თამაშის მნიშვნელობა  

 

თამაში უმნიშვნელოვანესია ბავშვის განვითარებისთვის. სწორედ თამაშის დახმარებით სწავლობენ ბავშვები გარესამყაროს, ავითარებენ პრობლემის გადაჭრის სტრატეგიებს, წარმოსახვას, კრეატიულობასა და სხვა უნარებს, რომლებიც მომავალი ცხოვრებისთვის აუცილებელია. გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისია ამბობს, რომ თამაში ყველა ბავშვის უფლებაა (1989).

თამაშს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების განვითარების თვალსაზრისითაც. ბავშვი თამაშის დახმარებით სწავლობს სამყაროს, ივითარებს კომუნიკაციის უნარებს, აკეთებს საინტერესო აღმოჩენებს, იმდიდრებს ლექსიკურ მარაგს.   თამაშისა და კომუნიკაციის უნარები ერთმანეთის გვერდიგვერდ ვითარდება. თამაში გვეხმარება  ბავშვის ენობრივი განვითარების შეფასებაშიც.

თამაში თერაპიის განუყოფელი ნაწილია. ინტერვენციის დროს თამაშის სტრატეგიის გამოყენება იძლევა იმის საშუალებას, რომ პროცესი იყოს უფრო სახალისო და სასურველი ბავშვისთვის, რადგან ამ დროს ბავშვი სწავლობს რიგის დაცვას, სხვისი აზრის მოსმენას, გაანალიზებასა და გათვალისწინებას, რაც პრაგმატული უნარების დახვეწას უწყობს ხელს.

საჭიროა გონივრული ბალანსის დაცვა თამაშსა და სწავლას შორის, რათა ბავშვი გაიზარდოს უფრო ბედნიერი, მოწესრიგებული და მომზადებული მომავალი ცხოვრებისთვის.

განასხვავებენ სამი ტიპის თამაშს:

 

  • ფუნქციური თამაში – მოიაზრებს სათამაშოებისა და ობიექტების გამოკვლევას მათი შენჯღრევის, გამოძრავების მეშვეობით. ის მოიცავს ისეთ თამაშებს, როგორიც არის ობიექტის გადაგდება, სირბილი, ხტუნვა.
  • კონსტრუქციული თამაში – მოიაზრებს გონებაში გარკვეული გეგმის შექმნას, მაგალითად, როგორიც არის, კუბებისგან კოშკის აგება.
  • წარმოსახვითი (სიმბოლური) თამაში – არის ბავშვის უნარი, გამოიყენოს ობიექტები, მოქმედებები და აზრები სხვა ობიექტების, მოქმედებებისა და აზრების გადმოსაცემად. მაგალითად, სიმბოლურია თამაში მაშინ, როცა ბავშვი კუბიკს იდებს ყურთან ვითომ ტელეფონზე ლაპარაკობს. ასევე, როდესაც ბავშვი ირგებს სხვადასხვა როლს, ვითომ მძღოლი ან გამყიდველია.

წარმოგიდგენთ 9 მიზეზს, რატომ არის თამაში მნიშვნელოვანი როგორც თქვენთვის, ასევე ბავშვისთვის:

 

  1. თამაში არის წიგნიერების განვითარების ფუნდამენტი. ბავშვი სწავლობს ახალ სიტყვებს, ერთვება ამბების გამოგონებაში, ავითარებს წარმოსახვას.
  2. თამაში არის სწავლის პროცესი. ბავშვი სწავლობს როგორ უნდა ითამაშონ მარტო, სხვა ბავშვებთან და უფროსებთან ერთად.
  3. თამაშის დახმარებით ზრდასრული ერთვება კომუნიკაციაში ბავშვთან. ბავშვი მისი დახმარებით სწავლობს კომუნიკაციას.
  4. თამაშის დახმარებით ბავშვი სწავლობს სპონტანურობას. ის სათამაშოებს ანიჭებს უცნაურ ფუნქციებს.
  5. თამაში ბავშვს უტოვებს არჩევანის უფლებას. ის საკუთარი სურვილების გამოსახატავად ირჩევს სასურველ სათამაშოს.
  6. თამაში ბავშვს აძლევს სივრცეს. ის ცდის საკუთარი სხეულის შესაძებლობებს, სწავლობს ბალანსირებას და შეიცნობს საკუთარ თავს.
  7. თამაში ეხმარება ზრდასრულს ისწავლოს ბავშვის სხეულის ენა.
  8. თამაში ზრდასრულს ასწავლის მოთმინებასა და გაგებას. თამაშის დროს ბავშვი უნდა იყოს ლიდერი, ზრდასრული უნდა მიჰყვეს ბავშვის სურვილებს და გაუგოს მას.
  9. თამაში მხიარულებაა. სწორი თამაში ეხმარება ბავშვს გახდეს მეტად სოციალური და ადგილი დაიმკვირდოს საზოგადოებაში.

ითამაშეთ თქვენ ბავშვთან ერთად და გამოიყენეთ ეს დრო სწავლებისა და გართობისთვის.

 

 

 

მომზადებულია მენტალური ჯანმრთელობის ენისა და მეტყველების თერაპევტის ნატალია ჯამასპიშვილის მიერ.

 

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://literacytrust.org.uk/resources/10-reasons-why-play-important/

https://www.parents.com/fun/sports/exercise/the-importance-of-play/

Jan pepper and Elaine Weitzman: “It takes to talk”