ბავშვის სათამაშოების შერჩევა ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში – ამერიკის პედიატრიის აკადემიის რეკომენდაცია

ბოლო პერიოდში ყველამ გავაცნობიერეთ, რომ თამაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის. ისიც ვიცით, რომ თამაში ხელს უწყობს ბავშვის კოგნიტურ, ფიზიკურ, სოციალურ და ემოციურ კეთილდღეობას. ინტერნეტის შემოჭრამ ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში დაამკვიდრა ბავშვის განვითარების ხელშემწყობი სხვადასხვა აპლიკაციები – ვირტუალური „სათამაშოები“.

რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში ამერიკელი პედიატრები გვირჩევენ, რომ მშობლებმა არ შევიძინოთ პატარა ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშო აპლიკაციები.

ისევე როგორც არ არის კარგი ბავშვი დავსვათ ტელევიზორთან ან მივცეთ ჩვენი ტელეფონი ან პლანშეტი გასართობად, ასევე არ არის რეკომენდებული სათამაშო აპლიკაციების გამოყენება, რადგან არაფერი ისე არ უწყობს ხელს ბავშვის განვითარებას, როგორც მომვლელთან (მშობელთან) პირისპირ ურთიერთობა და თამაში.

„ფიზიკური სათამაშოები (და წიგნები) ქმნის თბილ, სიტყვებით გამდიდრებულ ურთიერთობას ბავშვსა და მომვლელს (მშობელს) შორის, რაც განსაკუთრებით ღირებულია ბავშვის განვითარების ხელშეწყობისთვის“, ამბობს რეკომენდაციების ერთ-ერთი ავტორი ალან მენდელსონი (ნიუ იორკის მედიცინის სკოლა), „იგივე არ ხდება კომპიუტერული თამაშის შემთხვევაში, პირიქით, ის ფაქტიურად აფერხებს ურთიერთობას. არ არსებობს მტკიცებულებები, რაც ადასტურებს 2 წლამდე ასაკში გამოყენებული ეკრანის სარგებელს“.

ამერიკის პედიატრიის აკადემიის რეკომენდაციით 2 წლამდე ასაკში საერთოდ არ უნდა გამოვიყენოთ არცერთი ეკრანი – ტელევიზორი, კომპიუტერი, ტელეფონი ან პლანშეტი.

ეკრანის ჯამური დრო, რაც მოიცავს ეკრანის მქონე ნებისმიერი მოწყობილობის გამოყენებას, არ უნდა აღემატებოდეს ერთ საათს – ასეთია ამერიკის პედიატრიის აკადემიის რეკომენდაცია.

5 წლამდე ასაკის ბავშვისთვის კომპიუტერული თამაში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს თამაში შეესაბამება ბავშვის განვითარების დონეს და ამ თამაშის დროს მის გვერდით არის მშობელი ან მომვლელი.

განსხვავებულია რეკომენდაცია იმ ბავშვების მშობლებისთვის, რომელთა განვითარებაც ტიპურად არ მიმდინარეობს. ისეთ შემთხვევაში, როცა ბავშვს აქვს ინტელექტუალური ან ფიზიკური შესაძლებლობების შეზღუდვა, შესაძლებელია უფრო სასარგებლოც კი იყოს ტექნოლოგიების გამოყენება თამაშისთვის. ამ შემთხვევაშიც კი, როცა გამოყენებული ტექნოლოგიები ბავშვს არსებული შეზღუდვის დაძლევის საშუალებას აძლევს, მშობელი ან მომვლელი აუცილებლად უდა იყოს მასთან ერთად და არ დატოვოს თამაშის დროს მარტო.

