მითები და რეალობა აუტიზმის შესახებ

ბოლო წლებში, აუტიზმის სპექტრის აშლილობების შესახებ გავრცელებული ჭარბი ინფორმაციის მიუხედავად, ონლაინ სივრცესა თუ პირად საუბრებში- აქტიურად გვესმის არასწორი შეხედულებები და ე.წ მითები ასა-ს შესახებ. მითები ეხება სხვადასხვა მიმართულებას: ეტიოლოგიას, კლინიკურ მიმდინარეობას, მკურნალობას და ა.შ.

დავიწყოთ ყველაზე გავრცელებული და აქტუალური მითისგან, როგორიც არის:

აცრების და აუტიზმის კავშირი: დღემდე ძალიან ბევრი მშობელი უარს ამბობს თავისი შვილის აცრაზე ამ მითის ზეგავლენით, რითიც საფრთხეს უქმნის ბავშვის ჯანმრთელობას. ბევრჯერ მითქვამს და ამჟამადაც ვიმეორებ: აცრების ზეგავლენით აუტიზმის გამოწვევის რისკის გაზრდა არ დადასტურდა არც ერთი მყარი მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამეცნიერო კვლევით.მსოფლიო საზოგადოება არ დასჯერდა მაგ.დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ან ამერიკის პედიატრთა აკადემიის მიერ წარმოებულ კვლევებს და კანადამ 2014 წელს ჩაატარა ფართომასშტაბიანი მეტაანალიზური კვლევა, სადაც შეჯერდა 1200000 ბავშვზე დაყრდნობით წარმოებული 10-მდე კვლევა, რომლითაც ასევე ვერანაირი კავშირი აცრებსა და აუტიზმის წარმოშობას შორის ნანახი ვერ იქნა.პირიქით, აღმოჩნდა,რომ ბავშვებში,რომლებიც აცრილნი იყვნენ, აუტიზმის გავრცელება გაცილებით ნაკლები პროცენტულობით ხვდებოდა.

ეტიოლოგიას ეხება ასევე მითები: ცუდი აღზრდის, ცივი დედის, ცუდი ძიძის და აუტიზმის კავშირის შესახებ: აუტიზმის სპექტრის აშლილობა ნეიროგანვითარებითი დარღვევაა, რომლითაც ბავშვი იბადება.შესაბამისად,მხოლოდ გარემო ფაქტორების ზეგავლენით, გენეტიკური წინასწარგანწყობის გარეშე, აუტიზმის სპექტრის აშლილობა არ ვლინდება.

მითია, რომ ყველა ბავშვს აუტიზმის სპექტრით, აქვს ინტელექტუალური პრობლემები,დაახლოებით 46 %- ში ამ ბავშვებს აქვთ აბსოლუტურად ნორმალური IQ-ს მაჩვენებელი.

მითია,რომ ყველა ბავშვს აუტიზმის სპექტრით- ჭირდება მკურნალობა “ტვინის მკვებავებით“,( აქტოვეგინი, ცერებროლიზინი, კორტექსინი) ეს ის ტემინია, რომელსაც ალბათ მხოლოდ პოსტსაბჭოურ სივრცეში თუ შევხვდებით.ამ ჯგუფში შემავალ მედიკამენტებს, არ აქვთ ეფექტურობის არანაირი მეცნიერული დადასტურება.

მედიკამენტს (თუმცა არა ზემოთ ჩამოთვლილს) ვიყენებთ მხოლოდ მაშინ,როდესაც არსებობს ნიშნები: ქცევის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ძილის,შფოთვის ან სხვა დარღვევების თვალსაზრისით.

მითია,რომ აუტიზმის სპექტრის აშლილობას ვხვდებით მხოლოდ ბიჭებში.მართალია, ბიჭებში აუტიზმის გავრცელება 4-ჯერ უფრო ხშირია, მაგრამ რა თქმა უნდა გოგონებშიც გვხვდება შემთხვევები. კლინიკური სურათის გამოვლინებაში ნამდვილად დიდი სხვაობაა: გოგონებში ნიშნები მეტად მსუბუქად ვლინდება. მათ მეტად შეუძლიათ აუტიზმის სიმპტომები იმდენად დამალონ, რომ არ იყოს სხვებისთვის ასეთი თვალსაჩინო.ითვლება,რომ გოგონებში აუტიზმის დიაგნოზის ამოცნობა, მეტ სირთულესთან არის დაკავშირებული-მსუბუქად გამოხატული ნიშნების გამო.

მეტი ვიცოდეთ აუტიზმის სპექტრის აშლილობების შესახებ, არ მივცეთ არასწორ შეხედულებებს ჩვენი ბავშვებისთვის საფრთხის შექმნის, ან მათი არასწორი მართვის საშუალება და პროგნოზიც მეტად კეთილსაიმედო იქნება.

https://www.youtube.com/watch?v=tZrjgqU0Ssw