განსაკუთრებული ნიჭის მქონე მოსწავლეები

ნიჭიერი მოსწავლის გამოსავლენად ზუსტი კრიტერიუმი არ არსებობს, რადგან ტერმინს „ნიჭიერი“ არ აქვს ცხადი და ერთმნიშვნელოვანი დეფინიცია და მასთან მიმართებაში ბევრი კითხვა ჩნდება, მაგალითად: რა კრიტერიუმით უნდა მოხდეს მოსწავლის ნიჭიერების შეფასება? როგორ უნდა გაიზომოს ნიჭი? საჭიროა თუ არა ნიჭიერი ბავშვებისათვის განსაკუთრებული გარემოს შექმნა და როგორ იმოქმედებს ასეთი გარემო?
 
სამეცნიერო სივრცეში, ამ კითხვებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი ჯერ არ არსებობს, თუმცა ნიჭის იდენტიფიკაციის ზოგადი მეთოდი ითვალისწინებს შემდეგ მონაცემებს:
 IQ-ს, ინტელექტის კოეფიციენტის შესაფასებელის ტესტის ქულას;
 მიღწევის სტანდარტიზებული ტესტის ქულას;
 მასწავლებლის შეფასებას;
 მშობლის შეფასებას;
 მოსწავლის აკადემიურ მიღწევას.
 
ამერიკელი ფსიქოლოგი რობერტ სტენბერგი განასხვავებს სამი ტიპის ნიჭსა და ინტელექტს:
 
1. ანალიტიკურს, რაც მოიცავს პრობლემის გადაჭრის ისეთ გზას, როდესაც ადამიანი მას შლის მცირე ნაწილებად და განიხილავს მათ ურთიერთკავშირს. ანალიტიკური ნიჭი ადამიანს აპოვნინებს პრობლემის გადაჭრის იმ გზას, რომელიც ერთი შეხედვით არ ჩანს. ეს უნარი იზომება სტანდარტული ინტელექტის ტესტით.
 
2. ექსპერიმენტულ ანუ სინთეზურს, რაც მოიცავს გამჭრიახობას, კრეატიულობას, ინტუიციას და ახალ სიტუაციებთან ადაპტაციის უნარს. ეს ის უნარია, რომელიც ასოცირდება მაღალ მიღწევებთან ხელოვნებასა და მეცნიერებაში. ამ ნიჭის მქონე ადამიანებს შესაძლებელია არ ჰქონდეთ მაღალი IQ, მაგრამ აქვთ ახალი იდეები და ხედავენ ახალ გზებს წამოჭრილი პრობლემის გადასაჭრელად.
 
3. პრაქტიკულს, რაც მოიცავს ყოველდღიური პრობლემების გადაჭრის უნარს, გარემოში ადაპტაციას, გარემოს ცვლილებას და შერჩევას, კარიერულ წინსვლას.
 
ნიჭიერ ბავშვებს პირობითად ყოფენ შემდეგ ტიპებად:
• ნაადრევად განვითარებული ბავშვი: ასეთი ბავშვები ადრეულ ასაკში ამჟღავნებენ ნიჭს, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენა, მუსიკა, მათემატიკა.
 
• გამჭრიახი ბავში: კარგად ანსხვავებს შესაბამის და შეუსაბამო ინფორმაციას, პოულობს პრობლემის გადაჭრის პრაქტიკულ გზას მცირე ცოდნის გამოყენებით, შეუძლია ახალ და ძველ ინფორმაციას შორის კავშირის დადგენა უჩვეულო გზით.
 
• „გენიოსი ბავშვი“: განსაკუთრებით მაღალი ინტელექტის ბავშვი, რომელსაც ყველა უნარი თანაბრად კარგად აქვს განვითარებული.
 
• კრეატიული ბავშვი: აქვს უჩველო და გამოყენებადი იდეები, ხსნის უჩვეულო და მნიშვნელოვან კავშირებს. სვამს კითხვებს შეუსწავლელ საკითხებზე.
 
• „ბავშვი ტალანტი“: ის რომელიმე კონკრეტულ სფეროში განსაკუთრებული მიდრეკილებით გამოირჩევა თანატოლებისგან.
 
ნიჭიერ მოსწავლეთა უმრავლესობა გამოირჩევა სწავლისადმი მაღალი მოტივაციით, შემოქმედებითობითა და მაღალი აკადემური მოსწრებით, მიუხედავად ამისა, ასეთი ბავშვები ხშირად თავიანთი შესძლებლობების ბოლომდე გამოყენებას ვერ ახერხებენ.
 
