ბრტყელი ტერფი ბავშვებში

ტერფის პრობლემები საკმაოდ ხშირია. თანამედროვე გამოკვლევებით საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებათა 62%-ს სწორედ ტერფის პათოლოგიები იკავებს. ბევრმა არ იცის, რომ ტერფის ესა თუ ის “კოსმეტიკური დეფექტი” ხშირად არის სიარულის დროს მოძრაობითი სტერეოტიპის დარღვევის და სხვადასხვა დაავადების საფუძველი.

ტერფი უზრუნველყოფს დიდ სიმაღლეზე მდებარე და სისტემატურად მერყევი სიმძიმის ცენტრისთვის სათანადო ფართობის საყრდენი ზედაპირის შექმნას.

ტერფის სამი მთავარი ფუნქციაა:
1. ამორტიზება – ამცირებს სხეულის რყევებს;
2. ბალანსირება – აწონასწორებს სხეულის ნაწილების მდებარეობას სიარულისა და დგომის დროს;
3. რესორული ფუნქცია – ტერფის ელასტიურობა და დრეკადობა უზრუნველყოფს სიმძიმის ცენტრის გადაადგილების შესაბამისად საყრდენი წერტილების სწრაფ გადანაცვლებას.

ჯანსაღ ტერფს, რომელიც განივი და გასწვრივი თაღებისგან შედგება, რკალისებური მოხაზულობა აქვს. თანდაყოლილ თუ შეძენილ მიზეზთა გამო ზოგჯერ ეს თაღები სწორდება, ბრტყელდება და ტერფი შიგნით ან გარეთ შებრუნდება.

თაღების ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობს 3-4 წლიდან 8 წლის ასაკამდე. სწორედ ეს პერიოდი ითვლება საუკეთესო დაქვემდებარების პერიოდად, როცა ცვლილებების შეტანა და თაღების ჩამოყალიბების პროცესში ხელშეწყობა შესაძლებელია.

ტერფის გავრცელებული პათოლოგიებია:
• ტერფმრუდობა – რომელიც თანდაყოლილი დეფექტია.
• ბრტყელტერფიანობა – რომელიც შესაძლებელია იყოს თანდაყოლილიცა და შეძენილიც.
• ღრუ ტერფი – რომელიც შეძენილი პათოლოგიაა და ხშირად ვითარდება აუტისტური სპექტრის ისეთ ბავშვებში, რომლებიც თითის წვერებზე დადიან.
• ვალგუსი – ტერფის მკვეთრი ჰიპერპრონაცია (შიგნით შებრუნება), რომელიც მსუბუქ შემთხვევებში გამოწვეულია კოჭ-წვივის სახსრის არასტაბილურობით. ნორმაში წვივისა და ქუსლის ძვლები ერთ ხაზზე უნდა მდებარეობდეს, ფიზიოლოგიური გადახრა დასაშვებია მხოლოდ 5 გრადუსით.

ტერფის სხვა პათოლოგიებთან შედარებით, ბრტყელტერფიანობა (pes planus) ყველაზე გავრცელებულია. ის იწვევს მთელი ორგანიზმის შრომისუნარიანობის დაქვეითებას, ადვილად დაღლას, წვივის კუნთების, მუხლების და წელის ტკივილს, ზოგჯერ თავის ტკივილსაც კი. იცვლება სიარულის მანერა, მუხლის სახსრები დეფორმირდება, შეიძლება განვითარდეს ხერხემლის სვეტის ისეთი დეფორმაციები, როგორიცაა: სქოლიოზი, ლორდოზი, კიფოზი, კიფო-სქოლიოზი და ა.შ.

ბრტყელტერფიანობის მკურნალობა მოიცავს სპეციალურ ვარჯიშებსა და თაღის დამჭერი სამკურნალო-კორექციული ღაბაშის (სუპინატორის) გამოყენებას.

ბრტყელი ტერფის კორექციისა და ტკივილის შესამცირებლად საჭიროა დიდი წვივის წინა და უკანა ჯგუფის კუნთების განვითარება და გაძლიერება. ვარჯიშები შერჩეული უნდა იყოს ისე, რომ სხეულის სიმძიმე ნაკლებად აწვებოდეს ტერფის თაღს.

ვარჯიშები ტარდება მჯდომარე პოზაში: ტერფის აქტიური სუპინაცია (გარეთ ბრუნვა) და პრონაცია; შემდეგ მდგომარე პოზაში: ფეხის წვერებზე დგომა, ტერფის გარე კიდით სიარული, ქუსლებიდან თითებზე გადასვლები და პირიქით, პატარა ბურთის ამოდება ფეხის გულში (წინდაში) და სიარული, ფეხის თითებით მსუბუქი ნივთების აღება, ტერფების სრიალი ჯოხებზე, ორბირთვზე, ზაფხულობით ფეხშიშველი სიარული არასწორ ზედაპირზე.

თაღების ჩამოყალიბების პროცესის ხელშეწყობისა და ჰიპერპრონაციის (ტერფის შიგნით ბრუნვა) კორექციისთვის მნიშვნელოვანი და ყველაზე ეფექტური საშუალებაა სამკურნალო-საკორექციო ღაბაში.

არ არის რეკომენდებული, განსაკუთრებით მოზარდებისთვის, თხელძირიანი და ადვილად დეფორმირებადი ფეხსაცმელი: ე.წ. ბალეტკები, კედები და უგები. ფეხსაცმელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს 2-3 სმ ქუსლი, წინატერფისა და ქუსლის ფიქსაციისათვის კი – მყარი კიდეები.

ხშირად მშობლები საკუთარი ინიციატივით ურჩევენ შვილებს ორთოპედიულ ფეხსაცმელს, რაც არასწორია. თუკი ბავშვს აღენიშნება ჰიპერსუპინაცია (როდესაც ტერფი შებრუნებულია გარეთკენ) არ არის რეკომენდებული სუპინატორიანი ფეხსაცმლის თვითნებური ხმარება. აუცილებელია ბავშვის ფეხსაცმლის შერჩევა მოხდეს სპეციალისტთან (ორთოპედთან) კონსულტაციით.

მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის რეაბილიტოლოგმა: მერი გიუნაშვილმა.