ეფექტური კომუნიკაცია შვილებთან – რჩევები მშობლებს

იმისათვის, რომ მშობელსა და შვილს შორის ეფექტური და ხარისხიანი კომუნიკაცია შედგეს, აუცილებელია ესაუბროთ და მოუსმინოთ თქვენს შვილს.
ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებისა და შენარჩუნებისთვის.

 მზად იყავით საუბრისათვის: დააკვირდით დღის რა მონაკვეთში მოსწონს საუბარი თქვენს შვილს. მაგალითად: ძილის წინ, სადილის დროს თუ მანქანაში მგზავრობისას. თქვენც სწორედ ამ დროისთვის იყავით მზად საუბრისათვის.

 გამოიჩინეთ ინიციატივა: თავად დაიწყეთ საუბარი, ეს აგრძნობინებს, რომ თქვენ მასზე ღელავთ და გაინტერესებთ მის ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენები.

 განმარტოვდით: კვირის განმავლობაში გამოძებნეთ დრო ბავშვთან განმარტოვებისთვის და ამ დროს შეზღუდეთ სხვა აქტივობები, მაგ: ტელეფონზე საუბარი, ინტერნეტი, საოჯახო საქმეები. ეს დრო მხოლოდ შვილთან კომუნიკაციას დაუთმეთ.

 გაიცანით თქვენი შვილი: დაინტერესდით და გაეცანით თქვენი შვილის ინტერესებს: რომელ მუსიკას უსმენს, რისი ეშინია და ა.შ. შეეცადეთ მეტი გაიგოთ ამის შესახებ, ამავდროულად გაუზიარეთ თქვენი ფიქრები და ემოციები.

 მოუსმინეთ თქვენს შვილს: როცა თქვენი შვილი საკუთარ ამბავს გიზიარებთ, შეწყვიტეთ ყველაფერი, რასაც არ უნდა აკეთებდეთ და მოუსმინეთ მას. ეცადეთ არ გაღიზიანდეთ და მოუსმინეთ მაშინაც, როცა ეს თქვენთვის რთულია. მიეცით საშუალება დაასრულოს აზრის გამოხატვა და მხოლოდ ამის შემდეგ უპასუხეთ. ზეწოლის გარეშე გამოხატეთ თქვენი მოსაზრება, აუხსენით, რომ სავსებით შესაძლებელია თქვენს აზრს არ დაეთანხმოს.

 გაიგეთ, რა სურს: ჰკითხეთ თქვენს შვილს, რა სჭირდება თქვენთან საუბრის დროს: უბრალოდ მოსმენა, რჩევა, დახმარება თუ პრობლემასთან გასამკლავება.

 მიეცით მაგალითი: ბავშვები ხშირად მიბაძვით სწავლობენ. იყავით მისთვის კარგი მოდელი და საკუთარი გამოცდილებით აჩვენეთ, როგორ გაუმკლავდეს ბრაზს, მოაგვაროს პრობლემა და მართოს რთული ემოციები.

 მოექეცით ისე, როგორც თქვენ გინდათ რომ მოგექცნენ: არ გააკრიტიკოთ, არ დაემუქროთ და არ უთხრათ მტკივნეული სიტყვები, მიეცით არჩევანის საშუალება და დამოუკიდებლობა.

 მოიპოვეთ ნდობა: შესაძლებელია შვილმა „შეგამოწმოთ“ იმით, რომ ისტორიის მხოლოდ მცირე ნაწილი მოგიყვეთ, ამიტომ ყურადღებით მოუსმინეთ რას ამბობს, წაახალისეთ და შესაძლებელია სრული ისტორიაც გაგიზიაროთ.

გახსოვდეთ, საუბარი და მოსმენა, ეს არის ჯანსაღი ურთიერთობის გასაღები, მშობლებსა და შვილებს შორის.

სტატია მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ბათუმის ფილიალის ქცევითმა თერაპევტმა ქეთი ზაქარაძემ.

გამოყენებული წყარო: https://www.apa.org/helpcenter/communication-parents