თანამედროვე მამები

რამოდენიმე წლის წინ, როდესაც ექიმობა და პაციენტების მიღება დავიწყე, ბავშვები  დედებსა და ბებიებს მოყავდათ. ბავშვის მამა მანქანაში ელოდებოდა ოჯახს ან დერეფანში რჩებოდა მეორე ბავშვთან ერთად. ზოგჯერ სულაც არ იყო ინფორმირებული, რომ ბავშვი ექიმთან ჰყავდათ ვიზიტზე.დაახლოებით იგივე ხდებოდა ინტერვიუს, ანამნეზის შეგროვების პროცესშიც. კონსულტაციაზე დასწრების შემთხვევაშიც კი მამა ძირითადად მსმენელის როლს მოირგებდა ხოლმე და დასმულ შეკითხვებზე მაშინვე ცოლს გადახედავდა, თითქოს პასუხის გაცემა რა მისი საქმე იყო და დედას უნდა ეპასუხა.

დროთა განმავლობაში ტენდენცია  ისე შეიცვალა, რომ იშვიათობა უკვე სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც დედას მარტოს ან მამის გარეშე, ოჯახის სხვა წევრთან ერთად მოყავს ბავშვი. ამ ბოლო დროს უკვე მამები იწყებენ ჩივილების გაჟღერებას, „არ პატიობენ“ დედებს სუბიექტურობას, შვილების პრობლემურ სიმპტომებზე ღიად საუბრობენ, სვამენ შეკითხვებს ინტერნეტ-სივრციდან ამოღებული  რეკომენდაციების შესახებ და თავად ხდებიან კლინიცისტთან დიალოგის ინიციატორნი.

ამ სტატიის მზადებისას სპონტანურად მახსენდება: დაჩიკოს, ნიკოლოზის, გაბრიელის, გიორგის, ევას, ქეთოს და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი ბავშვის მამა, რომლებიც  დედებთან ერთად, ერთიანი შემართებით და ძალისხმევით აკეთებენ ყველაფერს, რომ მათმა შვილებმა, თავისი რესურსის ფარგლებში, თერაპიის დახმარებით საუკეთესო გამოსავალს მიაღწიონ.

აღმოჩნდა, რომ ამ ძალიან საჭირო და სასარგებლო ტენდენცია – ბავშვის აღზრდაში მამის აქტიური ჩართულობა  –  მთელს მსოფლიოში შეინიშნება და მისასალმებელია, რომ გამონაკლისი არც საქართველოა.

მამის, როგორც ბავშვის აღზრდაში ჩართული მნიშვნელოვანი ფიგურის  გააქტიურებას მკვლევარები ორ ძირითად სოციო-ეკონომიკურ გავლენას მიაწერენ:   1) ქალის აკადემიური მიღწევების ზრდას  და 2) 2008 წლიდან დაწყებულ მსოფლიო კრიზისს, რომელმაც ბევრი მამაკაცი დატოვა უმუშევარი. შესაბამისად, მამებს უფრო მეტად მიეცათ საშუალება  ჩართულიყვნენ საოჯახო „ფერხულში“ და მეტიც, თუ დედამ შეინარჩუნა სამსახური, მამას მოუწია თავის თავზე აეღო სახლის საზრუნავი, ხოლო დედამ, როგორც ეკომიკურად უზრუნველმყოფელმა ფუნქციურად სხვა პოზიციაზე გადაინაცვლა.

ბოლო ათწლეულია, რაც  ძალიან ბევრი კვლევა გაჩნდა მამების ჩართულობის, მათი უნიკალური  როლის და გავლენის შესახებ ჩვილების მენტალურ ჯანმრთელობაზე, სოციალურ და  ემოციურ განვითარებაზე.

 

კვლევებმა ასევე ცხადყო, რომ დროთა განმავლობაში გაიზარდა მამების არა მარტო აქტივობების რიცხვი, რომლებშიც ისინი ინტენსიურად არიან ჩართულნი, არამედ ბავშვებთან და ოჯახში გატარებული დროის ხანგრძლივობაც. 1965 წლიდან  2011 წლამდე, მამებმა გააორმაგეს სახლის საქმეებზე დახარჯული დრო (4-დან 10 სთ/კვირაში) და ასევე ბავშვის აღზრდაზე დახარჯული დრო  (2.5-დან 7 სთ/კვირაში).

