ემოციური ინტელექტის განვითარება ბავშვებში

ემოციები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ის ფონად გასდევს ადამიანის ნებისმიერ საქმიანობას და გარემოს გამღიზიანებელზე ბუნებრივი პასუხია. როდესაც ემოციების მოჭარბება ხდება, ჩვენი რეაქციები ჩვეულებრივისგან განსხვავდება – ვაკეთებთ ან ვამბობთ იმას, რასაც ჩვეულებრივ არ გვახასიათებს. ბავშვობის ასაკში მსგავსი მდგომარეობა ხშირია, რაც ემოციების მართვისა და მათთან გამკლავების უნარების ნაკლებობით აიხსნება. იმისათვის, რომ ბავშვებმა შეძლონ ემოციური თვითკონტროლისა და ემოციური ინტელექტის განვითარება მშოლებს შეუძლიათ მათთვის მხარდაჭერისა და დახმარების აღმოჩენა.
ემოციური ინტელექტი სწორედ ის თვისებაა, რომლის გაუმჯობესებაც შესაძლებელია. ის მოიცავს საკუთარი ემოციების გაცნობიერებას, გამოხატვას და მათ მართვას. ემოციური ინტელექტის შემადგენელი ნაწილია ემოციური თვითრეგულაცია.
ემოციური თვითრეგულაცია არის უნარი, ვმართოთ ჩვენი გამოცდილება და გამოვხატოთ ემოციები. ასაკის მატებასთან ერთად ბავშვებში უმჯობესდება ემოციური თვითრეგულაციის უნარი. მაგალითად, ოთხი წლის ასაკში ბავშვი ცდილობს გარემოში არსებული არასასურველი გამღიზიანებლის თავიდან არიდებას სხვადასხვა გზით – ხუჭავს თვალებს როდესაც ეშინია, ან ხელებით იფარავს ყურებს როდესაც ესმის არასასიამოვნო ხმაური. მხოლოდ 10 წლის ასაკიდან ბავშვები თანმიმდევრულად იწყებენ უფრო რთული ემოციური თვითრეგულაციის სტრატეგიების გამოყენებას. ეს სტრატეგიები შეიძლება დაიყოს ორ კატეგორიად: ის აქტივობები რომლებიც ორიენტირებულია პრობლემის გადაჭრაზე დამიდგომები რომლებიც ემოციების მოთმენაზეა მიმართული.
· როდესაც ბავშვს შეუძლია გარემოს ცვლილებება წარმოქმნილი სირთულის გადაჭრის მიზნით, ის მონაწილეობას ამ პრობლემის მოგვარებაში, მიზანმიმართულად გამოავლენს პრობლემას და პოულობს მისი გადაწყვეტის გზას.
· როდესაც ბავშვი წარმოქმნილი სირთულის გადაჭრის გზას ვერ ხედავს, ცდილობს ემოციებთან გამკლავებას. მუშაობს იმაზე, რომ აკონტროლოს საკუთარი ემოციები და მოითმინოს მისგან გამოწვეული დისკომფორტის შეგრძნება.
დიდი ხნის განმავლობაში მკვლევართა ყურადღება მიმართული იყო ბავშებში აკადემიური მიღწევებებზე და ემოციური რეგულაცია ყურადღების მიღმა რჩებოდა. კვლებები აჩვენებს, რომ ემოციური ინტელექტი სამომავლო წარმატების ორჯერ უფრო მძლავრი პროგნოზირების საშუალებას იძლევა, ვიდრე ინტელექტის კოეფიციენტი (IQ). ბავშვის სამომავლო წარმატების პროგნოზირებისთვის განსაკუთარებით მნიშვნელოვანი ელემენტია ემოციური თვითკონტროლის უნარი. ბავშვებს, რომლებსაც აქვთ უნარი შეიკავონ ემოციებით განსაზღვრული იმპულსები და თავი აარიდონ გარემოში არსებულ ყურადღების გადამრთველ ფაქტორებს, შეუძლიათ უფრო მეტად განახორციელონ პროსოციალური ქცევა და მიაღწიონ დასახულ მიზნებს.
ემოციური თვითკონტროლის კვლევა ჩატარდა სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან და კვლევის იმავე მონაწილეებზე განმეორდა 30 წლის შემდეგ. შედეგებმა აჩვენა, რომ ემოციური თვითკონტროლის მაღალი მაჩვენებელი უფრო მეტად განაპირობებდა წარმატებას, ვიდრე ინტელექტის კოეფიციენტის (IQ) მაჩვენებელი, ბავშვის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი ან ოჯახური გარემო. ის ბავშვები, რომლებსაც სკოლამდელ ასაკში ემოციური თვითკონტროლის მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ, 30 წლის შემდეგ იყვნენ უფრო ჯანმრთელები, ჰქონდათ შედარებით უფრო მაღალი ანაზღაურება, ნაკლებად ჰქონდათ პრობლემები კანონთან და ალკოჰოლის მოხმარებასთან.
ემოციური ინტელექტის მნიშვნელოვანი ელემენტია ემოციის გაგება. პირველ რიგში ჩვენ უნდა გავიგოთ და მივიღოთ ჩვენი ემოციები, სანამ ვისწავლით მათ კონტროლს და გამოხატვას. ემოციები ჩვენი ევოლუციური განითარების ნაწილია. ის ემსახურება განსაზღვრულ მიზნებს და არა ჩვენთვის დისკომფორტის შექმნას. თითეული ჩვენი პირველადი ემოცია ვითარდებოდა იმისათვის, რომ ჩვენი ქცევის მოტივატორი ყოფილიყო და ხელი შეეწყო სხვადასხვა მიზნების განხორციელებისთვის. მაგალითად მწუხარება – ეს არის ემოცია რომელსაც შეუძლია ჩვენი აზროვნებისა და აქტივობის შენელება. ამ დროს შეგვიძლია დავფიქრდეთ ჩვენი ემოციური გამღიზიანებლის წყაროზე და დავსახოთ სირთულის გადაჭრის გზები. ბრაზი კი პირიქით გვაჩქარებს, ახდენს ენერგიის მობილიზებას, აძლიერებს ჩვენი კიდურების სისხლით მომარაგებას, გვამზადებს „ბრძოლისთვის“, გვაძლევს წინააღმდეგობების გადალახვის ენერგიას.
