მედიასაშუალებები და ბავშვი

მშობლები ხშირად ჩივიან, რომ მათი შვილი დიდ დროს ატარებს ტელევიზორთან, კომპიუტერთან ან ტელეფონის ეკრანთან. ეს საკითხი ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა, რადგან აღმოჩნდა, რომ ბავშვები  საშუალოდ 7 საათს ატარებენ ტელევიზორთან ან კომპიუტერთან.
კვლევებით დადასტურდა, რომ ეკრანთან ხანგრძლივი ჯდომა იწვევს ყურადღების კონცენტრირების პრობლემას, სწავლის გაძნელებას, ძილის დარღვევას, კვების აშლილობას, სიმსუქნეს და ქცევის პრობლემებს.
ამერიკის პედიატრიის აკადემიამ 2015 წლის შემოდგომაზე გამოაქვეყნა რეკომენდაციები და მოუწოდა მშობლებს, ყურადღება მიაქციონ, რას უყურებენ მათი შვილები, რადგან ეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გარემო, სადაც ბავშვი იზრდება.
კვლევებით დადასტურდა, რომ ტელევიზორმა და კომპიუტერმა ჩაანაცვლა ოჯახური ურთიერთობები და შეაფერხა ბავშვების მეტყველების განვითარება. საჭიროა შეიზღუდოს ეკრანთან ყოფნის დრო. სასწავლო პროგრამებიც კი არ არის ისეთი სასარგებლო, როგორც ერთად წაკითხვა, საუბარი ან სიმღერა. მშობლებმა რეგულარულად უნდა წაახალისონ ბავშვის მეტყველება საუბრით, კითხვით და სიმღერით.
თუ თქვენ მაინც გადაწყვეტთ რომელიმე პროგრამის ყურებას, უმჯობესია ეს ბავშვთან ერთად გააკეთოთ, რომ ერთმანეთს გაუზიაროთ მოსაზრებები, იმსჯელოთ და ისაუბროთ ნანახის შესახებ.
შედარებით მოზრდილი ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ის თუ რას, როდის და რამდენ ხანს უყურებს. სასურველია იცოდეთ რას პოსტავს თქვენი შვილი სოციალურ გვერდებზე და რას კითხულობს (Instagram-ზე, Twitter-ზე, და Facebook-ზე) ან რითია დაინტერესებული. არ არის სასურველი 10 წლის ბავშვი 6 საათს ატარებდეს ეკრანთან.
აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ რასაც „ქადაგებთ“, პირველ რიგში ის თქვენ უნდა დაიცვათ – როგორც არ შეიძლება ბავშვს აუკრძალოთ ჩიპსი და თქვენ ჭამოთ ის, ისევე თქვენც უნდა აკონტროლოთ ეკრანთან გატარებული დრო.
ამერიკის პედიატრიის აკადემია მოუწოდებს მშობლებს, რომ შექმნან სახლში „უეკრანო“, ტელევიზორის, კომპიუტერულის ან ვიდეოთამაშების გარეშე ზონა ბავშვის საწოლ ოთახში და გამორთონ ტელევიზორი სადილის დროს. ბავშვებმა ეკრანი გასართობად დღეში 1-2 საათზე უფრო ხანგრძლივად არ უნდა გამოიყენონ. მნიშვნელოვნია, რომ ბავშვი უფრო ხშირად გაერთოს ეზოში თამაშით, კითხვით ან წარმოსახვის განმავითარებელი თამაშებით.
ჩვილებისა და 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ეკრანი საერთოდ არ არის სასურველი. ბავშვის თავის ტვინი ამ ასაკში სწრაფად ვითარდება ადამიანებთან ურთიერთობით და არა ეკრანის ყურებით.
პრობლემის აქტუალობის გამო ამერიკის პედიატრიის აკადემია 2016 წლისთვის ახალ, დაზუსტებულ რეკომენდაციებს ამზადებს, რასაც გამოქვეყნებისთანავე გაგაცნობთ.