მოზარდობა

მოზარდობა ცვლილებების დროა, ამიტომაც მშობლებს ხშირად უჩნდებათ კითხვები რამდენად ნორმალურია მათი შვილის ქცევა.

ჩვეულებრივ, მოზარდები ემოციურად გაუწონასწორებლები არიან, იმჰორმონალური და ფიზიოლოგიური ცვლილებების გამო, რომელიც მათ ორგანიზმში ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ მოზარდის ტვინი აგრძელებს განვითარებას, ლოგიკური აზროვნება და მეხსიერება სრულად ჩამოყალიბებული ჯერ არ არის, რის გამოც ხშირია დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები და სარისკო ქცევები.
უცნაური ვარცხნილობა, ჩაცმულობა, პირსინგი, მუსიკა და ახალი მეგობრები ზრდის ნაწილია და ნორმალური მოზარდისათვის დამახასიათებელი ქცევაა.
მშობლისათვის ძალიან რთულია გაიგოს სად გადის ზღვარი მოზარდის ნორმალურ განვითარებასა და პრობლემურ ქცევას შორის. სწორედ ამიტომ, ამერიკის ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიულმა აკადემიამ (The American Academy of Child and Adolescent Psychiatry ) გამოყო ნორმალური მოზარდობისათვის დამახასიათებელი ნიშნები
გარეგნობის შეცვლა – გადაჭარბებული ზრუნვა საკუთარ გარეგნობასა და სტილზე, მუდმივი უკმაყოფილება საკუთარი ფიზიკური მონაცემებითა და წონის კონტროლი მოზარდობის ასაკისათვის ნორმალურია.
საყურადღებოა, თუ მოზარდი აკვიატებულად უკმაყოფილოა საკუთარი წონით და ზედმეტად ხშირად მიმართავს დიეტებს.

ოჯახის წევრებთან ურთიერთობისგან თავის არიდება – მოზარდი მუდმივად ცდილობს დამოუკიდებლობის მიღწევას, რის გამოც მშობლებს გაურბის და ორიენტირებულია თნატოლებთან ურთიერთობაზე. ამ პერიოდისათვის ბავშვს ესაჭიროება პირადი სივრცე.
საყურადღებოა, თუ მოზარდი თავდაცვითი და აგრესიული ხდება ოჯახის წევრების მიმართ.

წინააღმდეგობრივი ქცევის მატება – უკმაყოფილოა მშობლის გადაწყვეტილებებით, ხშირად წუწუნებს, ფიქრობს რომ უსამართლოდ ექცევიან, თითქმის ყოველთვის საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს.
მშობელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს თუ წინააღმდეგობრივი ქცევა თანდათან მატულობს და ბავშვი სხვების მიმართ ძალადობრივ ქცევას ავლენს.

ემოციური ლაბილობა – მოზარდებს ახასიათებთ გუნება-განწყობის უეცარი ცვლილებები, პოზიტიური ემოციიდან სწრაფი გადასვლა ნეგატიურზე და პირიქით. მოზარდის ფსიქიკური ჯანმრთელობა საყურადღებოა, თუ მოწყენილობა და შფოთვა მუდმივია და ბავშის დაქვეითებული გუნება-განწყობა ხანგრძლივად რჩება.

ექსპერიმენტები და სარისკო ქცევა – მნიშვნელოვანია მშობლებს ახსოვდეთ რომ მოზარდები ხშირად ინტერესდებიან ალკოჰოლითა და მარიხუანით. თუმცა შესაძლებელია ინტერესი ნივთიერებაზე დამოკიდებულებაში გადაიზარდოს. თუ ბავშის აკადემიური მოსწრება მკვეთრად უარესდება, მუდმივად ფულს ითხოვს და სახლში ძვირადღირებული ნივთები ქრება, მშობელმა ეჭვი უნდა მიიტანოს ნივთიერებათა ავად მოხმარებაზე.

მოზარდის ქცევაზე ყურადღება გაამახვილეთ თუ:
ხშირად აქვს დაქვეითებული გუნება-განწყობა და მეგობრებთან და ოჯახთან სულ უფრო ნაკლებ დროს ატარებს
მნიშვნელოვნად გაუარესდა აკადემიური მოსწრება
უარს ამბობს სკოლაზე და თავს არიდებს სკოლაში წასვლას
მეხსიერების, ყურადღებისა და კონცენტრაციის პრობლემები გაუჩნდა
მნიშვნელოვნად შეიცვალა მათი ენერგიულობა, ჭამის ან ძილის პატერნი
ხშირად უჩივის ფიზიკურ სიმპტომებს (თავის, მუცლის ან წელის ტკივილი)
უიმედობის, სევდის, შფოთვის ხშირი განცდა და ჭარბი თვალცრემლიანობა აქვს
ხშირად აგრესიული და დაუმორჩილებელია
უგულებელყოფს პირად ჰიგიენას და არ ზრუნავს საკუთარ გარეგნობაზე
ავად მოიხმარს ნივთიერებებს
მიდრეკილია საფრთხისშემცველი და არალეგალური ქცევისაკენ (არღვევს კანონს)
მუდმივად საფრთხეს ხედავს და სხვებს ეჭვის თვალით უყურებს
ხედავს ან ესმის ის რასაც სხვები ვერ ხედავენ
და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ ყველა მოზარდი ინდივიდუალურია. ნუ შეშინდებით პრობლემური ქცევის აღმოჩენისთანავე, დააკვირდით არასასურველი ქცევის ბუნებას, სიხშირეს, ხანგრძლივობსა და სიმძიმეს და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართეთ სპეციალსტს დასახმარებლად.

 

მოამზადა გვანცა ჩვამანიამ