მითები და ფაქტები აუტიზმის შესახებ

მითი: აუტიზმის მქონე ადამიანებს განმარტოებით ყოფნა უყვართ და გარშემომყოფებით არ ინტერესდებიან.
ფაქტი: აუტიზმის მქონე პირებს ხშირად უჩნდებათ ინტერაქციის სურვილი, მაგრამ უჭირთ სოციალურ უნართა დამოუკიდებლად ათვისება, რის გამოც თანატოლებისაგან განცალკევებით უხდებათ ყოფნა.
*
მითი: აუტიზმის მქონე პირებს არ შეუძლიათ სოციალურ უნართა ათვისება.
ფაქტი: აუტიზმის მქონე პირებს შეუძლიათ სოციალურ უნართა სწავლა ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპიისა და აქტიური ვარჯიშის შედეგად.
*
მითი: აუტიზმი არასწორი აღზრდისა და მშობლის ხელმიშვებულობის შედეგია.
ფაქტი: მშობლის ქცევა და აღზრდის სტილი აუტიზმს არ იწვევს. მისი მიზეზი თავის ტვინის ატიპური განვითარებაა, რომელიც გამოვლინდება ადრეულ ასაკში და მისი სიმპტომები ხშირად მთელი ცხოვრების მანძილზე ნარჩუნდება.
*
მითი: აუტიზმის მქონე ბავშვების მდგომარეობა ასაკთან ერთად უარესდება.
ფაქტი: აუტიზმი არ არის ისეთი მდგომარეობა, რომლის ნიშნებიც ასაკთან ერთად უარესდება, პირიქით, თანმიმდევრული და სწორი თერაპიისა და ინკლუზიის შედეგად ბავშვის ფუნქციონირების ხარისხი თანდათანობით უმჯობესდება. თუ ასაკის მატებასთან ერთად მდგომარეობა უცვლელია, სასურველია შეცვალოთ სერვისის მომწოდებელი.
*
მითი: ადრეულ ასაკში დაწყებული და ინტენსიური ქცევითი თერაპია „კურნავს“ აუტიზმს.
ფაქტი: აუტიზმი მდგომარეობაა და არა დაავადება, ამიტომაც აუტიზმის „განკურნება“ შეუძლებელია. ადრეული თერაპიული ჩარევა, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ფუნქციონირების ხარისხსა და ბავშვის ადაპტაციას გარემოში.
*
მითი: აუტიზმის მქონე ბავშვები და მოზრდილები ერთმანეთს გვანან.
ფაქტი: აუტიზმისა და აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე პირები ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდებიან. მიუხედავად იმისა, რომ სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები და დეფიციტური სფეროები საერთოა, თითოეული შემთხვევა უნიკალურია და პრობლემებიც სხვადასხვაგვარად ვლინდება.
*
მითი: აუტიზმის მქონე პირები ვერ იქნებიან წარმატებულნი და ვერ გახდებიან საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.
ფაქტი: აუტიზმის მქონე ბევრი ადამიანი წარმატებულია, აქვთ სამსახური და ინტეგრიგებულნი არიან საზოგადოებაში. მათი წარმატების განმსაზღვრელია ადრეული ინტერვენცია და სწორად განხორციელებული ინკლუზია.
*
მითი: აუტიზმის მქონე ყველა ადამიანს განსაკუთრებული ნიჭი აქვს.
ფაქტი: აუტიზმის მქონე ადამიანების უმეტესობას განსაკუთრებული ნიჭი არა აქვთ. ამავდროულად შესაძლებელია უნართა მოზაიკური განვითარება. მაგალითად: ერთი კონკრეტული უნარის განსაკუთრებით კარგი განვითარება, ვიდრე სხვა დანარჩენი უნარების.
*
მითი: ორ წლამდე ასაკში ეჭვის არსებობის შემთხვევაში ჯობია ავირჩიოთ მოცდის ტაქტიკა და ასაკის მატებასთან ერთად გაუმჯობესებას დაველოდოთ.
ფაქტი: ადრეული დიაგნოსტირება და ჩარევა უკეთესი გამოსავლის საწინდარია. აუტიზმზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში სასურველია დაუყოვნებლივ ჩატარდეს დიაგნოსტიკური შეფასება და დაიწყოს ჩარევა.
*
მითი: თანაკლასელებმა არ უნდა იცოდნენ ბავშვს დიაგნოზის შესახებ. თუ დიაგნოზს დავმალავთ გარშემომყოფები ვერაფერს შენიშნავენ.
ფაქტი: 6 წლის ასაკის ბავშვები ამჩნევენ, რომ თანატოლი მათგან განსხვავდება. ინფორმაციის არქონის შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ ბავშვებმა არასწორად აღიქვან აუტიზმის მქონე პირის ქცევა და გარიყონ ან დაჩაგრონ თანაკლასელი. აუცილებელია მოსწავლეებისა და მასწვლებლის მომზადება და სათანადო რჩევების მიცემა, რათა თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი გართულებები.
*
მითი: აუტიზმის მქონე ბავშვებს აუცილებლად უჭირთ მეტყველება და აქვთ გონებრივი განვითარების შეფერხება.
ფაქტი: აუტიზმის მქონე პირები ერთმანეთისგან განსხვავდებიან სამეტყველო უნარებითა და ინტელექტუალური შესაძლებლობებით. ისევ როგორც აუტიზმის არმქონე პირი, ისიც შესაძლოა იყოს სრულყოფილად ვერბალი ან არავერბალი. ასევე შეიძლება ჰქონდეს მაღალი ან საშუალო ინტელექტი ან გონებრივი განვითარების შეფერხება.
*
მითი: აუტიზმის დიაგნოზი გამორიცხავს სხვა დარღვევის არსებობას.
ფაქტი: შესაძლებელია აუტიზმის სპექტრის აშლილობასთან ერთად სხვა მდგომარეობაც ვლინდებოდეს, მაგალითად: ცერებრული დამბლა, გონებრივი განვითარების შეფერხება, სმენის დაქვეითება, ეპილეფსია და/ან სხვა სამედიცინო მდგომარეობები.

 

მოამზადა: ფსიქოლოგმა გვანცა ჩვამანიამ