ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობა დაბადებიდან იწყება

📎ბავშვთა ადრეული განვითარების შემსწავლელმა მეცნიერებამ დაადგინა, რომ ბავშვის მენტალურ, იგივე ფსიქიკურ ჯანმრთელობას საფუძველი ეყრება დაბადებიდან, რადგან ნებისმიერი გამოცდილება ცვლის განვითარებადი თავის ტვინის არქიტექტურას. ეს გამოცდილება შეიძლება იყოს ურთიერთობა მშობლებთან და ოჯახის სხვა წევრებთან, ახლობლებთან, მასწავლებელთან, თანატოლებთან. სწორედ ურთიერთობაა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბავშვის სოციალური, ემოციური და კოგნიტური განვითარებისთვის.
📎მენტალური ჯანმრთელობა განსაზღვრავს ადამიანის განვითარებას – დაწყებული მეგობრებთან ურთიერთობიდან წარმატებამდე სწავლაში, დასაქმებაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ისევე როგორც არასწორ ზედაპირზე მდგარ მაგიდაზე ჭიქა ვერ გაჩერდება, ჩამოვარდება და დაიმსხვრევა, თუ მაგიდის ყველა ფეხი საყრდენი ზედაპირის არათანაბრობას არ მოვარგეთ, ასევე მენტალურ ჯანმრთელობაზე მოქმედი სხვადასხვა ფაქტორებით გამოწვეული არასტაბილურობა საჭიროებს დროულ ჩარევას, რომ დაზიანების გარეშე მოხდეს ადაპტირება და მორგება.
📎მეცნიერული კვლევებით დადგენილია, რომ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები შესაძლოა გამოვლინდეს ადრეული ბავშვობის ასაკში. ეს შეიძლება იყოს შფოთვითი აშლილობის, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის, ქცევის აშლილობის, დეპრესიის, პოსტტრავმული სტრესული აშლილობის ან სხვა მდგომარეობისთვის დამახასიათებელი ნიშნები. მათი დროული ამოცნობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათი არსებობა ირღვევს განვითარებადი თავის ტვინის არქიტექტურას და მავნე გავლენას ახდენს სწავლასა და ურთიერთობებზე.
📎ყველა ბავშვს, ვინც ხანგრძლივად ხვდება არაადეკვატურ გარემოში, ექმნება მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მაღალი რისკი. ეს განსაკუთრებით საზიანოა, თუ არის სტრესისადმი გენეტიკური მოწყვლადობა. გენეტიკა არის ჩვენი ტვინისთვის ინსტრუქცია, თუ როგორ იმუშაოს, მაგრამ გარემო და გამოცდილება ტოვებს თავის კვალს და დადებითად ან უარყოფითად ცვლის არსებულ გენეტიკურ წინასწარგანწყობას.
📎ბავშვზე ძალადობა, უგულებელყოფის გამოცდილება, ოჯახური სკანდალები, ძალადობრივ გარემოში ან უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრება უარყოფით გავლენას ახდენს ნეირობიოლოგიურ სტრესულ სისტემაზე და მისი პასუხი კიდევ უფრო ძლიერი და დამაზიანებელია.
📎ადრეულ ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ როგორ გარემოში და ვისთან იზრდება ბავშვი; რამდენად ექმნება განვითარების საშუალება და რამდენად კეთილგანწყობილი არიან ის ზრდასრულები, ვის ხელშიც იზრდება. გარემო და ურთიერთობები განსაზღვრავს ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობას და ფსიქიკურ მედეგობას.
📎კოგნიტური, სოციალური და ემოციური უნარები დაკავშირებულია თავის ტვინის არქიტექტურულ თავისებურებებთან და ხარისხობრივად განსხვავებულია სხვადასხვა ასაკში. მაგალითად, თავის ტვინის ის უბანი, რომელიც პასუხისმგებელია დასწავლილი შიშის ჩაქრობაზე, უფრო გვიან ვითარდება, ვიდრე შიშზე პასუხი. ამიტომაც პატარა ბავშვის პასუხი სტრესზე მოზრდილი ბავშვისგან ან ზრდასრულებისგან განსხვავებულია. ბავშვები საკუთარ გამოცდილებაზე სხვადასხვა ასაკში განსხვავებულად საუბრობენ, ფიქრობენ და იაზრებენ. ამ განსხვავების ცოდნა გვეხმარება, უკეთ გავერკვეთ ბავშვის ემოციურ და ქცევის თავისებურებებში, მათ გამოვლინებებსა და მართვაში.
