ბავშვებთან ლაპარაკის 12 ხერხი

გაგაცნობთ წესებს, რომელიც რეკომენდებულია ბავშვის მეტყველების განვითარების ხელშეწყობისთვის.

1.ელაპარაკეთ ბავშვს მისი შესაბამისი სიმაღლიდან: ჩაიკუზეთ ისე, რომ მის სიმაღლეზე იყოთ. გააკეთეთ კომენტარი იმაზე, თუ რას აკეთებს ბავშვი ან რას ხედავს ის. შესთავაზეთ დამატებითი სათამაშო ან შეუერთდით მას თამაშში. ითამაშეთ პარალელურად, წარმოთქვით შესაფერისი სიტყვები და გაახმოვანეთ ისინი მხიარულად.

2. მოუყევით თქვენი მოქმედებების, ფიქრების და გრძნობების შესახებ, გააკეთეთ პაუზები და მიეცით ბავშვს საშუალება, რომ გიპასუხოთ.

3. ელაპარაკეთ მისთვის მნიშვნელოვან ამბავზე, რაც მოხდა. დაეხმარეთ მას სურათებით, რომ დაიმახსოვროს მომხდარი ამბავი (მაგალითად, ზოოპარკის მონახულების შემდეგ ისაუბრეთ ცხოველებზე და აჩვენეთ ცხოველების ფოტოები).

4. გაეცით პასუხი ბავშვის მოთხოვნებს, რომ შედგეს დიალოგი. გამოიყენეთ სიტყვები და დაეხმარეთ მას, სწორად თქვას ის, რასაც ის “თავის ენაზე” ამბობს, დაელოდეთ რომ გაიმეოროს შემოთავაზებული სიტყვები.

5. ითამაშეთ ფეხბურთის კომენტატორობანა: აღწერეთ სხვადასხვა საგნები და მოქმედებები. როდესაც ის ინტერესით შემოგხედავთ, გაჩერდით და დაელოდეთ რომ მან გააგრძელოს.

6. გაკეთეთ პაუზები და შესვენებები საუბრის დროს. ესაუბრეთ მოკლე, მარტივი წინადადებებით. ზოგ ბავშვს დიდი დრო სჭირდება იმისთვის, რომ გადაამუშაოს ინფორმაცია და ჩამოაყალიბოს პასუხი.

7. იმღერეთ მისი საყვარელი სიმღერები და წაახალისეთ ბავშვი რომ შემოგიერთდეთ. შეჩერდით სიმღერის მთავარ სიტყვაზე და დაელოდეთ რომ მან დაასრულოს (მაგალითად, წამოიწყეთ სიმღერა „ჭრელო პეპელა“ და წაიმღერეთ „ჭრელო …“, აცადეთ ბავშვმა გააგრძელოს „პეპელა“).

8. გაეცით პასუხი ყველაფერს, რაც ბავშვის საუბარში სიტყვას წააგავს და გამოიყენეთ საკომუნიკაციოდ. მაგალითად, თუ ბავშვი თვითმფრინავის ხმას გაიგებს, ხელს გაიშვერს და იტყვის “თიო”, თქვენ პასუხობთ: ვხედავ, თვითმფრინავი.

9. ხშირად მიეცით საშუალება, რომ გამოიყენოს ის სიტყვები, რომელიც იცის, წაუკითხეთ მისი საყვარელი წიგნები, იმისთვის რომ მან ივარჯიშოს დასახელებაში.

10. დაეხმარეთ ბავშვს სახელი დაარქვას თავის ძლიერ ემოციებს: „უჰ, ეს რა მაღალი ხმა იყო, შეგაშინა?“ ან „შენ გაბრაზებული ხარ, რადგან ლუკამ სათამაშო წაგართვა“.

11. გამოიყენეთ კომუნიკაციისთვის სიტყვები: თუ არ ხართ დარწმუნებული, ჰკითხეთ რა იგულისხმა. მიეცით საშუალება, გაიმეოროს სიტყვა ან ჟესტი, რომელსაც თქვენ უკეთებთ ინტერპრეტაციას.

12. სასაუბრო ენას დაუმატეთ ჟესტები, რომელსაც ბავშვი გაიმეორებს. დაუკარით ტაში და თქვით: “ვაშაა”, გააქნიეთ თავი და თქვით: „არა“, დაუქნიეთ ხელი და დაემშვიდობეთ ვერბალურადაც (სიტყვითაც).

მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ენისა და მეტყველების თერაპევტმა ანკა შამათავამ.