„მორცხვი“ და „თამამი“ ბავშვები – რჩევები მშობლებისთვის

ჩვენ ემოციებს საფუძვლად უდევს ჩვენი ინდივიდუალური ტემპერამენტი. ჩვენი ქცევაც შესაბამისად განსხვავებულია.
ასევეა ბავშვებიც. ყველა ბავშვს განსხვავებული ტემპერამენტი აქვს. მნიშვნელოვანია, თუ ადრეულ ასაკშივე აღმოაჩენთ ამ თავისებურებას. ეს დაგეხმარებათ თქვენი შვილის ქცევის გაცნობიერებასა და სწორი მოლოდინების შექმნაში. თითოეული ბავშვი ინდივიდუალური მახასიათებლების მიხედვით ეცნობა სამყაროს და ერთვება სოციუმში.
თუ თქვენ იცით, რა უქმნის თქვენს შვილს დისკომფორტს, რაზე რეაგირებს დადებითად ან უარყოფითად, შეძლებთ შეცვალოთ მისთვის სტრესული რუტინა და მოარგოთ მის საჭიროებებს. ტემპერამენტი აყალიბებს ბავშის ქცევასა და განვითარებას, ამიტომაც ბავშვის ტემპერამენტის გაგება მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობისთვისაც.
ბავშვის ქცევა განპირობებულია მისი გამოცდილებით სამყაროსთან და მათ შორის თქვენთან ურთიერთობით. არ არსებობს სწორი ან არასწორი, ცუდი ან კარგი ტემპერამენტი. მნიშვნელოვანია, ბავშვი მივიღოთ ისეთი, როგორიც არის. მაგალითად, თუ ბავშვი არის ძალიან მორცხვი, მას შეიძლება დასჭირდეს მხარდაჭერა და უფრო მეტი დრო იმისათვის, რომ თავი იგრძნოს კომფორტულად ან მაქსიმალურად ჩაერთოს თანატოლებთან თამაშში.
ბავშვი, რომელიც სწრაფად განიცდის იმედგაცრუებას და უჭირს ყურადღების კონცენტრირება, ასევე სწრაფად ამბობენ ხოლმე უარს ამოცანის შესრულებაზე. პრობლემის წინაშე აღმოჩენა მისთვის სირთულეს წარმოადგენს და სწორედ ეს არის იმედგაცრუების მიზეზიც.
თუ მსგავს სიტუაციაში ხშირად აღმოჩენილხართ, სცადეთ შემდეგი სტრატეგიები:
  • დაეხმარეთბავშვს ისწავლოს დალოდება. სანამ ისინი გელოდებიან, ესაუბრეთ თუ რას აკეთებთ. მაგალითად: “ერთ წუთში მოვალ და დაგეხმარები”, “შენს პატარა ძმას საჭმელს გავუმზადებ და მოვალ”.
  • დაეხმარეთ ბავშვს თავად გაუმკლავდეს იმედგაცრუებას. როდესაც შეატყობთ, რომ უჭირს გარკვეული დავალების შესრულება, უთხარით ამის შესახებ. მაგალითად: “ფაზლის აწყობა რთულია შეიძლება ზოგჯერ გაბრაზდე, როცა ნაწილები ერთმანეთს ვერ ერგება”.
  • მოირგეთ მწვრთნელის როლი და დაეხმარეთ, პრობლემის გადაჭრასთან თვითონ მივიდეს. შესთავაზეთ ან აჩვენეთ სხვადასხვა სტრატეგია იმ პრობლემის გადაჭრისთვის, რის წინაშეც დგას ბავშვი.
  • გამოიყენეთ იუმორი. ეს შეამცირებს დაძაბულობას.
