მაღალი ხმით გამოწვეული შფოთვითი რეაქციის მართვა (რეკომენდაციები აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებისთვის)
აუტიზმის სპექტრის აშლილობას ხშირად ახლავს გადაჭარბებული შფოთვა. ეს პრობლემა შესაძლოა თავს იჩენდეს სახლში, საზოგადოებაში ან სკოლაში და ხელს უშლიდეს ბავშვს დამოუკიდებელ ფუნქციონირებაში. შფოთვის დონე ინდივიდუალურია და შეიძლება მერყეობდეს მსუბუქიდან უკიდურესად მძიმემდე, როდესაც საჭირო ხდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
საბედნიეროდ, კვლევები აჩვენებს, რომ შფოთვა აუტიზმის მქონე ბავშვებში და მოზარდებში, მართვადია. ხშირად დახმარების სტრატეგიები იგივე ან მსგავსია, რაც ზოგადად გამოიყენება შფოთვისა და ფობიის მკურნალობის დროს. ეს მიდგომები მოიცავს კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიას, რომელიც მტკიცებულებებზეა დაფუძნებული და დამკვიდრებულია, როგორც შფოთვის დროს ფსიქო-სოციალური მკურნალობის ოქროს სტანდარტი. სხვადასხვა კვლევები ცხადყოფს, რომ აუტიზმის მქონე პირთა დასახმარებლად უფრო ეფექტურია კოგნიტურ – ბიჰევიორული მიდგომების მოდიფიცირებული სახით გამოყენება.
გთავაზობთ კლინიკური ფსიქოლოგის, ჯუდი რეავენის რჩევებს, როდესაც შფოთვის შეტევა გამოწვეულია მაღალი ხმებით, მაგ: სკოლის ზარი, ჭექა-ქუხილი, ბუშტის გახეთქვა, ფეიერვერკი და ა.შ.
საიდან უნდა დავიწყოთ?
პირველ რიგში საჭიროა დადგინდეს შიშისა და შფოთვის მიზეზი. შესაძლოა ის უკავშირდებოდეს გადაჭარბებულ სენსორულ მგრძნობელობას. ამის დასადგენად, საჭიროა მიმართოთ პროფესიონალ სენსორულ თერაპევტს, რომელსაც შეუძლია შეაფასოს ბავშვის გადამეტებული მგრძნობელობა ხმაურის მიმართ, რაც შეიძლება იყოს უფრო ფართო, სენსორული გადამუშავების დარღვევის ნაწილი. თუ ეს ასეა, და თუ თქვენი შვილის შიში მხოლოდ სენსორული სტიმულებით არის გამოწვეული, მაშინ საუკეთესო გამოსავალი იქნება მისი გადამისამართება სენსორული თერაპიის მისაღებად.
ხშირად, როდესაც აუტიზმის და შფოთვის მქონე ბავშვები სენსორული სტიმულების საპასუხოდ უკიდურეს შიშს გამოხატავენ, მათი რეაქცია სიტუაციდან გაქცევას ემსახურება. მაგალითად, მათთვის შეიძლება დაბადების დღეები გახდეს საშიში, მას შემდეგ, რაც წვეულებაზე მოულოდნელად გასკდა ბუშტი. უკიდურესი შფოთვის სხვა ნიშნები შეიძლება მოიცავდეს ყვირილს, ტირილს და ზოგად აღგზნებას. იმის გამო, რომ ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ კომუნიკაციის პრობლემა და გაუჭირდეთ შიშის მიზეზის დასახელება, მნიშვნელოვანია მოხდეს მათ ქცევაზე დაკვირვება შიშის რეაქციის გამომწვევი ნიშნების გამოსავლენად.
თავიდან არიდების ნაცვლად წინააღმდეგობის გაწევის სწავლება
ბევრი მშობელი მტკივნეულად განიცდის ბავშვის ემოციურ რეაქციებს და ცდილობს მოარიდოს შფოთვის გამომწვევ სიტუაციას. ეს მიდგომა ხანდახან აუცილებელიც არის. თუმცა, ბავშვს უზღუდავს შფოთვის გამომწვევი სიტუაციების მართვის შესაძლებლობას. თუ მშობელი ასწავლის თავის შვილს საკუთარი შიშის მართვას, ამით მოამზადებს მას არაპროგნოზირებადი სამყაროსთვის და ასეთ გარემოში მაქსიმალური ჩართულობისთვის.