National Institute of Child Health and Human Development (NICHD)-ის მიერ ჩატარებული კვლევით აღმჩნდა, რომ მამა მაშინ უფრო მეტადაა ჩართული აღმზრდელობის პროცესში, როცა:

  • ნაკლებ დროს ატარებს სამსახურში;
  • აქვს სტაბილური მენტალური ჯანმრთელობა: მაღალი თვითშეფასება, ხასიათობრივი ცვლილებების და აგრესიის დაბალი დონე, კარგად უმკლავდება  ცხოვრებისეულ გამოწვევებს;
  • დედა მუშაობს უკიდურესად დიდი დატვირთვით;
  • ბავშვი ბიჭია;
  • თბილი და ემპათიური დამოკიდებულებაა ცოლ-ქმარს შორის.

ძალიან დიდი მნიშვნელობა მამის ჩართულობაში ეკუთვნის წყვილის ოჯახურ მდგომარეობას. განქორწინებული მამის მზრუნველობას შვილისადმი განაპირობებს რამდენიმე კომპონენტი:

მამის ასაკი; განათლების დონე; დასაქმებულობა; გეოგრაფიული სიშორე; მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობა; ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობა.

კვლევებში ასევე ყურადღება გამახვილებულია რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე. მაგ.: აღწერილია ქორწინებაში არმყოფ წყვილებში ბავშვთა შობადობის მზარდი სტატისტიკა და ასეთ შემთხვევებში მამის ჩართულობის პირდაპირპროპორციული დამოკიდებულება ბავშვის წარმატებულ აკადემიურ მოსწრებაზე, ემოციური კეთილდღეობასა და ქცვევის ადეკვატურობაზე.

მამობილის ჩართულობა  საკმარისია იმისათვის, რომ მარტოხელა დედის შვილს  ქცევითი პრობლემები მნიშვნელოვნად ნაკლებად ჰქონდეს.

ასევე კვლევებით დადგინილია, რომ განქორწინებული მამის ჩართულობა რადიკალურად მცირდება, თუ მას ახალ ქორწინებაში შეეძინა შვილები.

კვლევებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით მამის ჩართულობის ზეგავლენა ბავშვის განვითარებაზე საკმაოდ მნიშვნელოვანია.

 მამის მზრუნველობა  ბავშვის ადეკვატური განვითარებისთვის, ჯერ კიდევ პრენატალურად, ბავშვის დაბადებამდე  იწყება, როდესაც მამა ექიმთან დაყვება ორსულ დედას. ზოგჯერ იმდენად დიდია მზრუნველობა და ემოციური მხარდაჭერის კომპონენტი ორსული მეუღლის მიმართ, რომ შეიძლება მომავალ მამას განუვითარდეს ე.წ. კუვადას სინდრომი (Couvade syndrome): წონაში მატება, ძილის დარღვევა, ტოქსიკოზის სიმპტომები.

არსებობს მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მამის მხრიდან პრენატალური ზრუნვა და ახალშობილთან ერთად ცხოვრება პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია  მინიმუმ 5 წლამდე ამ მზრუნველობის გაგრძელებასთან.

 

აღმოჩნდა, რომ მამის ჩართულობა ორსულობისას:

  • ამცირებს დღენაკლულობის და ახალშობილთა სიკვდილიანობის რისკს;
  • მწეველ დედებში 36% -ით ამცირებს მავნე ჩვევას ამ პერიოდში.

თურმე დაბადებიდან 2 საათის განმავლობაში მამასთან კანით-კანზე კონტაქტის შემთხვევაში ახალშობილები ნაკლებად ტირიან და ჭირვეულობენ.

კვლევებით დადგინდა, რომ,  ჩვილობისას მამას შეუძლია ისევე აქტიური ურთიერთობა ჰქონდეს ბავშვთან , როგორც დედას. მათ შეუძლიათ ეთამაშონ ბავშვს, შექმნან გაცილებით მეტად მასტიმულირებელი, ენერგიული და სახალისო გარემო ბავშვისთვის.

ბავშვთან საკუთარი ემოციების თანხვედრის, მათი სიმძლავრის და ექსპრესიის თვალსაზრისით მამის და დედის დამოკიდებულება აბსოლუტურად ერთნაირი აღმოჩნდა, თამაშის ასპექტში კი, სასურველი ურთიერთობა, ხარისხობრივი და თვისობრივი თვალსაზრისით,  უკეთესი აღმოჩნდა მამებთან. მამასთან აქტიური ურთიერთობით სტიმულირდება ცნობისმოყვარეობის, შეცნობის და დამოუკიდებლობის უნარები, მაშინ როდესაც დედასთან თუნდაც ნაკლები ინტენსივობის ურიერთობა მნიშვნელოვანია უსაფრთხო მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებისათვის.