ნაკლებად ემოციური, მორცხვი ბავშვები სხვა ბავშვებთან შედარებით:
  • არიან უფრო მშვიდად;
  • არ იწვევენ აურზაურს;
  • არიან ნაკლებად მომთხოვნები;
  • ძინავთ საშუალოზე მეტი ხნით;
  • თავიანთ ემოციას გამოხატავენ სახის გამომეტყველების მხოლოდ მცირე ცვლილებით, ხმის ტემბრითა და სხეულის ენით.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ბავშვი ასეთი სუსტი რეაქციებით გამოირჩევა, გთავაზობთ მისი ტემპერამენტის შესაბამის სტრატეგიებს:
  • ხშირად მიიქციეთ მისი ყურდღება;
  • დააკვირდით ბავშვის რეაქციებს, დარწმუნდით რომ ის ჩართულია თამაშში;
  • შეარჩიეთ დინამიური მუსიკა აქტივობის პარალელურად;
  • ჩართეთ ბავშვი ცოტა უხეშ, მაგრამ უსაფრთხო თამაშებში, მიეცით უფლება იცელქოს;
  • გამოიყენეთ დრამატული ხმები კითხვისას. შეეცადეთ იყოთ უფრო მხიარული და შემოქმედებითი.
  • შექმენით ინტერაქციული თამაშები;
  • სცადეთ აქტივობები, სადაც თქვნი ბავშვი ჩართულიაა და იცავს რიგს;
  • ეცადეთ, გახდეს ფიზიკურად აქტიური;
  • თუ თქვენი შვილი მღერის, დუეტში ჩაერთეთ. თუ ის ცეკვავს, გახდით მისი პარტნიორი;
  • გაერკვიეთ, რა არის მისთვის საინტერესო.
ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ბავშვი ნაკლებად მომთხოვნია, აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ მშობლების მხრიდან ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს. პირიქით, შესაძლებელია დაგჭირდეთ უფრო მეტი ძალიხმევა მათი დაინტერესებისა და ყურადღების მოსაპოვებლად.
მშობლები და ოჯახის დანარჩენი წევრები განსაკუთრებულ როლს თამაშობენ ბავშვის განვითარებასა და იმ შიშების ან სიმორცხვის დაძლევაში, რომელიც ხშირად ბავშვის პიროვნების იარლიყად იქცევა ხოლმე. ბავშვს, რომელიც არის მორცხვი, სჭირდება დახმარება, აღმოაჩინოს სამყარო, იყოს უსაფრთხოდ და შეიძინოს თავდაჯერება.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:
  • ბავშვის სიმორცხვის აღნიშვნის ნაცვლად, აღიარეთ და დააფასეთ ბავშვის ძლიერი მხარეები, გრძნობები და ინტერესები;
  • მოერიდეთ იარლიყებს. რთულია პრობლემასთან გამკლავება მას შემდეგ, რაც ბავშვი საკუთარ თავს აღიქვამს, როგორც “მორცხვს”, “მშიშარასა” და “მორიდებულს”;
  • გამოიყენეთ ისეთი პოზიტიური ტერმინები, როგორიცაა: “ფრთხილი”, “გონებამახვილი”;
  • პატივი ეცით და მიიღეთ ბავშვის ნერვიულობა და შფოთვა. ეცადეთ დაეხმაროთ მას, მაგალითად უთხარით: “ზოგჯერ, ყველა ვღელავთ და ვშფოთავთ”;
  • არ მოერიდოთ ბავშვის გაყვანას ახალ გარემოში. გააცანით სხვა ბავშვები;
  • შეეცადეთ, გააცნოთ სხვადასხვა სოციალური წესები ნაცნობ ბავშვებთან ერთად;
  • ითამაშეთ როლური თამაშები;
  • შეადგინეთ მისაღწევი მიზნების პატარა ჩამონათვალი, დაეხმარეთ ბავშვს თავად შექმნას ასეთი.