ემოციური ინტელექტის განვითარება ბავშვებში
რადგან ემოციური ინტელექტი სამომავლო წარმატების ასეთი ძლიერი პრედიქტორია, მკვლევარებმა შეისწავლეს მშობლების ქცევა, რომელიც გავლენას ახდენს მისი განვითარების სტიმულირებაზე ბავშვებში. აღმოჩნდა, რომ მშობლები ბავშვის ემოციებზე რეაგირებენ ოთხიდან ერთ-ერთი ფორმით:
1. მშობელთა ნაწილი ბავშვის ემოციებს თვლის უმნიშვნელოდ და ცდილობს სწრაფად გაანელოს ემოციები ბავშვის ყურადღების სხვა რამეზე გადატანით.
2. მშობლების ნაწილი არ გამოხატავს მხარდაჭერას და ბავშვის ემოციებს თრგუნავს დასჯის გამოყენებით.
3. მშობლების ნაწილი ცდილობს მიიღოს თავისი შვილის ემოციები, მაგრამ ვერ ახერხებს სათანადო რეაგირებას, არ გამოსდის ამ ემოციებით გამოწვეული ქცევის მართვა.
4. მშობლების ნაწილი კი აფასებს ბავშვის ნეგატიურ ემოციებს და ეხმარება გამკლავების უნარის გამომუშავებაში. არ იჩენს მოუთმენლობას როდესაც ბავშვი გამოხატავს ძლიერ ემოციებს. ამ მომენტს იყენებს შვილთან დასაახლოებლად, აძლევს რეკომენდაციებს, ეხმარება ემოციების სახელდებაში და პრობლემის გადაჭრაში.
იმ მშობლების შვილები, რომლებიც ბავშვებს ასწავლიან ემოციების მართავს, არიან უფრო ჯანმრთელები, კარგად სწავლობენ სკოლაში და უკეთ ამყარებენ კომუნიკაციას მეგობრებთან.
ემოციების მართვის სწავლებისაკენ მიმართული რეკომენდაციები:
1. გააცნობიერეთ თქვენი შვილის ემოციები. მშობლები, რომლებიც კარგად ერკვევიან საკუთარ ემოციებში და აცნობიერებენ თავიანთ გრძნობებს, ასევე თანაგრძნობით ეკიდებიან შვილების ემოციებს. ისინი არ ელოდებიან ბავშვის ემოციების გამძაფრებას იმისათვის, რომ აღიარონ ამ ემოციების არსებობა.
2. ემოციები აღიქვით როგორც ურთიერთობის და სწავლის შესაძლებლობა. ბავშვის ემოციები არ არის უხერხულობის ან პრობლემის წყარო. ის თქვენ გაძლევთ შვილთან ურთიერთობის და ახალი უნარების სწავლების საშუალებს ამ რთული ემოციების გამოყენებით.
3. ყურადღებით მოუსმინეთ და გადაამოწმეთ ბავშვის გრძნობები. გულდასმით მოუსმინეთ თქვენს შვილს, როდესაც ის ემოციას გამოხატავს. გაიაზრეთ რაც მოისმინეთ, უთხარით თქვენს შვილს რომ გესმით, რასაც ის აღიქვამს და განიცდის.
4. დაარქვით სახელი მის ემოციებს. მას შემდეგ რაც ბოლომდე მოუსმინეთ თქვენს შვილს, დაეხმარეთ ამ ემოციების გაგებაში და მათ სახელდებაში. მნიშვნელოვანია ბავშვმა ემოციური მდგომარეობა გადმოსცეს თავისი სიტყვებით. თუ სიტყვათა მარაგი საკმარისი არა აქვს, დაეხმარეთ შესაფერისი სიტყვების მოძებნაში.
5. დაეხმარეთ ბავშვს ემოციის გამოხატვის ფორმისა და შეზღუდვების გააზრებაში. აუხსენით ბავშვს რომ ყველა ემოცია მისაღებია, მაგრამ ყოველგვარი ქცევა არა. დაეხმარეთ თქვენს შვილს გაუმკლავდეს თავის ემოციებს პრობლემების გადაჭრის უნარის განვითარებით. აუხსენით ემოციის გამოხატვის დროს რომელი ქცევაა მისაღები და რომელი არა.
ემოციური ინტელექტისა და თვითრეგულაციის განვითრება განსხვავებულად მიმდინარეობს სხვადასხვა ბავშვთან. ზოგთან ემოციური ტრენინგის ნაბიჯების განხორციელება სწრაფადაა შესაძლებელი, ზოგ შემთვევაში ამ ნაბიჯების შესრულებას დიდი დრო სჭირდება.
მუშაობის პროცესში გამოიჩინეთ მოთმინება, არ არის სავალდებულო ერთ ჯერზე შეასრულოთ ხუთივე ნაბიჯი.
გისურვებთ წარმატებას!
მასალა მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ფსიქოლოგმა ბესო ჭიღვარიამ.
გამოყენებული წყაროები:
1. Daniel Goleman “Emotional Intelligence: Why It Can Matter More Than IQ”, Random House Publishing Group, 2012;