იმ შემთხვევებში, თუ ბავშვს აქვს მსუბუქი შფოთვის სიმპტომები, მშობლებს შეუძლიათ გამოიყენონ მოცემული სტრატეგიები, მაგრამ, თუ სიმპტომები გართულდა, საჭირო გახდება პროფესიონალის დახმარება.
პირველ რიგში:
– გააკეთეთ თქვენი შვილის შიშების იერარქია;
– წარმატების წახალისების მიზნით თავდაპირველად მუშაობა დაიწყეთ იერარქიაში ყველაზე მსუბუქ შიშზე.
კოგნიტურ – ბიჰევიორული მიდგომის ძირითადი კომპონენტები მოიცავს დაძლევის შემდეგ სტრატეგიებს:
– ღრმა სუნთქვა. ეს სტრატეგია ეხმარება ადამიანებს მართონ შიშით გამოწვეული რეაქციები. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ თქვენს შვილს ასწავლოთ ღრმა სუნთქვა, რაც დაეხმარება, მართოს შფოთვით გამოწვეული ფიზიკური რეაქციები.
– ,,სასარგებლო აზრები“. „სასარგებლო აზრი“ არის შეტყობინება, რომელიც თქვენმა შვილმა თავის თავს უნდა უთხრას მაშინ, როდესაც პირისპირ მოხვდება შფოთვის გამომწვევ სიტუაციასთან. მაგალითად, შეგიძლიათ ასწავლოთ, როგორც კი გაიგებს ხმაურს, უთხრას თავის თავს: ,,ეს მაღალი ხმაა. მე არ მომწონს, მაგრამ შემიძლია ავიტანო ის“.
იმისთვის, რომ დაეხმაროთ თქვენს შვილს ამ სტრატეგიების სწავლაში, გააკეთეთ ამ პროცესის მოდელირება შემდეგნაირად: ისუნთქეთ ღრმად და ხმამაღლა გაიმეორეთ ის ,,სასარგებლო აზრი“, რომელიც გინდათ, რომ ასწავლოთ მას.
ეტაპობრივი წარდგენა
უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია თქვენი შვილის დახმარება ისე, რომ მან შეძლოს შიშთან პირისპირ „შეხვედრა“, მაგრამ, ეტაპობრივი შეგუების საშუალებით. სპეციალისტები ამ მეთოდს უწოდებენ ,ეტაპობრივ წარდგენას. მაგალითად, თქვენს შვილს აუხსენით, რომ აპირებთ მოუსმინოთ ჭექა-ქუხილის ხმის ჩანაწერს. თავდაპირველად, ჩართეთ დაბალ ხმაზე და ნელ-ნელა მოუმატეთ ხმა იქამდე, სანამ კომფორტს ინარჩუნებს.
ან შეგიძლიათ უყუროთ ვიდეოს, სადაც ბუშტი სკდება – პირველ ჯერზე ხმა გამოურთეთ. ამის შემდეგ აყურებინეთ ნამდვილი ბუშტის გახეთქვას შედარებით შორი მანძილიდან, შემდეგ კი ნელ-ნელა უფრო და უფრო ახლოს მივა ბუშტთან. მთავარია იყოთ მომთმენი და არ იჩქაროთ, არ წარადგინოთ იმაზე უფრო მეტი სტიმული, ვიდრე შეუძლია მას აიტანოს.
ასეთი ვარჯიშების შემდეგ, დააჯილდოვეთ შექებით იმისთვის, რომ იყო მამაცი და ,,პირდაპირ შეხედა თავის შიშს თვალებში“. გახსოვდეთ, რომ თუნდაც მცირედი სიმამაცე – ისეთი, რომელიც გულისხმობს 10 წამიანი ჭექა-ქუხილის ჩანაწერის მოსმენას, არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი შიშის დასაძლევად. ეს იმსახურებს აღიარებას.
მრავალრიცხოვანმა კვლევებმა აჩვენა, რომ მოცემული მიდგომა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია შიშის დასაძლევად.
გისურვებთ წარმატებას!
მოამზადა ქცევითმა თერაპევტმა ნიკოლოზ ბარკალაიამ.