ენის ლაგამის დამოკლება – „დაბმული ენა“

ენის ლაგამი არის  მოკლე და მკვრივი პატარა ქსოვილი, რომელიც განთავსებულია ენის ქვეშ და ამაგრებს ენის წვერს პირის ღრუს ძირთან. ის მუცლადყოფნის პერიოდში ყალიბდება და მისი ფუნქციაა პირის ღრუში ენის დაფიქსირება.

 

ზოგადად, ენა ძალიან დიდ როლს თამაშობს მეტყველებაში, კერძოდ ბგერების გამოთქმაში და ასევე, კვების პროცესში.

 

ზოგჯერ ლაგამი  შეიძლება იყოს უჩვეულოდ სქელი, მოკლე ან მჭიდრო. არასწორედ განვითარებულმა ენის ლაგამმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ჩვილის კვებაზე და ზოგად განვითარებაზეც.

 

ენის ლაგამის განვითარების დარღვევას, იგივე „დაბმულ ენას“ ანკილოგლოსიას უწოდებენ. ეს თანდაყოლილი დამოკლება არის მდგომარეობა, რომელიც დაბადებისთანავე გამოვლინდება და ზღუდავს ენის მოძრაობას. იგი გავლენას ახდენს კვების პროცესზე, რაშიც იგულისხმება პირის ღრუში საკვების დამუშავების პროცესი, ასევე ხელს უშლის ლაპარაკსა და ყლაპვის პროცესს.  არის შემთხვევები, როდესაც ე.წ. „დაბმული ენა“ არ იწვევს არანაირ სირთულეს. მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას.

 

როდის არის საჭირო ქირურგიული ჩარევა?

 

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს შემდეგი ნიშნები:

 

  • ვერ ხდება ენის აწევა ზედა კბილის რიგთან ან ენის გვერდითი მოძრაობა;
  • ვერ ხდება პირის ღრუდან ენის გარეთ გამოყოფა;
  • ენას აქვს გულის ფორმა;
  • არსებობს მეტყველების სირთულეები, კერძოდ ბგერების: „თ“, „დ“, „ზ“, „ს“, „რ“ და „ლ“ გამოთქმის სიძნელე, რადგან ამ ბგერების გამოთქმაში საჭიროა ენის აქტიური მოძრაობა.

 

მშობლებს ხშირად უჩნდებათ შეკითხვა რამდენად დამოკიდებულია ენის მოკლე ლაგამი ბავშვის მიერ სამეტყველო ენის დაწყების დაგვიანებასთან.

 

პასუხი ერთმნიშვნელოვანია – „ენის დაბმა“ იგივე ენის მოკლე ლაგამი ხელს უშლის მხოლოდ კონკრეტული ბგერების გამოთქმას და იგი არ არის დაკავშირებული ლექსიკური მარაგის და ენის განვითარებასთან.

 

თიკო ანთიძე, ენისა და მეტყველების თერაპევტი.