მოზარდობის ასაკში მარიხუანას მოხმარების გავლენა აკადემიურ მიღწევებზე

აქტუალობის გამო გაგიზიარებთ მტკიცებითი მედიცინის მონაცემებს მარიხუანას მოხმარების გავლენის შესახებ. კვლევებზე დაყრდნობით, მარიხუანას ხშირ მოხმარებას შეუძლია გამოიწვიოს სირთულეები აკადემიურ ფუნქციონირებაში, რადგან ის ზეგავლენას ახდენს ყურადღების, მუშა მეხსიერების, სწავლისა და ინფორმაციის გადამუშავების პროცესებზე (Crean, Crane, & Mason, 2011; Jager, Block, Luijten, & Ramsey, 2010; Solowij et al., 2011). გარდა ამისა, მარიხუანას ხანგრძლივ მოხმარებას შეუძლია გამოიწვიოს ცვლილებები ტვინის სტრუქტურებში (ჰიპოკამპი, პრეფრონტალური კორტექსი, ამიგდალა) (Battistella et al., 2014; Churchwell, Lopez-Larson, & Yurgelun-Todd, 2010; Hall, 2015; Volkow, Baler, Compton, & Weiss, 2014; Yücel et al., 2008); მიუხედავად ამისა, ის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ნარკოტიკული საშუალებაა მოზარდებში, მათ შორის საქართველოშიც.

ESPAD (ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შემსწავლელი ევროპის სკოლების კვლევა)-ის 2015 წლის კვლევის მიხედვით, მარიხუანას ან კანაფს მოიხმარს ქართველ მოზარდთა 11%. მათგან 2%-მა ეს ნივთიერება 13 წლის ან უმცროს ასაკში გასინჯა. 2019 წლის კვლევის ანგარიშის მიხედვით კი – 16 წლის ქართველ მოსწავლეებში, მარიხუანას მოხმარება 14,5 %-ია. მარიხუანას მოხმარების მაჩვენებელი ბიჭებში უფრო მაღალია, ვიდრე გოგონებში (იხ. https://www.ncdc.ge/…).
ზრდასრულებისგან განსხვავებით, მოზარდის ტვინი აქტიური განვითარების ეტაპზეა და განსაკუთრებით მგრძნობიარეა ნარკოტიკული ზემოქმედების მიმართ. კვლევების მიხედვით, ამ ნივთიერების ხშირი გამოყენება იწვევს ინფორმაციის გადამუშავების, მეხსიერებისა და ყურადღების, ნეიროკოგნიტურ სირთულეებს. ეს პრობლემები შესაძლოა შენარჩუნდეს ხანგრძლივად (რამდენიმე კვირის განმავლობაში), გამოყენების შეწყვეტის შემდეგაც კი (Bolla et al., 2002; Medina et al., 2007; Schweinsburg et al., 2008).
მარიხუანას მომხმარებელ მოზარდთა უმეტესობას აქვს დაბალი აკადემიური მოსწრება (ქულები/ნიშნები) (Ellickson, Tucker, Klein, & Saner, 2004; Homel, Thompson, & Leadbeater, 2014), ხშირად არ ესწრებიან გაკვეთილებს, არ ამთავრებენ სკოლას (წყვეტენ სწავლას არასრული საშუალო განათლებით) (Bray, Zarkin, Ringwalt, & Qi, 2000; Horwood et al., 2010; van Ours & Williams, 2009) და ნაკლებად აგრძელებენ სწავლას უმაღლეს სასწავლებლებში (Fergusson, Horwood, & Beautrais, 2003; Homel et al., 2014; Horwood et al., 2010), რადგან მარიხუანას მოხმარება კავშირშია მოტივაციის დაქვეითებასთან (Bloomfield et al., 2013; van Hell et al., 2010).
მარიხუანას მოხმარება ასევე კავშირშია ფსიქიკურ პრობლემებთან, განსაკუთრებით შფოთვასა და დეპრესიასთან და გარკვეულ პიროვნულ აშლილობებთან (Armstrong & Costello, 2002; Pottick, Bilder, Vander Stoep, Warner, & Alvarez, 2007; Sheidow, McCart, Zajac, & Davis, 2012). ამ ნივთიერების ხშირმა მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს პანიკური შეტევები, ჰალუცინაციები, პარანოია, დეზორგანიზებული აზროვნება და სხვ.
რა თქმა უნდა, პრევენცია და ადრეული ინტერვენცია ძალიან მნიშვნელოვანია.
მოზარდებთან მარიხუანას მოხმარებაზე საუბრის წამოწყება არ არის ადვილი. მშობლები ღელავენ თუ რა ასაკშია სასურველი დავიწყოთ საუბარი ნარკოტიკულ საშუალებებზე (მათ შორის მარიხუანაზე)? ვინ უნდა იყოს საუბრის წამოწყების ინიციატორი? უნდა დაველოდოთ თუ არა, როდის გამოხატავენ ინტერესს ბავშვები და თვითონ შეგვეკითხებიან რამეს?
სასურველია ბავშვებს დაელაპარაკოთ არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხმარებაზე ეჭვი გაქვთ, არამედ პრევენციის მიზნითაც. შეარჩიეთ სწორი დრო ამისათვის.
უმჯობესია საუბარს ჰქონდეს არაოფიციალური სახე, იყოს ბუნებრივი და სპონტანური. უფრო მოსახერხებელია, საუბრისას არ ისხდეთ პირისპირ, რათა უფრო თავისუფლად და გახსნილად ისაუბროთ. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ხშირად გვხვდება მარიხუანა სოციალურ ქსელსა თუ სატელევიზიო სივრცეში, შესაძლებელია, კონტექსტურად, ბუნებრივად წამოჭრათ ეს თემა (ფილმის ყურებისას, ყოველდღიური ამბების გაცვლისას და ა.შ.).
ყურადღებით მოუსმინეთ ბავშვებს და გაითვალისწინეთ მათი შეხედულებები, შეეცადეთ არ იყოთ „ჭკუის დამრიგებლურ“ პოზიციაზე. ნათლად აუხსენით თქვენი პოზიცია მარიხუანას მოხმარებაზე და დაუსაბუთეთ თქვენი პოზიცია.
გახსოვდეთ!
თქვენი გადაწყვეტილებები ბავშვებს ასწავლის როგორ გაუმკლავდნენ შეცდომებს, სირთულეებს, როგორ გააკეთონ სწორი არჩევანი, ამიტომ იყავით მაგალითი მათთვის.
მასალა თქვენთვის მოამზადა ჩვენი ცენტრის აკადემიურმა თერაპევტმა თათო ტურავამ.