📎ადრეულ ბავშვობაში რთულია იმის ამოცნობა, ქცევის ესა თუ ის პრობლემა ხანმოკლეა თუ ხანგრძლივი ან ტიპური განვითარების ნიშანია თუ განვითარების შეფერხების. ამიტომაც, ადრეულ ასაკში დიაგნოსტიკა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე მოგვიანებით და ზრდასრულობის ასაკში. მკურნალობის საჭიროებაც და მეთოდის შერჩევაც საჭიროებს გამოცდილი სპეციალისტის დახმარებას.
რა ვიცით სარწმუნო მეცნიერული კვლევებიდან?
📎სიცოცხლის ადრეულ ეტაპზე მიღებული ტოქსიკური სტრესი აზიანებს განვითარებადი თავის ტვინის არქიტექტურას და ზრდის ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემის ალბათობას. ისეთი სტრესული ცხოვრებისეული მოვლენა (მაგ. უკიდურესი სიღარიბე, ძალადობრივი გარემო ან ბავშვზე არასათანადო ზრუნვა), რომელსაც არ ახლავს ზრდასრულის მხრიდან პოზიტიური მხარდაჭერა, ზრდის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის რისკს და არყევს ჯანსაღ ფუნქციონირებას არა მარტო ბავშვობის პერიოდში, არამედ ზრდასრულობაშიც. ყველა სტრესი არ არის ტოქსიკური, ზოგიერთი პოზიტიურიც კია, რადგან ასწავლის ადაპტაციას. ასეთია მაგალითად რომელიმე ცხოველის შიში, რაც ჩვეულებრივი ამბავია.
📎ხანგრძლივი ტოქსიკური სტრესი კი იწვევს სტრესზე მოპასუხე სისტემის მუდმივ აქტიურობას და სტრესული ჰორმონების ჭარბ გამოყოფას, რაც არღვევს თავის ტვინის განვითარებას და რაც აისახება როგორც ბავშვობისა და მოზარდობის, ასევე ზრდასრულობის ასაკის როგორც ფსიქიკურ, ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე – მატულობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის და ჰიპერტენზიის რისკი.
📎მენტალური ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საზიანოა თუ არსებობს გენეტიკური განწყობა და მას ემატება არასასურველი გარემოს ზემოქმედება. თუ ბავშვს გენეტიკურად აქვს შიშისკენ მიდრეკილება, იმის ალბათობა რომ მას ჩამოუყალიბდეს შფოთვითი აშლილობა ან დეპრესია, უფრო მაღალია, ვიდრე იმ ბავშვს, რომელსაც ასეთი წინასწარგანწყობა არ აქვს. მავნე გარემო ერთგვარი გამშვებია არსებული გენეტიკური წინასწარგანწყობის, რომ ჩაირთოს შედარებით მცირე სტრესზე გადაჭარბებული შიში და შფოთვა, თავის ტვინის არქიტექტურაზე ზემოქმედება და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მთელი სიცოცხლის ხანგრძლივობის ზემოქმედება. თანამედროვე კვლევები სწორედ ამ აღზრდა-გენეტიკის ურთიერთზეგავლენის მნიშვნელობას ადასტურებს.
📎თუ ბავშვს არ აქვს შესაბამისი დახმარება, ადრეული ასაკის ემოციური პრობლემამ შეიძლება გამოიწვიოს კიდევ უფრო სერიოზული პრობლემები მოგვიანებით. ამიტომაც ადრეული დიაგნოსტიკა და ადრეული ჩარევა როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ეკონომიკურად ეფექტიანია. კიდევ უფრო ეფექტიანი და რეკომენდებულია პრევენციული ღონისძიებები – მშობლის დახმარება იმაში, რომ ბავშვთან მისი ურთიერთობა იყოს თბილი, პოზიტიური და დაცული.
📎ბავშვის ემოციური კეთილდღეობა მჭიდრო კავშირშია მშობლის მენტალურ ჯანმრთელობასთან. ამიტომაც რეკომენდაციები აუცილებლად ითვალისწინებს ორი თაობაზე – ბავშვისა და მშობლის კეთილდღეობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას.
📎ცხოვრებისეული პრობლემებისგან დაცული არავინაა. მთავარია, როგორ შევძლებთ მასთან გამკლავებას. იზრუნეთ საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და გქონდეთ თბილი და პოზიტიური ურთიერთობა თქვენ ბავშვთან. დაეხმარეთ, გაუმკლავდეს სტრესს და გამოიმუშაოს სტრესისადმი მედეგობა.
📎თუ ატყობთ, რომ დახმარება გჭირდებათ, დროულად მიმართეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის კვალიფიციურ სპეციალისტს.
📖მასალა მომზადდა ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის მასალებზე დაყრდნობით.