ჩატარებული ბავშვებთან მიმართებაში. თავის ტვინისა და ნერვული სისტემის განვითარებისთვის საჭიროა ცხიმოვანი მჟავები და თუკი ნაყოფი ან ბავშვი ვერ იღებს საჭირო დოზას, აუტიზმისა და ნეიროგანვითარებითი დარღვევების რისკი მეტია.
ექსპერტები რეკომენდაციას უწევენ ბავშვებისთვის ისეთი საკვების მიცემას, რომელიც შეიცავს ცხიმოვან მჟავებს. თუკი მშობლის დაჟინებული მოთხოვნაა, რომ ბავშვმა დამატებით მიიღოს პრეპარატი, საჭიროა ამ საკითხზე ექიმთან კონსულტაცია.
გაითვალისწინეთ, რომ ომეგა 3-ის გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს: მუცლის შებერილობა, დიარეა, სპაზმები ან მეტეორიზმი (გაზები). ჰიპერდოზირების შემთხვევაში – სისხლდენა. არ არის დაზუსტებული, თუ რამდენად უსაფრთხოა მისი მიღება ბავშვებისთვის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
დასკვნა: თუ სურვილი გაქვთ, რომ ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს მიიღოთ ეს პრეპარატი ან მისცეთ ის თქვენს ბავშვს, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია წამლის ეფექტურობისა და გვერდითი მოვლენების შესახებ.

 

მოამზადა ქეთი კირცხალიამ.