ადრეულო ბავშვობის ასაკში მამაშვილის ინტერაქციის ეფექტურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიგნება მეტყველების განვითარების სტიმულირებაზე  გავლენაა.

 

მიუხედავად იმისა, რომ თურმე 7 თვემდე ბავშვები მეტად რეაგირებენ დედის ხმაზე, ასაკის მატების პარალელურად , ახალი სიტყვების დასწავლის სტიმულაციას  მამა დედაზე უფრო მეტად უწყობს ხელს. დედა კი ეხმარება დასწავლილი სიტყვების მიზანმიმართულად გამოყენებაში.

 

ამერიკის პედიატრთა აკადემია მოუწოდებს მამებს, რაც შეიძლება მეტი ელაპარაკონ ბავშვებს.

 ერთ-ერთმა პროსპექტულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩვილობაში მამის ინტენსიური ჩართულობა განაპირობებს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების შემცირებას 9 წლის ასაკისთვის.

ასევე, აღმოჩნდა რომ თუ მამა ჩართულია წინასასკოლო ასაკის ბავშვთან აქტიურ თამაშში, ბავშვს ნაკლებად აქვს ქცევითი და ემოციური დარღვევები სასკოლო ასაკში.

 

კიდევ უფრო ღირებულია მამის როლი თინეიჯერთა აღზრდაში:

 

  • მცირდება სარისკო ქცევები, განსაკუთრებით ბიჭებში,ორივე სქესის მოზარდებში კი მცირდება დეპრესიის განვითარების ალბათობა;
  • ვაჟებს აქვთ უკეთესი კოგნიტური უნარები, ხოლო გოგონებში – გაცილებით ნაკლებად გვხვდება ფსიქოლოგიური დარღვევები, ადრეული მომწიფება, ნაადრევი ქორწინება ან თინეიჯერულ ასაკში ორსულობა;
  • იმ შემთხვევაშიც კი თუ მამა არ ცხოვრობს ოჯახთან ერთად, მაგრამ იღებს მონაწილეობს მოზარდზე ზრუნვაში, მცირდება ნიკოტინდამოკიდებულება, უკეთესია კოგნიტური განვითარება, სოციალური პასუხისმგებლობა, დამოუკიდებლობა და გენდერული როლის განვითარება.

 

რისი თქმა მინდოდა ამ ყველაფრიდან?

  • მინდოდა თქვენამდე რამოდენიმე ნათელი გზავნილი მომეტანა:
  • ბავშვის აღზრდაში თითოულ მშობელს აქვს თავისი განსაზღვრული და უნიკალური როლი, რაც ჩაუნაცვლებელია;
  • ბავშვის აღზრდაში მამის მონაწილეობა წინაპირობაა: 1)წარმატებული აკადემიური მოსწრების, 2) ემოციური კეთილდღეობის და 3) ადეკვატური ქცევების განვითარების;
  • მამის როლი მიშვნელოვანია მეტყველების განვითარებისთვის, მრავალფეროვანი და ხარისხიანი წარმოსახვითი და სოციალური თამაშების სტიმულირებისთვის.

თუ წლების განმავლობაში დამკვიდრებული იყო მასკულინური მამის სტერეოტიპი, როგორც მკაცრი ჩარჩოების მქონე,დისციპლინური, ოჯახის მარჩენალი, ეგზეკუტორი, და ა.შ. ამჟამად ეს სტერეოტიპი აბსოლუტურად დაამსხვრია და ჩაანაცვლა მზრუნველმა, პარტნიორულმა, მასწავლებელმა მამამ და მხარდამჭერმა და მზრუნველმა მეუღლემ.

აუცილებელია სოციალური კამპანიების წარმოება ამ დადებითი ტენდენციების პროგრესისა და შენარჩუნებისთვის. საჭიროა მუდმივი გამხნევება, მხარდაჭერა, მინიშნება მამებისთვის თუ რა მნიშვნელობა აქვს მათ ჩართულობას.

 

გისურვებთ წარმატებებს!
თქვენი ექიმი: მედეა ზირაქაშვილი

 

 

მომზადდა ამერიკის პედიატრთა აკადემიის კლინიკური რეპორტის საფუძველზე:

Coleman WL, Garfield C; American Academy of Pediatrics Committee on Psychosocial Aspects of Child and Family Health. Fathers’ Roles in the Care and Development of Their Children: The Role of Pediatricians. Pediatrics. 2016 Jul;138(1). pii: e20161128. doi: 10.1542/peds.2016-1128.

