ბავშვის სასკოლო მზაობა და მშობლის როლი სასკოლო მზაობისთვის

სკოლის დაწყება რთული პერიოდია როგორც ბავშვისთვის, ასევე მშობლებისთვის. მშობელთან განშორება, უცხო ადამიანებთან შეხვედრა და უცხო გარემოსთან შეგუება შფოთვის მოგვრელია, თუმცა ეს სრულიად ნორმალური და ჩვეულებრივი მდგომარეობაა, რომელიც ამ ეტაპს ახლავს.

როგორ გავიგოთ არის თუ არა ბავშვი სკოლისთვის მზად, რას ელიან მასწავლებლები მისგან და რა უნარებს უნდა ფლობდეს ბავშვი სკოლაში წასვლამდე?

ამ პერიოდისთვის აუცილებელია, რომ ბავშვმა იცოდეს და შეეძლოს:

1. ახალ გარემოსთან შეგუება მშობლის თანდასწრების გარეშე;
2. მოსმენა და რიგის დაცვა;
3. სხვა ბავშვებთან საგნების გაყოფა და გაზიარება;
4. საპირფარეშოში დამოუკიდებლად შესვლა, ღილების და ელვის შეკვრა;
5. კალმის სწორად დაჭერა;
6. მშობლების სახელი და გვარი;
7. ერთი ფერის, ფორმის და ზომის საგნების დაწყვილება;
8. მინიმუმ 5 ფერის ცნობა;
9. საკუთარი სახელის ყველა ასოს ცნობა;
10. მაკრატლის გამოყენება;
11. ხაზების, წრეების და ჯვრის ხატვა;
12. ისეთი სიტყვების გაგება,როგორიცაა: ,,ზემოთ’’, ,,ქვემოთ’’, ,,დიდი’’, ,,პატარა’’, ,,მეტი’’, ,,ნაკლები’’;
13. თვლა 1-დან 10-მდე.

იმისთვის რომ ბავშვს დავეხმაროთ შეგუებაში და განვაწყოთ ის პოზიტიურად სკოლისადმი, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
• სწავლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე შეაჩვიეთ ბავშვი დაძინებისა და გაღვიძების იმ რეჟიმს, რომლის დაცვაც სკოლის დაწყების შედეგ მოუწევს;
• სასურველია ბავშვმა წინასწარ იცოდეს თავისი დღის განრიგი, უთხარით მას თუ როდის დაეწყება და დაუმთავრდება გაკვეთილები;
• ესაუბრეთ მას მის ემოციებზე, გამოკითხეთ თუ რას გრძნობს ის სკოლის დაწყებასთან დაკავშირებით, რაზე ღელავს, რა უხარია და ეშინია თუ არა რამის;
• სკოლის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ეთამაშეთ როლური თამაშები, სახლში შექმენით სკოლასთან მიმსგავსებული გარემო, ხან თქვენ იყავით მასწავლებელი და ბავშვი – მოსწავლე და ხან პირიქით;
• მოიშველიეთ სოციალური ისტორიები ამა თუ იმ პრობლემის გადასაჭრელად და სიტუაციის დასაძლევად;
• სკოლის დაწყებამდე მოინახულეთ საკლასო ოთახი, გააცანით თავისი მასწავლებელი, დაათვალიერებინეთ ის გარემო, სადაც მოუწევს სწავლა;
• ესაუბრეთ სკოლის დადებით მხარეებზე, მაგალითად: რა კარგია ახალი მეგობრების შეძენა და სხვა;
• აუხსენით, რომ ყველა ბავშვი ნერვიულობს სწავლის დაწყების წინ და ის ერთადერთი არაა;
• ჩანთაში ჩაუდეთ ისეთი ბარათი ან სურათი, რომელიც შეახსენებს, რომ მასზე ფიქრობთ და ის მარტო არაა;
• დაარწმუნეთ ბავშვი, რომ რაიმე სახის პრობლემის გაჩენისთანავე მასთან გაჩნდებით და დაეხმარებით მას ამ პრობლემის გადაჭრაში;
• შეეცადეთ, რომ ბავშვმა გაიცნოს თავის რომელიმე კლასელი სკოლაში მისვლამდე, რადგან სკოლაში მისვლისას მას უკვე ეყოლება ნაცნობი ადამიანი ან მეგობარი ახალ გარემოში;
• ბავშვისთვის სახალისო და სასიამოვნო იქნება თუ ის სკოლაში წავა თავის კლასელთან ან მეზობელთან ერთად;
• უთხარით, რა შეიძლება გააკეთოს მან გაკვეთილების დასრულების შემდეგ, დაპირდით და წაიყვანეთ ის მისთვის საყვარელ ადგილას.
მასწავლებელსა და მშობელს შორის კომუნიკაცია, ინფორმაციის გაცვლა, ბავშვის ყოველი წარმატებისა თუ მარცხის გაზიარება აიოლებს მშობლისთვის სასწავლო პროცესის მართვას.
გისურვებთ წარმატებებს!

 

 მასალა მოამზადა ფსიქოლოგმა/ ქცევითმა თერაპევტმა ქეთი კირცხალიამ.