თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ბავშვის თავის ტვინის განვითარების პროცესი

ჰარვარდის უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ცენტრის პროფესორები დარწმუნებით ამტკიცებენ, რომ ბავშვის თავის ტვინის განვითარების ტრაექტორიის შეცვლა შესაძლებელია.

 

ბავშვთან უფროსის ყურადღებიანი და პასუხისმგებლობიანი ურთიერთობა ცვლის ბავშვის თავის ტვინის განვითარების მიმდინარეობას და ხელს უწყობს მის სწავლებასა და განვითარებას. ამ ურთიერთობას, რაც მოიცავს ხშირ სიტყვიერ, ჟესტურ და ემოციურ კავშირს, მათ უწოდეს „გაგზავნა-დაბრუნების“ მოდელი.

 

ჰარვარდის უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ცენტრის რეკომენდაციით  ყველა ზრდასრულმა უნდა გადადგას 5 ნაბიჯი ბავშვთან ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ.

 

“გაგზავნა-დაბრუნებითი” ურთიერთობა ყოველდღიურობას აქცევს გართობად, უმჯობესდება ბავშვის ქცევა და ჯანმრთელობა, ყალიბდება ცხოვრების გამოწვევებთან გამკლავების უნარი და მედეგობა.

 

გაგაცნობთ ამ 5 ნაბიჯს:

 

  1. ამოიცანით ბავშვის გზავნილი და გაიზიარეთ ბავშვის ყურადღება

 

უყურებს ბავშვი ან თითს იშვერს რაიმესკენ? გამოსცემს ხმებს ან იცვლის მიმიკას? ამოძრავებს პაწაწინა ხელებს და ფეხებს? ეს ყველაფერი მისი გზავნილებია. მთავარი იმის მიხვედრაა, რაზეა მისი ყურადღება ფოკუსირებული. მთელი დღე ამით ვერ დაკავდებით, მაგრამ შეეცადეთ დღის განმავლობაში გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა, მაგალითად მაშინ, როცა აცმევთ ან ეტლში გიზით და მაღაზიაში თქვენ რიგს ელოდებით.

– რატომ?

– იმიტომ, რომ როცა გეცოდინებათ მისი გზავნილების ამოცნობა, მეტს გაიგებთ მისი უნარის, ინტერესის და საჭიროების შესახებ. თქვენ წაახალისებთ მას, რომ შეისწავლოს გარემო და გაამყარებთ ბავშვთან კავშირს.

 

  1. დააბრუნეთ გზავნილი მხარდაჭრით და წახალისებით

 

ჩახუტებით და თბილი სიტყვებით თქვენ შეგიძლიათ კომფორტი შეუქმნათ ბავშვს. დაეხმარეთ, რომ ითამაშოს თქვენთან ერთად. თქვენ შეიძლება უთხრათ ან მიიღოთ ისეთი გამომეტყველება, რითაც გამოხატავთ რომ კარგად ხვდებით, რაც უნდა. ან აიღოთ ის საგანი, რასაც უყურებს და ახლოს მიუტანოთ.

– რატომ?

– იმიტომ, რომ მხარდაჭერა და წახალისება სტიმულს აძლევს ბავშვს, რომ გამოიჩინოს ინტერესი. ინტერესის გამოვლენა აღარ იქნება სტრესული მისთვის. თუ თქვენ რეაგირებთ მის გზავნილზე, ბავშვი რწმუნდება, რომ მისი აზრები და შეგრძნებები თქვენთვის გასაგებია.

 

  1. დაარქვით სახელი და გაახმოვანეთ ყველაფერი

 

მაშინ როცა თქვენ სახელს არქმევთ ყველაფერს, რასაც ბავშვი უყურებს, აკეთებს ან გრძნობს, იმ ეტაპზეც კი, როცა ბავშვს არ ესმის სიტყვების მნიშვნელობა, თქვენ ბავშვის თავის ტვინში უყალიბებთ ნეირონებს შორის ახალ კავშირებს. თქვენ უნდა დაასახელოთ ყველაფერი – ადამიანები, საგნები, მოქმედებები, შეგრძნებები ან მათი კომბინაცია. თუ ბავშვი მიანიშნებს საკუთარი ფეხებისკენ, თქვენც უნდა მიანიშნოთ და თქვათ: „დიახ, ეს შენი ფეხებია“.

– რატომ?

– იმიტომ, რომ როცა თქვენ ასახელებთ იმას, რაზეც ბავშვი ფოკუსირდება, ეს მას ეხმარებით სამყაროს შეცნობაში და სწავლობს, რას შეეძლება ელოდოს ამ კონკრეტულ შემთხვევაში. დასახელება ბავშვს აძლევს გამოსაყენებელი სიტყვების მარაგს და არწმუნებს, რომ თქვენ მასზე ზრუნავთ.

 

  1. ახლა თქვენი ჯერია. დაელოდეთ. შეინარჩუნეთ ურთიერთობა „გაგზავნა-დაბრუნების“ მოდელით

 

ყოველთვის, როცა თქვენ მის გზავნილს პასუხობთ, დაელოდეთ რომ მან ისევ გიპასუხოთ. ეს მონაცვლეობა აუცილებელია. შეეცადეთ მშვიდად დაელოდოთ მის პასუხს. ბავშვს დრო სჭირდება, რომ შეარჩიოს პასუხი, განსაკუთრებთ მაშინ, როცა სწრაფად სწავლობს უამრავ ახალს. გაიმეორეთ ეს მონაცვლეობა რამდენჯერმე.

– რატომ?

– იმიტომ, რომ რიგის დაცვა ბავშვს ეხმარება ისწავლოს თვითკონტროლი და სხვებთან ურთიერთობა. დალოდებით ბავშვს აძლევთ დროს, რომ გაუჩნდეს საკუთარი აზრი, გამოუმუშავდეს საკუთარი თავის რწმენა და დამოუკიდებლობა. დალოდება თქვენც გეხმარებათ, რომ უკეთ გაერკვეთ მის საჭიროებებში.

 

  1. ივარჯიშეთ დაწყებასა და დასრულებაზე

 

ბავშვები გვატყობინებენ, როცა დაასრულეს ან იწყებენ ახალ საქმიანობას. მათ შეიძლება ეს გამოხატონ სათამაშოს გადადებით, ახალი სათამაშოს აღებით ან მზერის გადატანით ახალი გასართობისკენ. ან შეიძლება მოშორდნენ მობეზრებულ ნივთს, ან თქვან „მორჩა“. როცა თქვენ იზიარებთ მის ყურადღებას, ადვილად მიხვდებით, როდის უნდა დასრულება და ახლის დაწყება.

– რატომ?

– იმიტომ, რომ თუ თქვენ ადვილად ამოიცნობთ ამ მომენტს, ხელს შეუწყობთ თვითონ გადაწყვიტოს როდის დაიწყოს სამყაროს ახალი ნაწილის გამოკვლევა და გააგრძელოს „გაგზავნა-დაბრუნების“ მოდელით ურთიერთობა ადამიანებთან.

გაითვალისწინეთ რეკომენდაციები და ხელი შეუწყვეთ თქვენი ბავშვის განვითარებას.

 

მასალა მომზადებულია ჰარვარდის უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით.

 

დიდი მადლობა შვილის ვიდეოების გაზიარებისთვის ჩვენ ქცევით თერაპევტ ნაუ ცერცვაძეს. პირველ ორ ვიდეოში ევე გიგლემიანი 2.5 თვისაა, მესამე ვიდეოში – 10 თვის.