ასევე, გამოყენებული იყო შემდეგი კვლევების მონაცემები:

  1. Raeburn P. Do Fathers Matter?New York, NY: Farrar, Straus, Giroux; 2014
  2. Yogman MW. Development of the father-infant relationship. In: Fitzgerald H, Lester BM, Yogman MW, eds. Theory and Research in Behavioral Pediatrics. Vol 1. New York, NY: Plenum Press; 1982:221–279
  3. ParkerK, Wang W. Modern Parenthood: Roles of Moms and Dads Converge as They Balance Work and Family.Washington, DC: Pew Research Center; 2013. Available at: pewsocialtrends.org/2013/03/14/modern-parenthood-roles-of-moms-and-dads-converge-as-they-balance-work-and-family/. Accessed March 24, 2015
  4. ConnerGK, Denson V. Expectant fathers’ response to pregnancy: review of literature and implications for research in high-risk pregnancy. J Perinat Neonatal Nurs. 1990;4(2):33–42pmid:2391646
  5. ShannonJD, Cabrera NJ, Tamis-Lemonda C, Lamb ME. Who stays and who leaves: father accessibility across children’s first 5 years. Parent Sci Pract. 2009;9(1–2):78–100pmid:20333276
  6. AlioAP, Mbah AK, Grunsten RA, Salihu HM. Teenage pregnancy and the influence of paternal involvement on fetal outcomes. J Pediatr Adolesc Gynecol. 2011;24(6):404–409pmid:22099734
  7. AlioAP, Mbah AK, Kornosky JL, Wathington D,Marty PJ, Salihu HM. Assessing the impact of paternal involvement on racial/ethnic disparities in infant mortality rates. J Community Health. 2011;36(1):63–68pmid:20512407
  8. MartinMA, Shalowitz MU, Mijanovich T, Clark-Kauffman E, Perez E, Berry CA. The effects of acculturation on asthma burden in a community sample of Mexican American schoolchildren. Am J Public Health. 2007;97(7):1290–1296pmid:17538053
  9. YogmanMW. Games fathers and mothers play with their infants. Infant Ment Health J. 1981;2:241–248
  10. FeldmanR. Infant mother and infant father synchrony: the coregulation of positive arousal. Infant Ment Health J.2003;24(1):1–23
  11. YogmanYW, Lester BM, Hoffman J. Behavioral and cardiac rhythmicity during mother-father-stranger infant social interaction. Pediatr Res. 1983;17(11):872–876
  12. AdamsonsK, Johnson SK. An updated and expanded meta-analysis of nonresident fathering and child well-being. J Fam Psychol. 2013;27(4):589–599pmid:23978321
  13. WaldfogelJ, Craigie TA, Brooks-Gunn J. Fragile families and child wellbeing. Future Child. 2010;20(2):87–112pmid:20964133
  14. MDRC. Strengthening low-income families: a research agenda for parenting, relationship, and fatherhood programs. New York, NY: MDRC; 2013. Available at: mdrc.org/sites/default/files/Strengthening_Families_020113.pdf. Accessed March 24, 2015
  15. BoyceWT, Essex MJ, Alkon A, Goldsmith HH, Kraemer HC, Kupfer DJ. Early father involvement moderates biobehavioral susceptibility to mental health problems in middle childhood. J Am Acad Child Adolesc Psychiatry.2006;45(12):1510–1520pmid:17135997
  16. JiaR, Kotila LE, Schoppe-Sullivan SJ. Transactional relations between father involvement and preschoolers’ socioemotional adjustment. J Fam Psychol. 2012;26(6):848–857pmid:23066678
  17. Bronte-TinkewJ, Moore KA, Carrano . The father-child relationship, parenting styles, and adolescent risk behaviors in intact families. J Fam Issues. 2006;27(6):850–881
  18. CarlsonC, Trapani JN. Single parenting and step parenting. In: Bear GG, Minke KM, eds. Children’s Needs III: Development, Prevention and Intervention. Bethesda, MD: National Association of School Psychologists; 2006:783–797
  19. EllisBJ, Schlomer GL, Tilley EH, Butler EA. Impact of fathers on risky sexual behavior in daughters: a genetically andenvironmentally controlled sibling study. Dev Psychopathol. 2012;24(1):317–332pmid:22293012.