„მე ვერ ვიტყვი რომ კომპიუტერული სათამაშოები უსარგებლოა“, ამბობს ექიმი ლარი როზენი (კალიფორნიის უნივერსიტეტი), „სწორედაც პირიქით, სპეციალისტის რეკომენდაციით გამოყენების შემთხვევაში ეს შეიძლება იქცეს მშობლებისთვის დამხმარე მეთოდად ბავშვის საჭირო უნარების განვითარებისთვის“. აქაც ისევე, როგორც ტიპური განვითარების მქონე ბავშვებთან, უპირატესობა ენიჭება იმ სათამაშოებსა და თამაშებს, რომელიც მოითხოვს პირისპირ ურთიერთობას და ერთად თამაშს.

2013 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით 2 წლამდე ასაკის ამერიკელი ბავშვების 38% და 2-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვების 80% იყენებდა მობილურ ელექტრონულ მოწყობილობას. ეს იყო 2011 წელს ჩატარებული მსგავსი კვლევის მონაცემების გაორმაგებული მაჩვენებელი. უკვე 2015 წელს კი აღმოჩნდა, რომ ბავშვების 96.9% იყენებდა მობილურ მოწყობილობას და მათმა უმეტესობამ ეს დაიწყო 1 წლის ასაკამდე (!).

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია რომ ფიზიკური სათამაშოები ჩანაცვლდა ვირტუალურით, რაც იწვევს მინიმუმ აგრესიული ქცევისა და სიმსუქნის განვითარების მაღალ რისკს. აუცილებელი გახდა ტრადიციული სათამაშოების პოპულარიზაცია და პედიატრის მიერ ამ მიმართულებით რეკომენდაციების მიცემა მშობლებისთვის.

მშობლებო, გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები:

1. იცოდეთ რომ თამაშის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანიშნულება არ არის მხოლოდ სწავლება, არამედ თბილი და მხარდამჭერი ურთიერთობის დამყარება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრეულ ასაკში;

2. ბავშვის განვითარებისთვის მხოლოდ იმ თამაშს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, სადაც ბავშვი და მომვლელი (მშობელი) ერთად თამაშობენ და არა იმას, როცა მარტო თამაშობს;

3. ბავშვს უნდა ჰქონდეს უსაფრთხო და განვითარების დონის შესაბამისი სათამაშოები. შეარჩიეთ ისეთი სათამაშოები, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ გამოიყენოს ფანტაზია. სოციალურ-ემოციური და კოგნიტური უნარების განვითარებისთვის გამოიყენეთ თამაში, რომელსაც მოარგებთ რეალურ, ცხოვრებისეულ მაგალითს და “გადაჭრით პრობლემას”;

4. ყურადღებით შეარჩიეთ სათამაშო. გაითვალისწინეთ რომ კარგი სათამაშო არ ნიშნავს მოდურს ან ძვირადღირებულს. პირიქით, უმარტივესი სათამაშო უკეთესია, რადგან უფრო მეტი წარმოსახვის საშუალებას აძლევს ბავშვს;

5. გამოიყენეთ საბავშვო წიგნები თამაშის დროს;

6. გახსოვდეთ, რომ სათამაშო ვერ ჩაანაცვლებს სითბოს, სიყვარულს და ურთიერთობებს. გამოიყენეთ სათამაშოები ურთიერთობისთვის და არა თამაშში მითითებების მისაცემად;

7. შეზღუდეთ კომპიუტერული თამაშის დრო: 2 წლის და მეტი ასაკის ბავშვებისთვის ეკრანის ჯამური დრო, რაც მოიცავს ნებისმიერი მოწყობილობის გამოყენებას, არ უნდა აჭერბებდეს ერთ საათს, ხოლო 18-დან 24 თვემდე – საერთოდ აარიდეთ. 5 წლის ასაკამდე კომპიუტერული თამაში დასაშვებია მხოლოდ მშობელთან ან მომვლელთან ერთად.

ითამაშეთ და გაერთეთ თქვენ ბავშვთან ერთად,
საუკეთესო სურვილებით,
მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის გუნდი.

მასალის მომზადებისას გამოყენებული იყო:
http://pediatrics.aappublications.org/…/peds.2018-3348.full…