განსხვავებით მორცხვი და სუსტი რეაქციების მქონე ბავშვებისაგან, არსებობს მეორე, განსხვავებული ტიპიც. ხშირად მეორე ტიპის ბავშვებს მოიხსენიებენ, როგორც “რთულ ბავშვს”. მათი რეაქციები და პასუხი სხვადასხვა სტიმულზე ინტენსიურია და ძლიერი ემოციები ახლავს. ისინი ჩუმი, მორცხვი ბავშვებისგან განსხვავებით, მთელ სამყაროს ხმამაღლა და მკაფიოდ ატყობინებენ, როგორ გრძნობენ თავს. მსგავსი ტემპერამენტის მქონე ბავშვები გამოხატავენ სიხარულს ინტენსიური ემოციებით, ბრაზს – ყვირილით, ნივთების სროლით, კბენით. შესაძლოა მათ ჰქონდეთ რეაგირება ისეთ სტიმულებზე, როგორიცაა უხეში იარლიყი მაისურზე, უსიამოვნო სუნი და ა.შ.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ბავშვი თამამი და მკვეთრი რეაქციებით გამოირჩევა, გთავაზობთ შემდეგ სტრატეგიებს, რომლებიც მსგავსი ტიპის ტემპერამენტის შესაბამისია:
  • თუ აქტივობას ახლავს ფონური მუსიკა ან განათება, შეარჩიეთ რომ ის არ იყოს დამღლელი და გამაღიზიანებელი;
  • ტანსაცმელი უნდა იყოს რბილი და კომფორტული;
  • თამაში უნდა იყოს სახალისო, მაგრამ მოერიდეთ ზედმეტ სტიმულირებას;
  • შესთავაზეთ ბავშვს ფიზიკურ კომფორტი;
  • დაუდასტურეთ ბავშვს თავისი გრძნობები, აჩვენეთ, რომ თქვენ გესმით მისი. მაგალითად, გამოიყენეთ მსგავსი ფრაზები: “მე ვიცი, რომ შენთვის რთულია ხალხმრავალ, ხმაურიან ადგილებში ყოფნა”;
  • დაეხმარეთ თქვენს შვილს, პრობლემის გადაჭრაში. დაიწყეთ საუბარი ასე: “დღეს ნიკას დაბადების დღეზე ალბათ ძალიან ბევრი ხალხი და ხმაური იქნება. რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ეს უფრო კომფორტული იყოს შენთვის?”
  • არ დასაჯოთ თქვენი ბავშვი განხვავებული რეაქციის გამო. იყავით მის გვერდით. ეს დაეხმარება მას, თავი იგრძნოს უსაფრთხოდ და კომფორტულად;
  • როდესაც თქვენ მძაფრი რეაქციქ გაქვთ მის ქცევაზე, ამით ის ვერ ისწავლის რეაქციების მართვას. მხოლოდ თქვენი მხარდაჭერით ისწავლის საუკეთესო გზებს საკუთარ ემოციებთან გასამკლავებლად.
კითხვები მშობლებისთვის, რომლებიც ხშირად უნდა დაუსვათ თქვენს თავს, არსებულ პრობლემაზე დროული რეაგირებისთვის:
  1. რამდენად ხშირად აკვირდებით თქვენს შვილს, თუ როგორ რეაგირებს სენსორულ სტიმულებზე (ვიზუალური სტიმული, ხმა, ტექსტურა, სუნი და გემო)?
  2. გამოხატავს თუ არა ჩემი შვილი გრძნობებს მაღალი, ზომიერი ან დაბალი ინტენსივობით?
  3. რამდენად ხშირად ეხმარებით თქვენ შვილს დამშვიდებაში?
  4. რა სახის შეხება ურჩევნია ან არ მოსწონს? რეაგირებს თუ არა დადებითად ან უარყოფითად კონკრეტულ ტანსაცმლის მასალაზე/ქსოვილზე, ტანსაცმლის იარლიყზე?
  5. არის თუ არა პრეტენზიული მჭამელი? მხოლოდ გარკვეული ტექსტურის საჭმელს ჭამს?
  6. გპასუხობთ, როდესაც თქვენ ესაუბრებით ან ამყარებს მზერით კონტაქტს?
გახსოვდეთ! თქვენი მიზანი არ უნდა იყოს ბავშვის შეცვლა. თქვენს მიზანს უნდა წარმოადგენდეს ბავშვის ძლიერი მხარეების გამოყოფა და მხარდაჭერა, როცა ამის საჭიროება იქნება.
მასალა მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ადრეული ინტერვენციის სპეციალისტმა, ფსიქოლოგმა ანი ბებიაშვილმა.
გამოყენებული წყაროები: