ბავშვის მორალური განვითარება

ბავშვის ზნეობრივი განვითარების ხელშეწყობა, განსაზღვრავს ემოციურად ჯანმრთელი და წარმატებული ადამიანის აღზრდას. პიროვნების სრულფასოვანი ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანია ბავშვმა ადრეული ასაკიდანვე შეითვისოს სოციუმში არსებული ღირებულებები, ეთიკური და მორალური ნორმები.
ადამიანის მორალი არის ის რაც წარმართავს მის ქმედებას, აზროვნებას, ურთიერთობებსა და ქცევას სხვებთან მიმართებაში. ეს არის უნარი, განასხვავო და გამყოფი ხაზი გაავლო სწორსა და არასწორ ქცევას შორის. მორალის განვითარება დამოკიდებულია იმ გარემოზე, რომელშიც გაიზარდა ადამიანი, მის ემოციურ ინტელექტსა და კოგნიტურ უნარებზე. მორალური განვითარება არის ნორმების შეთვისება და გათავისება ინდივიდუალურ კონტექსტში, ჩვილობიდან ზრდასრულ ასაკამდე. ბავშვის მორალური განვითარება არის აღზრდის აუცილებელი ნაწილი და ხელს უწყობს მისი ქცევის წარმართვას საზოგადოებისათვის მისაღები მიმართულებით.
მნიშვნელოვანია მშობელი დაეხმაროს ბავშვს აითვისოს პოზიტიური ღირებულებები პატარა ასაკიდანვე.
ბავშვის ზნეობრივი განვითარების ეტაპები:
  • დაბადებიდან 2 წლამდე – ჩვილ ბავშვებს არ აქვთ მორალის განსაზღვრის შესაძლებლობა და მათი წარმოდგენა კეთილსა და ბოროტზე გამომდინარეობს იქედან, რა აძლევს მათ კომფორტის განცდას და რა არა. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს რომ მუცლად ყოფნის დროს ბავშვი არასდროს იყო მარტო, არ შიოდა და იყო მუდმივ კავშირში დედასთან. დაბადების შემდეგ თუ ეს ყველაფერი ასევე არ გრძელდება, ჩვილი ამას აღიქვამს როგორც არასწორს და არასასურველს. კვება, მშობელთან სიახლოვე და ზრუნვა ბუნებრივად ესაჭიროება ჩვილს, ეს არის მისთვის სწორი და მისაღები მდგომარეობა.
  • 2-დან 3 წლამდე – მიუხედავად იმისა რომ ჩვილობის ასაკში ბავშვი ჯერ კიდევ ვერ არჩევს მორალურად სწორსა და არასწორ ქცევას, მას უკვე ესმის რომ არსებობენ „სხვები“ და იწყებს სხვა ადამიანების გათვალისწინებას, ვიდრე რაიმეს მოიმოქმედებს. ბავშვი ვერ ახერხებს სიტყვიერად აგვიხსნას თუ რატომ არ შეიძლება სხვისი სათამაშო აიღოს ან დაარტყას თანატოლს, მაგრამ ხვდება რომ არ უნდა გააკეთოს ეს. ის იაზრებს რომ ამის გამო შეძლება დაისაჯოს ან გაიკიცხოს სხვადასხვა ფორმით. ამ ასაკში ბავშვი თამაშობს მშობლის წესების დაცვით, რათა თავიდან აირიდოს დასჯა.
  • 3-დან 7 წლამდე – სკოლამდელი ასაკი არის ზნეობრივი ქცევის ფორმირების ეტაპი. ამ ასაკში ბავშვი ითვისებს ღირებულებებს, რომლებსაც მას ასწავლიან ოჯახში ან ხედავს გარემოში. ის მუდმივად ეძებს მშობლების მხრიდან თვისი ქცევის მხარდაჭერასა და დარიგებას. ამის გამო მნიშვნელოვანია მშობელმა მისცეს მიმართულება და შეიმუშაოს ბავშვის ქცევის წესები. ამ ასაკში ბავშვი ხვდება რომ უნდა იყოს ყურადღებით სხვა ადამიანებთან, რადგან მისი ქცევა გავლენას ახდენს გარშემომყოფებზე. ის ამყარებს კავშირს ქცევასა და რეაქციას შორის, აცნობიერებს რომ თუ ცუდად მოიქცევა ამას აუცილებლად მოყვება უარყოფითი შედეგი. ამ ასაკში ბავშვებს უკვე აქვთ მორალი, რომელიც ეფუძნება ემპათიას. იაზრებენ რომ თუ სხვას მიაყენებენ ტკივილს, ეს ადამიანი თავს იგრძნობს ცუდად.
