დაკავშირებულია თუ არა აუტიზმი კვებით ალერგიასთან?

უახლესი კვლევებით დადგინდა, რომ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს დაახლოებით 2-ჯერ უფრო ხშირად აწუხებთ კვებითი ალერგია, ვიდრე ბავშვებს, რომელთაც არ აქვთ აუტიზმი.

მეცნიერთა მიერ ანალიზი ჩაუტარდა აშშ-ის ოფიციალური სტრუქტურებიდან მოპოვებულ ინფორმაციას 3-დან 17 წლამდე ასაკის 200 000 ბავშვის შესახებ (მონაცემები მოიცავდა 1997-2016 წლების პერიოდს).

კვლევამ დაადგინა, რომ ბავშვების 11.25%-ს, რომელთაც დაუდგინდათ აუტიზმის დიაგნოზი, ჰქონდა კვებითი ალერგია მაშინ, როდესაც იმ ბავშვებიდან, რომლებსაც არ ჰქონდათ აუტიზმი, კვებითი ალერგია აღმოაჩნდა მხოლოდ 4.25%-ს.

მიღებულმა მონაცემებმა კიდევ უფრო გააღრმავა ეჭვი აუტიზმის განვითარების სავარაუდო რისკ-ფაქტორად იმუნოლოგიური პრობლემების არსებობაზე. ვინაიდან კვლევა იყო მიმოხილვითი, მკვლევარებს არ შეეძლოთ დაედგინათ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი კვებით ალერგიასა და აუტიზმს შორის, ანუ ვერ დგინდება რომელი ვლინდება პირველად, კვებითი ალერგია თუ აუტიზმის სპექტრის დარღვევა.

ჩატარებული კვლევები აუტიზმსა და ალერგიას შორის შესაძლო კავშირზე ფოკუსირებულია ძირითადად რესპირაციულ და კანის ალერგიებზე და ავლენს არასარწმუნო შედეგებს. მეცნიერთა აზრით მეტი კვლევაა საჭირო რომ გაირკვეს, როგორ შეიძლება ალერგიული დაავადებები და აუტიზმი, ეს ორივე მზარდი პათოლოგია, დაკავშირებული იყოს ერთმანეთთან.

აღნიშნული ინფორმაცია გარკვეულ წილად ქმნის საფრთხეს, რომ ადამიანებმა არასწორად შეაფასონ და კვებითი ალერგია აუტიზმის გამომწვევი მიზეზი ეგონოთ. ასევე, უსაფუძვლოდ შეიძლება ჩაუტარონ ასეთ ბავშვებს კვებით ალერგენებზე სკრინინგი. მშობლები შეიძლება აცხადებდნენ, რომ მათ ბავშვს აქვს კვებითი ალერგია, მაგრამ ყოველთვის შესაძლებელი არაა გავიგოთ ეს არის ნამდვილად ალერგია თუ აუტიზმისთვის დამახასიათებელი ქცევითი ცვლილება.

მეცნიერები თანხმდებიან, რომ მშობლებსაც და ექიმებსაც სჭირდებათ გაათვითცნობიერონ აუტიზმის მქონე ბავშვებში ალერგიის მაღალი გავრცელება და უზრუნველყონ ალერგიაზე საეჭვო ყველა კონკრეტულ შემთხვევაში სათანადო შეფასება და მკურნალობა. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ადრეული ასაკის ბავშვებისათვის და ბავშვებისათვის, რომლებიც ვერ მეტყველებენ ან მცირედ მეტყველებენ და არ შეუძლიათ გადმოსცენ ალერგიისთვის დამახასიათებელი ჩივილები. ამ შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს, რომ ალერგიისთვის დამახასიათებელი ჩივილები აუტიზმის მქონე პირებმა შეიძლება გამოხატონ ქცევის შეცვლით, როგორიცაა გაღიზიანებულობა და გუნება-განწყობის ცვლილებები.

ყოველთვის მიმართეთ თქვენ პედიატრს, როდესაც თქვენ ბავშვს ქცევის ცვლილებას ან გაუარესებას შენიშნავთ და ეჭვობთ, რომ რაღაც აწუხებს. სხვა მიზეზებს შორის ერთ-ერთი შესაძლოა კვებითი ალერგიაც იყოს.

მასალა მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის პედიატრმა ცოტნე ბესელიამ.