ბულინგი და აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვები

აუტიზმის სპექტრის მქონე ინდივიდები 63%-ით უფრო ხშირად ხდებიან ბულინგის მსხვერპლნი, ვიდრე განვითარების სხვა დარღვევის მქონე ინდივიდები. ბულინგი არის განმეორებითი, ზიანის მომტანი ქმედება პიროვნების ან ჯგუფის მიმართ. არსებობს ბულინგის რამდენიმე ფორმა: ვერბალური (სიტყვიერი), ფიზიკური, ემოციური, კიბერბულინგი და სხვა. უფრო და უფრო იზრდება კიბერბულინგის შემთხვევები,მათ შორის, ტვიტერის, ფეისბუქის და სხვა სოციალური მედიის გამოყენებით.

ბულინგის შედეგი შესამჩნევია და შესაძლოა გამოიწვიოს თვით-შეფასების დაქვეითება, შფოთვის მომატება, დეპრესია, შიში, სკოლაში წასვლაზე უარის თქმა, იზოლაცია, სუიციდური აზრები და სუიციდი. ზოგჯერ ბულინგის მსხვერპლი ცდილობს დაფაროს საკუთარი რეაქცია ბულინგზე, თუმცა ოჯახის წევრებმა შესაძლოა შენიშნონ პრობლემები აკადემიურ მოსწრებაში, ყურადღების კონცენტრირებაში, აკადემიური უნარების მიმართ ინტერესის დაკარგვაში, სკოლისგან თავის არიდებაში და ა.შ

აუტიზმის სპექტრის მქონე ინდივიდებისთვის რთულია ბულინგის აღქმა. გონების თეორიიდან ანუ „აზრების კითხვის“ სირთულეებიდან და სოციალური უნარების დეფიციტიდან გამომდინარე, ისინი ხშირად ხდებიან ბულინგის სამიზნეები. გონების თეორია გულისხმობს სხვისი განზრახვის, ემოციის,აზრების ამოცნობის სირთულეებს. სოციალური უნარების მხრივ, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ინდივიდებს უჭირთ არავერბალური მინიშნებების გაგება, მათ შორის სხეულის ენისა და სახის გამომეტყველების.

მნიშვნელოვანია სკოლებში დაიგეგმოს  ბულინგის საწინააღმდეგო პროგრამები, რომელიც ფოკუსირდება ტოლერანტობის გაზრდასა და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე. კვლევები გვაჩვენებს, რომ პროაქტიულ სტრატეგიებს შეუძლია მდგომარეობის გაუმჯობესება.

 

ქვემოთ მოცემულია რეკომენდაციები, რომელიც გამოიყენება ბულინგის სამართავად:

 

  1. მნიშვნელოვანია ბულინგის საწინააღმდეგო სტრატეგიების დაგეგმვა და გარკვეული წესებისა და ნორმების დამკვიდრება სკოლის გარემოში. წესები არ უნდა გამოიხატოს ნეგატიური ტერმინებით (მოსწავლეებისთვის იმაზე მინიშნება, თუ რა არ უნდა გააკეთონ). წესები არ უნდა იყოს მხოლოდ აბსტრაქტული ტერმინებით გაწერილი, მაგ: „პატივი ვცეთ სხვებს“. უმჯობესია, თუ განსაზღვრავთ, რას ნიშნავს სხვების პატივისცემა. ბავშვებს ასწავლეთ, როგორ სცენ სხვებს პატივი.

 

  1. წინა პლანზე წამოწიეთ ბავშვები, რომლებიც კლასელების მიმართ ტოლერანტულები არიან. სკოლის  პედაგოგებმა  უნდა წაახალისონ ასეთი ბავშვები სხვების წინაშე.

 

  1. აუტიზმის მქონე ინდივიდებისთვის მნიშვნელოვანია კონკრეტული ტერმინებით ახსნა, თუ რა არის ბულინგი და კონკრეტული მაგალითების მოყვანა სოციალური სიტუაციებიდან. სოციალური ისტორიების, როლური თამაშების და მოდელირების გამოყენებით მათ უნდა წარუდგინოთ რეალური, ცხოვრებისეული მაგალითები და ასწავლოთ გარჩევა, თუ რა არის და რა არ არის ბულინგი.

 

  1. ბულინგის შემთხვევაში მნიშვნელოვანია მოხდეს უსაფრთხო გარემოს და სანდო პირის იდენტიფიცირება, რომელსაც რაც შეიძლება სწრაფად მიაკითხავს აუტიზმის სპექტრის მქონე ინდივიდი. შეგიძლიათ დაწეროთ ან დახატოთ პროცედურა, რომელსაც ინდივიდი დაიცავს ბულინგის შემთხვევაში ან მაშინ, როდესაც სიტუაცია მისთვის საფრთხის შემცველი და არაკომფორტული იქნება. სასურველია ამ პროცედურების ამსახველი ბარათი ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს მისთვის (მაგ: ატაროს ჯიბით, შეინახოს ჩანთაში და ა.შ)

 

  1. მნიშვნელოვანია ინდივიდს ჰყავდეს მეგობრები, მასთან დაახლოებული პირები, რომლებიც საჭიროებისამებრ დაიცავენ მის ინტერესს და დაეხმარებიან კრიტიკული სიტუაციების გამკლავებაში. გარემოდან იზოლირებული ადამიანი მეტად მოწყვლადია ბულინგის მიმართ.

 

მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ფსიქოლოგმა, ქცევითი თერაპიის ხელმძღვანელმა სალომე გაბაძემ.