  • 7 დან 11 წლამდე – ამ ასაკში ბავშვები იწყებენ გააზრებას რომ შესაძლოა უფროსებმა ბევრი რამ სწორად ვერ გაიგონ. მიუხედავად ამისა, ისინი კვლავ ემორჩილებიან მათთვის ავტორიტეტულ ადამიანებს. მათ უკვე შეუძლიათ წესების სამართლიანობაზე მსჯელობა და თანასწორობის კონცეფციის განსაზღვრა. აქვთ მკაფიო წარმოდგენა, რის გაკეთება შეუძლიათ და რას უნდა აარიდონ თავი. უჩნდებათ საკუთარი აზრი მოვლენებზე და თვლიან რომ ეს აზრი აუცილებლად უნდა იქნას მხედველობაში მიღებული უფროსების მხრიდან.
  • მოზარდობის ასაკი – მოზარდების შეხედულებებზე დიდ გავლენას ახდენს თანატოლების აზრი. ბავშვები ცდილობენ მოიქცნენ ისე, როგორც მათი თანატოლებისათვის იქნება მოსაწონი. მიუხედავად ამისა ისინი ხვდებიან, რომ მათ ქცევას მოჰყვება გარკვეული შედეგები, რომლებიც შეიძლება უარყოფითად აისახოს სხვა ადამიანებზე. მათი მორალური გრძნობები აბსტრაქტულია. მორალს მოზარდები განიხილავენ მოლაპარაკების ობიექტად, მათი მოთხოვნილებებისა და საჭიროებებიდან გამომდინარე. რადგან მოზარდის ქცევას განსაზღვრავს თანატოლთა გავლენა, მათზე შთაბეჭდილების მოსახდენად შესაძლოა მორალურად არასწორად მოიქცეს. ამ ასაკში მშობელი ბავშვისთვის კარგავს ავტორიტეტის სტატუსს, მის წარმოდგენაში ის ხდება მხარდამჭერი, მრჩეველი და კონსულტანტი.
მშობლის როლი ბავშვის ზნეობრივი განვითარების პროცესში
მშობელი აქტიურ როლს ასრულებს ბავშვის მორალური განვითარების პროცესში. მას შეუძლია დაეხმაროს ბავშვს გაიზარდოს და ჩამოყალიბდეს ყურადღებიან და მზრუნველ ადამიანად. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რეკომენდაცია მშობლებისთვის.
  1. შეიმუშავეთ წესები – ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვს ჰქონდეს მკაფიო წარმოდგენა და საზღვრები, რა შეიძლება და რის გაკეთებისგან უნდა შეიკავოს თავი. გამოყავით დრო იმისთვის რომ აუხსნათ თქვენ შვილს, რატომაა ტყუილი ან სხვაზე ზიანის მიყენება არასწორი.
  2. იყავით მისაბაძი მაგალითი – ბავშები ძალიან შთაგონებადნი არიან და ხშირად ბაძავენ უფროსებს. ამის გამო მნიშვნელოვანია, მისცეთ მორალური ქცევის მაგალითი. გახსოვდეთ, ბავშვი ყურადღებით აკვირდება და იმახსოვრებს თუ როგორ ექცევით თქვენ სხვა ადამიანებს.
  3. დადებითი განმტკიცება – წაახალისეთ მორალურად სწორი ქცევა დადებითი განმტკიცებით. მოიწონეთ, შეაქეთ და დააჯილდოეთ სასურველი ქცევა. ამ გზით ბავშვი მიხვდება რომ მას აფასებენ და პატივს სცემენ სწორი საქციელისათვის.
  4. ქველმოქმედება – ისეთი საქმიანობა, როგორიცაა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში ჩართულობა და მოხალისეობა, ხელს უწყობს მორალის განვითარებას. ბავშვებთან ერთად პარკის დალაგება ან მოხუცებულთა თავშესაფრის დახმარება, ხელს უწყობს ბავშვის სოციალური და ემოციური კომპეტენციის განვითარებას.
გისურვებთ წარმატებას!
მასალა თქვენთვის მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ფსიქოლოგმა ბესო ჭიღვარიამ.
გამოყენებული ლიტერატურა: