ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობა წარმატებული თვითრეალიზაციის საფუძველია – მედეა ზირაქაშვილი

ჩვენი ცენტრის ბავშვთა ფსიქიატრი და ნევროლოგი მედეა ზირაქაშვილი “დედამიცის”-თან საუბრობს ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ.

რას გულისხმობს ბავშვთა ასაკში ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნება

ბავშვთა ასაკში ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნება გულისხმობს: კოგნიტური, ქცევითი და ემოციური სფეროების ასაკის შესაბამის განვითარებას, კარგი სოციალური უნარების ფლობას და  სხვადასხვა ეტაპზე წარმოშობილი გამოწვევების გამკლავების შესაძლებლობას. ფსიქიკური ჯანმრთელობა, ფიზიკურ სიჯანსაღესთან ერთად საფუძველია წარმატებული თვითრეალიზაციის სკოლაში, სახლში, საზოგადოებაში. ის განსაზღვრავს,თუ როგორ ვფიქრობთ, ვგრძნობთ, ვმოქმედებთ. სასიცოცხლო ციკლში ბავშვობის და მოზარდობის ხანა კრიტიკული ეტაპია ფსიქიკური ჯანმრთელობის ჩამოყალიბების კუთხით. ეს ის პერიოდია, როდესაც ახალგაზრდა ადამიანებს უვითარდებათ უნარები: თვითკონტროლის, სოციალური ინტერაქციის და სწავლის თვალსაზრისით.

როდის უნდა იწყებდეს მშობელი ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე  ზრუნვას?

თუ წლების განმავლობაში მიჩვეულები ვიყავით, რომ ბავშთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას მშობელი იწყებდა 4 წლიდან, უკვე ბოლო ათწლეულია რაც ინტენსიურად ვსაუბრობთ, უფრო ადრეული პერიოდის, ჩვილობის ასაკის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ანუ დასმულ შეკითხვაზე, რომ საიდან უნდა დაიწყოს მშობელმა ზრუნვა შვილის ჯანსაღი ფსიქიკის ჩამოყალიბებაზე, პასუხია – დაბადებიდან.

განგვიმარტეთ, რას ნიშნავს  ჩვილობის ასაკის ფსიქიკური ჯანმრთელობა. რა არ უნდა გამორჩეს მშობელს  და როგორი უნდა იყოს მისი როლი ბავშვის განვითარების ამ ეტაპზე? 

ბავშვის მზარდი შესაძლებლობა  დაბადებიდან – 3-5 წლამდე ჩამოიყალიბოს ახლო და უსაფრთხო ურთიერთობა, როგორც უფროსთან, ასევე თანატოლთან, განიცადოს, მართოს და გამოხატოს ემოციის ფართო სპექტრი და შეისწავლოს გარემო ოჯახის, საზოგადოების და კულტუროლოგიური თავისებურების კონტექსტში – ასე განმარტავს ჰარვარდის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო გვერდი ჩვილობის ასაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნებას. მათივე მონაცემებით 6 წლამდე ასაკის ბავშვი განიცდის იგივე შინაარსის და ინტენსივობის ფსიქიკურ პრობლემებს, რასაც შედარებით მოზრდილი ასაკის ბავშვები და მოზარდები. ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ დაბადების პირველ თვეებში, როგორც მშობელი სწავლობს საკუთარი შვილის ტემპერამენტს და ქცევებს, ასევე დედის/აღმზრდელის შესწავლის პროცესშია ჩვილიც. შესაბამისია მათი დამოკიდებულება და პასუხი დედის/აღმზრდელის გუნება-განწყობასა და ემოციებზე. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჯერ არ მეტყველებენ და არ ესმით თითქოს შინაარსობრივად, არაჩვეულებრივად ფლობენ სახის გამომეტყველებით, ღუღუნით, ტირილით,   ინფორმაციის გაცვლის საშუალებებს. მათ  ჩვეულებრივ სწყინთ, განიცდიან შიშს და ზოგადად ზრდასრულებისთვის დამახასიათებელი ემოციების მთელ სპექტრს. ამ პერიოდში აღმზრდელის მხრიდან მზრუნველი,უსაფრთხო, დაცული, პოზიტიური ემოციური უკუკავშირი ჩვილთან ძალიან მნიშვნელოვანია (მიჯაჭვულობა). ჩვილობის ასაკში ეყრება საფუძველი ადამიანის სოციალური ურთიერთობების უნარს,  ემოციის ადეკვატურად მართვის და გამოხატვის შესაძლებლობებს, ასევე თუ რა ფორმით განვითარდება ზოგადად დასწავლის უნარი. ერთი შეხედვით საზოგადოებისთვის „უმნიშვნელო“ განვითარების სტადია, ბაზისური ეტაპია ბავშვის კოგნიტური, ქცევითი და სოციალური კეთილდღეობის მომავალში.  მშობელს, თავისი კარგი ფსიქოგანათლების,  დაკვირვებული თვალის და მზრუნველი დამოკიდებულების ხარჯზე შეუძლია მისცეს ბავშვს საშუალება სრულად  გამოავლინოს საკუთარი თავი, მარტივად ადაპტირდეს გარემოში  და განივითაროს ის ასაკობრივი პოტენციალი, რაც აუცილებელია  შემდგომ ეტაპებზე წარმოშობილი გამოწვევების გასამკლავებლად.  მშობლის და გარემოს დამოკიდებულება პირდაპირი გამსაზღვრელია  ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობის.

