თუ არ გინდათ, რომ თქვენი შვილი გაიზარდოს მოძალადედ,თავად ნუ იქნებით მოძალადე მის მიმართ!!

მკაცრი მშობელი მოძალადე შვილს ზრდის. ბოლო კვლევები ერთხმად ამტკიცებს,რომ არსებობს პირდაპირპროპორციული დამოკიდებულება მკაცრი აღზრდის სტილსა და მომავალში მჩაგვრელ ან ადვილად დაჩაგვრად პირად ჩამოყალიბების ალბათობას შორის, თუმცა ზედმეტად ლოიალურმა და/ან ხელმიშვებულმა აღზრდამაც შესაძლოა გამოიწვიოს ბულინგი.
ვაშინგტონისა და არიზონას შტატის უნივერსიტეტების მკვლევარებმა ჩაატარეს რეტროსპექტული კვლევა კოლეჯის 419 სტუდენტზე. გამოვლინდა, რომ თუ მშობლის დამოკიდებულება ბავშვის მიმართ თბილი და მზრუნველი, სტრუქტურირებული და წესებზე დამყარებულია, ავტორიტეტული აღზრდის სტილის მიუხედავად, დაბალია იმის რისკი, რომ ბავშვი იქცეს ბულინგის ობიექტად. აღზრდის რადიკალური სტილი, როგორც ზედმეტად ლოიალური, ისე მკაცრად ავტორიტეტული იმის წინაპირობაა, რომ ამ მეთოდებით აღზრდილი სხვა ბავშვების ბულინგით იყოს დაკავებული. აღზრდის ორივე მეთოდი ბავშვს ხდის წესებისადმი ნაკლებად მორჩილს და იოლად შეუძლია სხვისი უფლებების შებღალვაც.
2012 წელს ჟურნალში Journal of Cybertherapy and Rehabilitation გამოქვეყნდა სტატია, სადაც აღნიშნული იყო, რომ მშობლების მხრიდან ზედმეტი მზრუნველობის და ლოიალური აღზრდის დროს, პრობლემა გაცილებით მწვავეა. სტუდენტების ონლაინ კვლევებით დადგინდა, რომ უფრო მეტად აგრესიული და ძალადობრივი ქცევები ჰქონდათ ლმობიერი აღზრდის სტილის მქონე მშობლების შვილებს, ავტორიტარული და ავტოროტეტული მშობლების აღზრდილებთან შედარებით. კიდევ უფრო რთული მდგომარეობა გამოიკვეთა ხელმიშვებულობის პირობებში აღზრდილებთან, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ.
კვლევების უმრავლესობა მხოლოდ მშობლების აღზრდის სტილის გავლენაზეა დაფუძნებული და ძირითადად ფოკუსირებულია უხეში, მკაცრი აღზრდის მეთოდზე, რომლის დროსაც შვილებისთვის მოდელირების საფუძველი მათი მჩაგვრელი დამოკიდებულებაა.
ჟურნალის Child Abuse and Neglect 2016 წლის იანვრის ნომერში გამოქვეყნდა კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 2060 ესპანელი სტუდენტი. კვლევის შედეგებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ძალადობრივი მიდგომა ზრდის რისკს იმისას, რომ ასე აღზრდილები თავად გახდნენ მოძალადენი ან ჩაგვრის/ბულინგის მსხვერპლნი მომავალში.
გოგონებისთვის მჩაგვრელად ჩამოყალიბება უფრო მეტად განპირობებული იყო წარსულში ფიზიკური დასჯით, მაშინ როცა ბიჭებისთვის ის მეტად შეჭიდული იყო აღმზრდელის მხრიდან მათზე ფსიქოლოგიურ ძალადობასთან. როგორც გოგონების, ასევე ბიჭებისთვის მოძალადედ ჩამოყალიბება უკავშირდებოდა მშობლების მხრიდან ფსიქოლოგიურ აგრესიას მარტივი ლოგიკით – მსხვერპლის ამპლუა იცვლება მჩაგვრელის როლით.
კვლევების უმრავლესობა ერთხმად ამტკიცებს, რომ აღზრდის საუკეთესო მეთოდი ის ოქროს შუალედია, რომელიც მშობელმა უნდა დაიკავოს აღზრდის რადიკალურ მეთოდებს შორის. ყველაზე მნიშვნელოვანი პრევენციის ბერკეტი შვილის მჩაგვრელ და/ან დაჩაგრულ ტიპაჟად ჩამოყალიბებაში მშობლის ხელშია. თუ მშობლის დამოკიდებულება ალერსიანი, თბილი, მშვიდი, გამამხნევებელი, დამოუკიდებლობის ხელშემწყობია (და არა მაკონტროლებელი, ან პირიქით ზედმეტად ლმობიერი), მივიღებთ იმ ჯანსაღ თაობას, რომლისთვისაც არ იქნება ძალადობა და აგრესია ერთადერთი გზა წარმატების მისაღწევად და თვითრეალიზაციისთვის.
გამოსავალი მარტივია: თუ არ გინდა, რომ შენი შვილი გაიზარდოს მოძალადედ, არ უნდა იყო მოძალადე მის მიმართ!
 მასალა მოამზადა ექიმმა ბავშვთა ნევროლოგმა/ფსიქიატრმა მედეა ზირაქაშვილმა