მამასთან ერთად თამაშის მნიშვნელობა

ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტები დამეთანხმებიან, რომ უმეტეს შემთხვევაში, შვილებთან ერთად დედები არიან. სხვადასხვა კულტურული, სოციალური თუ ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე, უმეტესი დღეების მანძილზე, სწორედ დედიკოებს მიჰყავთ და მოჰყავთ ბავშვები სხვადასხვა წრეებზე, ცენტრებში, ბაღში, სათამაშო მოედანზე და ა.შ.
გარკვეულწილად ამიტომაც, ბავშვთა განვითარების პროცესთან დაკავშირებული მასშტაბური კვლევების უმრავლესობა, სწორედ დედებისა და ჩვილების ურთიერთმიმართებაზეა.
ამ ფონზე განსაკუთრებით საინტერესოა მამებისა და შვილების თამაშის მნიშვნელობის შესახებ ჩატარებული კვლევები.
2020 წლის 29 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარებმა თავი მოუყარეს ბოლო 40 წლის განმავლობაში 78 კვლევის მიხედვით დაგროვილ ცალკეულ მტკიცებულებებს, რათა უკეთ გაეგოთ, თუ როგორ თამაშობენ მამები თავიანთ მცირეწლოვან შვილებთან.
მკვლევარებმა შეისწავლეს:
  • შვილებისა და მამების ერთობლივი თამაშის რეპერტუარი;
  • თამაშის სპეციფიკური ბუნება;
  • არსებული რეპერტუარის გავლენა ბავშვის განვითარებაზე.
მონაცემების შეჯამების შედეგად გამოიკვეთა, რომ:
  • დედებისა და მამების თამაშის სტილში უამრავი მსგავსებაა;
  • მამების უმრავლესობა, ყოველდღე თამაშობს 0-დან 3 წლამდე შვილებთან;
  • მამები უფრო აქტიურად ეთამაშებიან შვილებს ადრეულ ბავშვობაში (0-დან 3-წლამდე), ხოლო აქტიურობის დონე იკლებს შუა ბავშვობაში (6-დან 12 წლამდე);
  • დედებისა და შვილების თამაშისგან განსხვავებით, მამებისა და შვილების თამაში მეტწილად ფიზიკური ხასიათისაა (მაგალითად: ჩვილის ჰაერში აწევა ან ისეთი ხმაურიანი, „უხეში“ თამაშები, როგორიცაა, „გამოდევნება“, „გაიქეცი, უნდა დაგიჭირო“).
რა გავლენას ახდენს მამების თამაშის რეპერტუარი ბავშვის განვითარებაზე?
  • ყველა კვლევა ადასტურებდა გამოკვეთილ კავშირს მამა-შვილის თამაშსა და ბავშვის უნართან, გააკონტროლოს საკუთარი ემოციები და განცდები მომავალში.
  • ბავშვები, რომლებიც განებივრებული იყვნენ მამებთან თამაშით, ნაკლებად იყვნენ ჰიპერაქტიურები და ნაკლებად ჰქონდათ ემოციური და ქცევითი პრობლემები. ასევე, უკეთ აკონტროლებდნენ აგრესიას, ნაკლებად წვებოდნენ ძირს სკოლასა თუ ბაღში და ნაკლებად ამჟღავნებდნენ სხვა ბავშვებისადმი ფიზიკურ აგრესიას (ფეხის ან ხელის დარტყმა).
რა პროცესები განაპირობებს ამ დადებით გავლენას?
  • ფიზიკური თამაში ქმნის ხალისიან განწყობას, ამაღელვებელ სიტუაციებს, რომლების დროსაც ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა გამოამჟღავნონ შესაბამისი თვით-რეგულაცია.
  • ბავშვებს უწევთ ისწავლონ, რომ საჭიროა გააკონტროლონ ძალა, რათა ხალისიანი თამაში არ გახდეს მტკივნეული;
  • აქვთ შესაძლებლობა ისწავლონ, როდის მოსდით ზედმეტი – მაგალითად, თუ მოხდება ძალის გადამეტება, თუ შემთხვევით მამა ფეხს დააბიჯებთ, მოუწევთ ტკივილის განცდა და ა.შ.
  • ავარჯიშებენ შესაბამის საპასუხო რეაქციებს – თუ „არასწორად“ ითამაშებენ, შესაძლოა მიიღონ შენიშვნა ან შეწყდეს თამაში, მაგრამ ეს არ იქნება სამყაროს დასასრული. შემდეგ ჯერზე, ექნებათ შანსი, რომ „სწორი“ საპასუხო ქმედებები განახორციელონ.
აღსანიშნია, რომ მიუხედავად ბავშვის განვითარებაზე მამა-შვილის თამაშის დადებითი ეფექტებისა, მამის გარეშე გაზრდილი ბავშვებიც არ იმყოფებიან ნაკლებად სასურველ სიტუაციაში. დედებსაც შეუძლიათ წარმატებით შეითავსონ ფიზიკურად აქტიური მოთამაშის როლი.
უზრუნველყავით, რომ ბავშვს ყოველდღიურად ჰქონდეს წვდომა მრავალფეროვან სათამაშო გარემოზე. გახსოვდეთ, რომ მშობლობა ხშირად ნიშნავს საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლას. შვილების ცხოვრებაში მშობლების ხშირი და აქტიური ჩართულობა დადებითად აისახება როგორც პატარების, ასევე მშობლების ემოციურ მდგომარეობაზეც.
გისურვებთ წარმატებებს!
მასალა თქვენთვის მოამზადა ელენე ყურაშვილმა, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ფსიქოლოგმა და ქცევითმა თერაპევტმა.