კბილების კრაჭუნი (ბრუქსიზმი) ბავშვებში

კბილების კრაჭუნი საკმაოდ გავრცელებული სამედიცინო ჩივილია ბავშვებში. მას ბრუქსიზმი ეწოდება.

 

რატომ უნდა დავუთმოთ დრო კბილების კრაჭუნზე საუბარს? იმიტომ რომ ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს ჰგონია, რომ კბილების კრაჭუნი ნაწლავებში მობინადრე ჭიების დამსახურებაა. ეს მოსაზრება მოკლებულია სარწმუნო მტკიცებულებებს და თუ ჩემი ამ ხანმოკლე საუბრის შემდეგ თქვენ, კბილების კრაჭუნის დროს, არ იფიქრებთ ჭიაღუებზე და მით უფრო ამის გამო მათთან ბრძოლას არ გამართავთ, თქვენ იქნებით მედიცინაში იმაზე მეტად განათლებული ვიდრე აქამდე იყავით. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი საუბრები.

 

აბა, მაშ, რისი გამოვლინებაა კბილების კრაჭუნი? ის გახლავთ ჩვევა. ჩვევაში ვგულისხმობთ მოქმედებას ან ქცევის სახეს, რომელიც ხშირად მეორდება. ჩვევები ბავშვებში საკმაოდ ხშირი და მრავალფეროვანია. მათგან უმრავლესობა უწყინარი და გარდამავალი ხასიათისაა. კბილების კრაჭუნის გარდა გვხვდება ისეთი ჩვევები როგორებიცაა ცერა თითის წოვა, ფრჩხილების კვნეტა.

 

მენტალურ დარღვევვათა ბოლო გადახედვის ცნობარში (DSM-5) ჩვევები არ განიხილება დიაგნოსტიკურ კატეგორიად, ანუ დარღვევებად რომლებიც იწვევენ კლინიკურად სარწმუნო აშლილობას ან შეზღუდვას ფუნქციონირებაში.

 

კბილების კრაჭუნი უფრო ხშირია 5 წლამდე ასაკის ბავშვებში და შეიძლება უკავშირდებოდეს დღის შიშებს.  სხვა სახის ფსიქიკური სტრესიც შეიძლება იწვევდეს მას. ასაკის მატებასთან ერთად ბავშვი თავადაც მიხვდება როგორ გაუმკლავდეს სტრესულ გარემოს და რისი არ უნდა ეშინოდეს, თუმცა მშობელს ევალება დაეხმაროს ბავშვს და ამიტომ საჭიროებისას  უნდა მიმართოს სპეციალისტს.

 

კბილების კრაჭუნს შეიძლება მოჰყვეს საღეჭი კუნთების დაჭიმვა და ტკივილი, საფეთქელ-ქვედაყბის სახსრების ტკივილი და სტომატოლოგიური პრობლემები.

 

კბილების კრაჭუნი შეიძლება შეგვხვდეს ზოგიერთი ფსიქონევროლოგიური დარღვევის დროს. მაგალითად, ის შეიძლება იყოს აუტიზმის სპექტრის დარღვევათა ერთ-ერთი გამოვლინება ისევე, როგორც განმეორებითი სახის სხვა ქცევა (მაგალითად, არამიზანმიმართული სირბილი, ქანაობა, თითის წვერებზე სიარული და სხვა მრავალი).  დავიმახსოვროთ, რომ ამ შემთხვევაში კბილების კრაჭუნი არ არის  ერთადერთი გამოვლინება და თუ კბილების კრაჭუნით ბავშვთან მსგავსი დარღვევების არსებობაში გეპარებათ ეჭვი, აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს.

 

მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის პედიატრი ცოტნე ბესელია.