ბავშვების აგრესიული ქცევის მართვა

ბავშვები, რომლებიც ვერ უმკლავდებიან საკუთარ ემოციებს და კარგავენ კონტროლს, ხშირად აგრესიულ ქცევას ავლენენ.
როგორ უნდა მოიქცეთ აღნიშნულ შემთხვევაში?

პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მსგავსი ქცევა ერთგვარი კომუნიკაციაა. ბავშვი, რომელიც ისეა აღელვებული, რომ თავდასხმაზე გადადის, თვითონვე იტანჯება ამ პრობლემისგან. მას არა აქვს უნარი თავი მოუყაროს საკუთარ ემოციებს და გამოხატოს მისაღები სახით. აგრესიულ ქცევას შესაძლოა ამწვავებდეს: მეტყველების განვითარების შეფერხება, იმპულსის შეკავების უუნარობა ან პრობლემის გადაწყვეტის შეუძლებლობა.

იმისათვის, რომ პრობლემა მოაგვართოთ, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

 შეინარჩუნეთ სიმშვიდე – როდესაც საქმე გვაქვს ბავშვის აგრესიულ ქცევასთან, მშობლის მხრიდან ხშირია კონტროლის დაკარგვა და საპასუხო აგრესია. რაც არ უნდა რთული იყოს, შეეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და საკუთარი ემოციების კონტროლით გახდეთ მაგალითი ბავშვისთვის.

 არ დანებდეთ – ნუ შეუსრულებთ ბავშვს სურვილს იმიტომ რომ შეწყვიტოს აგრესიული ქცევა. სამომავლოდ ეს გამოიწვევს ბავშვის ქცევის გაუარესებას.

 შეაქეთ მისაღები ქცევისთვის – როდესაც ბავშვი დაწყნარდება, შეაქეთ ამისთვის. ასევე შეაქეთ, როდესაც ის საკუთარი გრძნობების მშვიდად გამოხატვას შეეცდება.

 დაეხმარეთ პრობლემის გადაწყვეტის უნარების გავარჯიშებაში – როდესაც ბავშვი არაა გაღიზიანებული, სწორედ ამ დროს დაეხმარეთ გამოხატოს საკუთარი გრძნობები სიტყვებით. ერთად შეიმუშავეთ კონფლიქტის აღმოფხვრის სტრატეგიები. შეეკითხეთ, თუ როგორ გრძნობს თავს და როგორ შეიძლება მოცემული პრობლემის გადაწყვეტა.

 მოერიდეთ ტანტრუმის გამომწვევ მიზეზებს – ბავშვთა უმრავლესობაში ემოციური აფეთქება წინასწარ განსაზღვრადია. დააკვირდით, რა დროს ვლინდება არასასურველი ქცევა, მაგალითად: საშინაო დავალების შესრულებისას, დასაძინებლად წასვლისას, ან თამაშის შეწყვეტისას. პრობლემური ქცევის თავიდან ასარიდებლად სასურველია წინასწარ გააფრთხილოთ ბავშვი, მაგალითად: „10 წუთში სამეცადინოთ წავალთ“. ასევე ეფექტურია დავალების მოკლე ინსტრუქციებად დაყოფა, მაგალითად: ნაცვლად იმისა, რომ უთხრათ „წაიკითხე“, ჯობს უთხრათ: „აიღე წიგნი, გადაშალე, დაიწყე კითხვა ა.შ.“

 იგნორირება – ტანტრუმის გასამკლავებლად ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი სრული იგნორირებაა. ნეგატიური ყურადღებაც კი, როგორიცაა ქცევის შეწყვეტის მოთხოვნა, შესაძლოა წამახალისებელი გახდეს ბავშვისთვის. მაგრამ, როდესაც საქმე გვაქვს ფიზიკურ აგრესიასთან, იგნორი არ არის მიზანშეწონილი, რადგანაც შესაძლოა ეს საზიანო გახდეს არამარტო გარშემომყოფთათვის, არამედ თვითონ ბავშვისთვისაც. მსგავს შემთხვევებში სასურველია, ბავშვი უსაფრთხო გარემოში გავიყვანოთ, სადაც ის ვერ შეძლებს საკუთარი თავის, ან სხვის დაზიანებას.

 ტაიმ-აუტი – თუ ბავშვი 7 წლამდე ასაკისაა, შეეცადეთ მოათავსოთ „ტაიმ-აუტის სკამზე“. თუ ბავშვი სკამზე არ ჩერდება, მაშინ გაიყვანეთ ისეთ ადგილას, სადაც ის სხვების დახმარების გარეშე დაიწყნარებს თავს. თუ გინდათ, რომ ტაიმ-აუტის სისტემამ გაამართლოს, უნდა გაითვალისწინოთ, რომ იმ ადგილას არ უნდა იყოს არანაირი სათამაშო ან ნივთი, რითაც ბავშვი გაერთობა. ეს ადგილი არ უნდა იყოს მისთვის წამახალისებელი. ბავშვი ტაიმ-აუტის ოთახში რჩება იქამდე, სანამ არ დაწყნარდება. შემდეგ ის უბრუნდება ბუნებრივ გარემოს. თუ ბავშვი უფროსია და თქვენ არ შეგიძლიათ აგრესიული ქცევის შემთხვევაში მისი იზოლაცია, რათა დაწყნარდეს, თქვენ გაეცალეთ.

 

სტატია მოამზადა ქცევითმა თერაპევტმა კატო შანშიაშვილმა