ეს შეიძლება სხვადასხვა ფაქტორს უკავშირდებოდეს, მათ შორის, მაგალითად: მოტივაციის ნაკლებობას, შეფასების არასწორ სისტემას, ოჯახურ პირობებს, გენდერული ან რასობრივ-ეთნიკური ნიშნით გამორჩევას და ა.შ.
 
ნიჭი თანდაყოლილი ფენომენია, თუმცა სპეციალისტები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ოჯახის როლს ნიჭიერი ბავშვის განვითარების პროცესში. უნართა სრულყოფილად განვითარებისათვის მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სასურველია მოხდეს:
 
 ბავშვის მიდრეკილების აღმოჩენა და მხარდაჭერა;
 ადრეულ ასაკში ნაკლებად ფორმალურ და განმავითარებელ თამაშებში ჩართვა;
 მაგალითის მიცემა ცხოვრების სტილით;
 განსაკუთრებული მიდრეკილებების წახალისება;
 რთული დავალების შესრულების დაჯილდოვება;
 განათლების პროცესში ბავშვის მონაწილეობა;
 მასწავლებლებთან თანამშრომლობა;
 დამატებით განათლებაზე ზრუნვა.
 
ზოგჯერ ნიჭი და მიღწევა ერთამანეთთან შესაბამისობაში არ არის. დაბალი აკადემიური მიღწევის მიზეზი შეიძლება იყოს შეუსაბამო სასკოლო პროგრამა, რომელიც ბავშვისთვის უინტერესოა. მოსაწყენი საგაკვეთილო პროცესისგან თავის არიდების მიზნით შესაძლოა თავი იჩინოს ოპოზიციურ-გამომწვევმა ქცევამ და ბავშვის გამორჩეული უნარები მისი არასასურველი ქცევის ფონზე ყურადღების მიღმა დარჩეს.
 
სწორედ ამიტომ, ის მოსწავლეები, რომელთა უნარებიც საგრძნობლად განსხვავდება, უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ თავიანთი შესაძლებლობათა შესაბამისი აქტივობებით. მაღალგანვითარებული ბავშვები არ უნდა იყვნენ მოსაწყენ და შეუფერებელ გარემოში. მათ ისევე ესაჭიროებათ სპეციალური საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, როგორც დასწავლის სირთულის მქონე მოსწავლეებს.
 
ნიჭიერ ბავშვთა სასწავლო პროცესის წარმართვის ორი ძირითადი მიდგომა არსებობს: აქსელერაცია და გამდიდრება.
 
აქსელერაცია გულისხმობს წარმატებული მოსწავლის ასაკის შესაბამისზე მაღალ კლასში გადაყვანას და უმაღლეს სასწავლებელში სრულ ან ნაწილობრივ სწავლებას. მაგალითად: შესაძლოა მოსწავლე იყოს მეათე კლასში და ექსტერნად ესწრებოდეს უნივერსიტეტის ლექციებს.
 
გამდიდრება გულისხმობს წარმატებული მოსწავლის ასაკის შესაბამის კლასში სწავლებას, მაგრამ თანაკლასელებთან შედარებით უფრო რთული, დამატებითი დავალებების მიცემას.
 
ორივე მიდგომას აქვს თავის ძლიერი და სუსტი მხარეები. ერთის მხრივ კარგია, როცა ნიჭიერი ბავშვი თანატოლებთან ერთად სწავლობს, რადგან ეს მისთვის შესაბამისი სოციალური გარემოა, თუმცა მეორეს მხრივ მხოლოდ გამდიდრებული სასწავლო მასალა არ არის საკმარისი მისი უნარების ბოლომდე რეალიზებისათვის, და პირიქით, აქსელერირებული სწავლებისას უნარები უკეთ ვითარდება, თუმცა მოსწავლეს უჭირს თავისზე უფროს კლასელებთან ურთიერთობა.
 
ამ მიდგომებს შორის არსებული გაურკვევლობის მიუხედავად ცნობილია ის სამი ფაქტორი, რომელიც აუცილებლად დაცული უნდა იყოს განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვებთან მიმართებაში:
 
1. სასწავლო გეგმა უნდა იყოს ინდივიდუალური და შესაძლებლობებზე მორგებული;
2. სასწავლო პროგრამა უნდა იყოს კარგად ორგანიზებული და მდიდარი;
3. უნდა მოხდეს თანაბარი შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა ჯგუფების დაკომპლექტება.
 
ნიჭიერ მოსწავლეთა განათლება ახალ და რთულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. მაქსიმალური შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია ნიჭიერი ბავშვის ადრეულად ამოცნობა, მისთვის სპეციალური გარემოს შექმნა და ასეთ მოსწავლესთან მომუშავე ინტერდისციპლინარული გუნდის გადამზადება.
 
სტატია მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის სპეციალური განათლების მასწავლებელმა ნესტან კაპანაძემ