თუ ბავშვს უჭირს ყურადღების კონცენტრირება (რჩევები მშობლებისა და მასწავლებლებისთვის)

რჩევები მშობლებისთვის:

  • შეეცადეთ იყოთ მშვიდი და მობილიზებული, რომ უკეთ შეძლოთ შვილთან საერთო ენის გამონახვა და დახმარება, მისი დამშვიდება და დავალებაზე კონცენტრირება. იყავით თქვენი შვილისთვის მისაბაძი მაგალითი.
  • გაითვალისწინეთ, რომ არასასურველი ქცევები (მოუსვენრობა, უყურადღებობა ა.შ.) დაკავშირებულია ყურადღების კონცენტრირების პრობლემასთან და ის სპეციალურად არ იქცევა ასე.
  • ნუ გაამახვილებთ ყურადღებას წვრილმან პრობლემებზე. აქცენტი გააკეთეთ ბავშვის მიერ კარგად შესრულებულ დავალებაზე, შეაქეთ და  წაახალისეთ ყოველი, თუნდაც მცირე წარმატებაც კი.
  • იყავით რეალისტი და ნუ მოელით, რომ ბავშვის მიერ შესრულებული დავალება იდეალური იქნება. ნუ შეიქმნით არარეალურ მოლოდინებს.
  • იყავით რუტინულები. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერს თავისი ადგილი და დრო ჰქონდეს. წინასწარ გაწერილი გეგმით მოქმედება ბავშვს ყოველდღიური დავალების შესრულებას გაუმარტივებს. ჩამოაყალიბეთ მარტივი და პროგნოზირებადი განრიგი, გამოყავით დრო ჭამის, საშინაო დავალების შესრულების, თამაშისა და ძილისათვის.
  • გამოიყენეთ საათი და/ან ტაიმერი. კარგი იქნება თუ სახლში თვალშისაცემ ადგილებში საათი გექნებათ, განსაკუთრებით კი – ბავშვის ოთახში. მიეცით საკმარისი დრო სკოლისთვის მოსამზადებლად ან სხვა დავალების შესასრულებლად. ასწავლეთ თქვენს შვილს დროის სწორად განაწილება ტაიმერისა და საათის დახმარებით.
  • გაამარტივეთ თქვენი შვილის ცხრილი და მიეცით საშუალება, რომ სკოლის შემდეგ მისთვის სასიამოვნო აქტივობით დაკავდეს.
  • მოაწყვეთ ბავშვის კუთხე, დარწმუნდით რომ თქვენს შვილს აქვს პირადი სივრცე, რომელიც თავისუფალია სხვადასხვა დისტრაქტორებისგან (ყურადღების გამფანტავი ხმაურის, დამატებითი ადამიანების ან საგნებისგან). მიაჩვიეთ თქვენი შვილი ასეთ გარემოში მეცადინეობას.

რჩევები მასწავლებლებისთვის

  • უზრუნველყავით გაკვეთილის წინასწარ ორგანიზება: გააცანით მოსწავლეებს გაკვეთილის განრიგი, თუ რა აქტივობებია დაგეგმილი გაკვეთილის განმავლობაში და რა დამოუკიდებელი და ჯგუფური სამუშაოები უნდა გააკეთონ.
  • მიმოიხილეთ წინა გაკვეთილი: შეახსენეთ, თუ რას ეხებოდა წინა გაკვეთილი, რა იყო მნიშვნელოვანი.
  • განსაზღვრეთ, რას ელით მოსწავლეებისგან: უთხარით, რა იქნება გაკვეთილის თემა და რა უნდა ისწავლონ. სასწავლო მოლოდინების გარდა უნდა განსაზღვროთ ქცევითი მოლოდინებიც. განუმარტეთ, როგორ ქცევას მოელით ბავშვებისგან გაკვეთილის მსვლელობისას. მაგალითად, უთხარით რომ ყურადღების მისაქცევად მათ ხელი უნდა აწიონ.
  • განიხილეთ საჭირო მასალები: განსაზღვრეთ ყველა საჭირო მასალა, რაც გაკვეთილის მსვლელობისას დასჭირდებათ ბავშვებს.
  • გაამარტივეთ ინსტრუქციები: მარტივი ინსტრუქციების მიწოდება ზრდის ალბათობას, რომ ბავშვი დავალებას სწორად შეასრულებს. ეფექტური სწავლებისთვის საჭიროა, დროდადრო მარტივი კითხვებით შეამოწმოთ, რამდენად გაიგო ბავშვმა ახალი მასალა.
  • იყავით პროგნოზირებადი: ყურადღების კონცენტრირების პრობლემის მქონე ბავშვებს ცვლილებებთან შეგუება უჭირთ. მათ სჭირდებათ, რომ იცოდნენ, რას მოელიან მისგან და რა იქნება შედეგი, თუ მოლოდინებს ვერ გაამართლებენ.
  • ხელი შეუწყვეთ მოსწავლის ჩართულობას: პირადი, ფრთხილი მინიშნებებით მიუთითეთ, რომ განაგრძოს დავალების კეთება. გააფრთხილეთ წინასწარ, რომ მალე გამოკითხავთ. თავი აარიდეთ სარკაზმსა და კრიტიკას.
  • გამოიყენეთ აუდიო და ვიზუალური მასალები.
  • ისაუბრეთ მშვიდად და ხმადაბლა. აკონტროლეთ ხმის დონე კლასში. თუ ხმის დონე მისაღებს გადასცდება, შეახსენეთ ყველას, ან კონკრეტულ მოსწავლეებს ქცევის წესები კლასში, რომელიც გაკვეთილის დასაწყისში შეიმუშავეთ.
  • გამოიყენეთ ჯგუფური სამუშაოები, რითიც გაზრდით ბავშვების ჩართულობას სასწავლო პროცესში.

 

მოამზადა სპეციალური განათლების მასწავლებელმა:  თამუნა რეხვიაშვილმა