როდის ხდება ფსიქიკური ჯანმრთელობის  დარღვევების გამოვლენა ბავშვებში და როგორ ამოვიცნოთ ეს ნიშნები?

ითვლება, რომ 5 ბავშვიდან ერთს აქვს სხვადასხვა სიმძიმის და შინაარსის ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევები. ძალიან მნიშვნელოვანია მშობელმა მიაქციოს ყურადღება ცვლილებებს ბავშვების ფიქრის და აზროვნების, გრძნობების გამოხატვის, ქცევების ცვლილებების და ასევე ფიზიკური ნიშნების  თვალსაზრისით.

საყურადღებოა, თუ განვითარების ადრეულ სტადიაზე ბავშვი:

  • აიგნორებს გარშემომყოფების ყურადღებას და შეთავაზებებს, სახელზეც კი არ იხედება.
  • არ ასრულებს დავალებებს და მშობელს უჭირს დაასწავლოს ახალი უნარები,
  • არაფუნქციურად იყენებს სათამაშოებს,
  • არ ინტერესდება ბავშვებთან ურთიერთობით,
  • აგვიანებს მეტყველების დაწყებას.

უფრო მოგვიანებით:

  • ბავშვი ხშირად თავს იდანაშაულებს გარკვეული ქმედებების გამო,
  • გაღიზიანებული და ოპოზიციურია, აქვს გამომწვევი ქცევები,
  • უჭირს კონცენტრირება,
  • ხშირად აქვს უარყოფითი ფიქრები,
  • აქვს დაბალი აკადემიური მოსწრება სკოლაში

ემოციურად

  • გადაჭარბებულად გამოხატავს ემოციებს,
  • არ არის ბედნიერი, შფოთავს, იდანაშაულებს თავს, ადვილად ღიზიანდება, მოწყენილი და გაბრაზებულია ხშირ შემთხვევაში,
  • აქვს უიმედობის განცდა, მოწყენილია, მშობელს უჭირს მისი გამხიარულება,
  • ფიქრობს, რომ რაღაც ცუდი მოხდება,
  • ხშირად თვალცრემლიანობს/ ტირის, მცირე მიზეზის გამო.

ქცევის მხრივ

  • ისწრაფვის მარტოობისკენ
  • ადვილად ტირის,
  • აღარ აინტერესებს აქტივობები, რაც ადრე სიამოვნებას ანიჭებდა,
  • უეცრად ფეთქდება და ანთხევს ბრაზს უმნიშვნელო ფაქტზე,
  • ღონემიხდილი, ენერგიაგამოცლილია,
  • აქვს ძილის პრობლემები,ან პირიქით სულ ეძინება,
  • ერთვება სარისკო ქმედებებში,
  • აქვს განმეორებადი მოქმედებები : მაგ.მუდმივად ამოწმებს, მოწესრიგებულად, გარკვეული კანონზომიერებით ალაგებს საკუთარ ნივთებს.ეხება ზედაპირებს, ითვლის განმეორებითად.
  • უჭირს დამეგობრება, არ ჰყავს მეგობრები

ფიზიკური დარღვევები:

  • აქვს თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი- სამედიცინო მიზეზის გარეშე.
  • ღონემიხდილია, ძალაგამოცლილი ხშირად.
  • აქვს კვების და ძილის დარღვევები,
  • ავლენს ჰიპერაქტიულობას.

ფსიქოსოციალური გარემოს მნიშვნელობა რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის?

ფსიქიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია რამოდენიმე  გარემოს ურთიერთგადაჯაჭვული ფაქტორების ერთობლიობაზე გაკეთდეს აქცენტი: 1) ბავშვის მხრიდან გასათვალისწინებელია – ფიზიკური ჯანმრთელობა, ინტელექტუალური განვითარება და  ტემპერამენტი, 2) ოჯახის მხრიდან –  მხარდამჭერი, მზრუნველი დამოკიდებულება, ბავშვის უპირობო მიღება, აღზრდის კომფორტული სტილის და დამაკმაყოფილებელი სოციოეკონომიკური სტატუსი,  3) საზოგადოებრივი ფაქტორებიდან მნიშვნელოვანია დაცული გარემოს: ბაღი, სკოლა, რეკრეაციული აქტივობების უზრუნველყოფა.

რჩევები მშობლებს :

  •  გიყვარდეთ შვილები უპირობოდ
  • წაახალისეთ ბავშვები საკუთარ ემოციებზე სასაუბროდ, გააკეთონ იდენტიფიკაცია საკუთარი ემოციების
  • იყავით კარგი მსმენელები
  • მიეცით თამაშის და გართობის დრო
  •  გამოკითხეთ, რა მოხდა დღის მანძილზე
  • უზრუნველყავით ძილის ჰიგიენა და  ჯანსაღი კვება
  •   მიეცით პოზიტიური თავის მოვლის მაგალითი
  •   ყოველთვის ეცადეთ, წაუხალისოთ დამოუკიდებლობა
  •   გულწრფელად და ასაკის შესაბამისად გასაგებად მიაწოდეთ  ახალი ინფორმაცია
  •   დაეხმარეთ და მიეცით არჩევანი პრობლემების გადაჭრისთვის
  •   გამოყავით დრო და ესაუბრეთ სხვადასხვა თემებზე.