ინტელექტუალური შესაძლებლობების შეზღუდვა

ინტელექტუალური შესაძლებლობების შეზღუდვა ის მდგომარეობებია, რომლებსაც ახასიათებს ინტელექტისა და ადაპტური ფუნქციონირების მნიშვნელოვანი პრობლემები.

 

2013 წლამდე აღნიშნულ დიაგნოზს, სხვა სახელწოდება ჰქონდა და მას გონებრივი ჩამორჩენილობით მოიხსენიებდნენ. თუმცა აღნიშნული სახელწოდება მკვეთრად მასტიგმატიზირებელ ტერმინად ჩაითვალა და სახელი შეეცვალა.

 

დიაგნოზისთვის აუცილებელია, რომ მისი ნიშნები გამოვლინდეს 18 წლის ასაკამდე. ეს მდგომარეობები მსოფლიო მოსახლეობის 1 %-ს აქვს. მისი გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს მრავალფეროვანი,  მათ შორის გენეტიკური სინდრომები, ორსულობის და მშობიარობის პათოლოგიები, გადატანილი ინფექციები ან სხვადასხვა გარემო ფაქტორები.

 

რას ნიშნავს ადაპტური ფუნქციონირება? ის არის ადამიანის უნარი ადაპტირდეს არსებულ გარემოში, გამოიყენოს საკუთარი  შესაძლებლობები აკადემიური, სოციალური და ყოფითი პრობლემების გადასაჭრელად.

 

ინტელექტუალური შესაძლებლობების შეზღუდვის მქონე ბავშვები შედარებით ნელი ტემპით ვითარდებიან და შესაძლოა ჰქონდეთ სხვადასხვა სფეროს განვითარების შეფერხება, მაგალითად, გვიან დაიწყონ სიარული ან ლაპარაკი.

 

დიგნოზი ისმება კლინიკური დაკვირვებისა და სტანდარტული ტესტებით  ჩატარებული შეფასებების შედეგების საფუძველზე.

 

დიაგნოსტირებისას ხდება 2 მთავარი კომპონენტის განსაზღვრა:

  1. დასწავლის რა უნარი აქვს ბავშვს, რაც დგინდება ინტელექტის ტესტით. საქართველოში ვიყენებთ ვექსლერის, კაუფმანის ან ლეიტერის სკალას.
  2. როგორია მისი ადაპტური ფუნქციონირება, რისთვისაც ვიყენებთ ადაპტაციური ქცევის შესაფასებელ ვაინლანდის ტესტს.

 

აუცილებელია ორივე ქულობრივი მაჩვენებელი იყოს დაბალი, რომ დაისვას აღნიშნული დიაგნოზი.

განასხვავებენ 4 სიმძიმეს:

  • მსუბუქი,
  • საშუალო,
  • მძიმე და
  • ღრმა.

 

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ადაპტაციური ქცევის დარღვევის ხარისხს.

რაც უფრო ადრე მოხდება დიაგნოსტირება და  დაიწყება ბავშთან ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესი, მით უკეთესი იქნება გამოსავალი.

 

რაც უფრო მძიმეა მიმდინარეობა, მით უფრო ადრე ვლინდება პრობლემური ნიშნები. მსუბუქი ხარისხის დარღვევების შემთხვევაში პრობლემა არ ვლინდება სკოლაში შესვლამდე. თუმცა სკოლაში მისვლის შემდეგ მშობელი ამჩნევს, რომ ბავშვს ექმნება  სირთულეები, უჭირს სწავლა, უჭირს დავალების შესრულება და სხვა.

 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა იცოდეს ინტელექტუალური დარღვევების ნიშნები. რაც უფრო მაღალია მშობლის ფსიქოგანათლება, მით მეტად შეძლებს დაეხმაროს თავის შვილს.

თუ თქვენ შვილს უჭირს დასწავლა:

  • იყავით მომთმენნი, იმედიანები, არ იჩქაროთ და მიყევით მისი დასწავლის ტემპს, რომელიც შესაძლოა ძალიან ნელი იყოს.
  • ხელი შეუწყეთ მის დამოუკიდებლობას. ხშირად მშობელი ცდილობს შეუმსუბუქოს პრობლემები და ზედმეტი მზრუნველობით დათვურ სამსახურს უწევს შვილს. მიეცით საშუალება დამოუკიდებლად იზრუნოს საკუთარი თავის მოვლაზე.
  • მიეცით მარტივი მითითებები და დაარწმუნეთ, რომ შეუძლიათ დავალებების შესრულება. მიანიშნეთ დავალების შესრულების ეტაპებზე, აჩვენეთ, როგორ შეასრულოს დავალება. თხოვნით მომართვის შემთხვევაში, მშვიდად და მოთმინებით დაეხმარეთ.
  • მიეცით ხშირი უკუკავშირი – ხშირად შეაქეთ ნებისმიერ შესრულებული დავალებისთვის.
  • შეეცადეთ, რომ ის სასწავლო აქტივობები, რასაც გადის დღის ცენტრში, სკოლაში ან ბაღში, გადმოიტანოთ სახლშიც და ავარჯიშოთ დღის მანძილზე, უნარის მყარად გასავითარებლად.
  • იპოვეთ ისეთი სოციალური გარემო, სადაც მათი ძლიერი მხარეების წაარმოჩინებაში დაეხმარებით.
  • იკონტაქტეთ მეტად გამოცდილ სხვა მშობლებთან, რომლებთაც შეუძლიათ თქვენი დაკვალიანება, თქვენ კი ველოსიპედის გამოსაგონებლად დროს არ დახარჯავთ J

და ბოლოს,

  • მიიღეთ ის ისეთი, როგორიც არის.

 

გისურვებთ წარმატებებს!

 

მედეა ზირაქაშვილი, ბავშვთა ნევროლოგი/ფსიქიატრი, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი.