ბავშვები და საბავშო ბაღი

ხშირად დასმული კითხვები
კითხვებს პასუხობს ფსიქოლოგი, ქცევითი თერაპიის სუპერვაიზერი: გვანცა ჩვამანია

ბავშვი და საბავშვო ბაღი – მუდმივად აქტუალური თემაა, სწორედ ამიტომ მშობლები ხშირად მიმართავენ სპეციალისტებს სხვადასხვა კითხვით. ჩვენ შევეცადეთ შეგვერჩია ხშირად დასმული შეკითხვები და მათზე ამომწურავი პასუხი გაგვეცა.
რატომ არის საბავშო ბაღში სიარული ბავშვის განვითარებისათვის აუცილებელი?
ბაღი არის ის პირველი დაწესებულება, რომელთანაც ბავშვს უწევს შეგუება, ანუ თავისი მიკრო გარემოდან გადადის მაკრო გარემოში, სადაც ურთიერთობს როგორც თანატოლებთან, ასევე უფროსებთან. ეს ეხმარება ბავშვს შეიძინოს ახალი გამოცდილება და მოერგოს ახალ სოციალურ გარემოს. სწორად დაგეგმილი აქტივობების მეშვეობით პატარა ბაღში უკეთ ვითარდება, უმჯობესდება მისი ფიზიკური, კოგნიტური (შემეცნებითი) და სოციალური უნარ-ჩვევები.
ცნობილია, რომ ის ბავშვები, რომლებიც საბავშვო ბაღში დადიოდნენ, უფრო ადვილად ადაპტირდებიან სასკოლო გარემოში და ხშირად უკეთესი წინასასკოლო მზაობაც აქვთ. გარდა ამისა, ბაღი ეხმარება მშობლებს, რომ ბავშვს კარგად სტრუქტურირებული დღის განრიგი ჰქონდეს.

რომელ ასაკში არის რეკომენდებული ბავშვის ბაღში მიყვანა?
2-3 წლის ასაკში ბავშვი განსაკუთრებით ინტერესიანი ხდება, აქტიურად შეისწავლის გარემოს და სწრაფად სწავლობს სხვებზე დაკვირვების შედეგად. ამ პერიოდისათვის განსაკუთრებით ინტერესდება თანატოლებთან თამაშით, მეტად დამოუკიდებელია, ცდილობს საკუთარი აზრებისა და ემოციების გამოხატვასა და გაზიარებას. სწორედ ამიტომ 2 დან 3 წლამდე ასაკი მისაღებია ბავშვის ახალ გარემოში მისაყვანად.
რა უნდა იცოდეს პატარამ ბაღში მისვლამდე?
იმისათვის, რომ პატარას საბავშვო ბაღში ადაპტირება არ გაუჭირდეს, სასურველია მას ჰქონდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ქცევათა უმრავლესობა:
ინტერესდება სიახლით;
პრობლემის გადაჭრისათვის ითხოვს უფროსის დახმარებას;
შეუძლია საკუთარი მოთხოვნილებების გამოხატვა;
თანამშრომლობს უფროსებთან;
ემორჩილება მარტივ წესებს და ასრულებს ინსტრუქციებს;
ადვილად შედის ურთიერთობაში ნაცნობ უფროსებთან;
მშვიდად ეგუება მშობელთან განშორებას, როცა ნაცნობ გარემოში რჩება, სხვა ნაცნობ ადამიანთან;
ცდილობს საკუთარი ხელით ჭამას;
ჩამოყალებებული აქვს ტუალეტის ჩვევა (ისაქმებს ტუალეტში და არა პამპერსში).

როგორ მოვამზადოთ ბავშვი საბავშვო ბაღისთვის?
უნდა გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ბავშვისთვის საბავშვო ბაღში მისვლა სტრესია, ამიტომაც სასურველია პატარა წინასწარ მოამზადოთ მოსალოდნელი ცვლილებისთვის. ამისათვის რეკომენდებულია რამდენიმე თვით ადრე დაიჭიროთ თადარიგი:
ხელი შეუწყვეთ ზემოთ ჩამოთვლილი უნარების ჩამოყალიბებას;
ხშირად წაიყვანეთ სხვადასხვა ხალხმრავალ ადგილებში (გასართობი ცენტრი, ეზო ა.შ.);
ასწავლეთ საკუთარი რიგის დაცვა (მაგ. თამაშის დროს);
წინასწარ ესაუბრეთ საბავშო ბაღზე და აუხსენით რა ელის იქ (მაგ.: „ცოტა ხნით იქ დარჩები, სხვა ბავშვებთან ითამაშებ, მერე მე მოგაკითხავ და სახლში ერთად დავბრუნდებით“, ა.შ.);
მისვლამდე რამდენიმე დღით ადრე მიიყვანეთ და დაათვალიერებინეთ საბავშო ბაღის გარემო;
თუ პირველ დღეებში მღელვარებას შეატყობთ, მხოლოდ 1-2 საათით დატოვეთ ბაღში.

რატომ ტირის და/ან ჭირვეულობს ზოგიერთი ბავშვი ბაღში?
ბაღში სიარული ბავშვისათვის სიახლეა და სტრესს წარმოადგენს. ყველა ბავშვი ინდივიდუალურად უმკლავდება სიახლეს. ზოგი მარტივად ეგუება ცვლილებას ან პირიქით, შედარებით მეტი დრო სჭირდება.
ტირილი და ჭირვეულობა შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, მაგალითად:
არ იყოს სათანადოდ მზად ბაღისათვის და უჭირდეს შეგუება;
ზედმეტად იყოს მიჯაჭვული მშობელზე და განშორების დროს შფოთავდეს;
ჰქონდეს ბაღზე არასწორი წარმოდგენა და რეალობასთან შეუსაბამო მოლოდინი, რის გამოც იყოს იმედგაცრუებული და დაბნეული;
უჭირდეს ყოველდღიურ, ახალ რუტინასთან შეგუება.

როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს დახმარებისთვის?
უმრავლეს შემთხვევაში, ბავშვი მშობლებისა და ბაღის აღმზრდელების დახმარებით მალევე ეჩვევა ბაღს და დამატებითი დახმარება საჭირო არ არის, თუმცა არსებობს ისეთი შემთხვევები, როცა საქმეში სპეციალისტის დახმარებაა საჭირო. ასეთ შემთხვევაში სასურველია მიმართოთ ბავშვთა ფსიქოლოგს, რომელიც შეისწავლის მდგომარეობას და დაგეხმარებათ თქვენი პატარის ქცევის მართვაში.
სასურველია ფსიქოლოგს მიმართოთ იმ შემთხვევაში, როცა:
ბაღთან ადაპტირების პერიოდი გახანგრძლივდა დაახლოებით სამი კვირა. ბავშვი კვლავ ჭირვეულობს, უჭირს დარჩენა და აღმზრდელები დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ ბავშვის ტირილის ქცევის მართვას;
აპროტესტებს ან საერთოდ უარს ამბობს ბაღში წასვლაზე. მშობელი ვერ უმკლავდება ბავშვის ქცევას და იძულებულია შინ დატოვოს;
ბაღში რჩება, თუმცა აგრესიულია, არ იცავს წესებს, უჭირს უფროსებთან თანამშრომლობა და თანატოლებთან ურთიერთობა;
ბაღის აღმზრდელი და პედაგოგი გირჩევთ, რომ მიმართოთ სპეციალისტს.
უნდა ვატაროთ თუ არა განვითარების პრობლემის მქონე ბავშვი ბაღში?
განვითარების პრობლემის მქონე ბავშვი აუცილებლად უნდა ატაროთ ბაღში, თუმცა ასეთ შემთხვევაში პირველ რიგში მას უნდა უტარდებოდეს ინდივიდუალურად შერჩეული თერაპია, ხოლო ამის შემდეგ, თქვენი ბავშვის თერაპევტი შეგირჩევთ საუკეთესო დროს თქვენი პატარის საბავშო ბაღში მისაყვანად და დაეხმარება მას ჯგუფში ჩართულობისთვის აუცილებელი უნარების გამომუშავებაში.