„აცრები ბავშვებში აუტიზმს არ იწვევს“ – მედეა ზირაქაშვილი

აცრებისა და აუტიზმის კავშირზე საუბარი რამდენიმე წელია, დაუსრულებლად გრძელდება. თეორია, რომ აცრა იწვევს აუტისტური სპექტრის აშლილობას, დღემდე დავის საგანია. ყველაფერი კი ენდრიუ უეკფილდის ნაშრომიდან იღებს სათავეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ვაქცინაცია ბავშვებში აუტიზმს იწვევს, საბოლოოდ ბრიტანეთის სამედიცინო საბჭომ უეკფილდს არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო უფლებამოსილება შეუწყვიტა.

თემის აქტუალობიდან გამომდინარე, PIA.GE-მ კომპეტენტურ პირს, ბავშვთა ნევროლოგს, ფსიქიატრს, აკადემიურ დირექტორს მედეა ზირაქაშვილს მიმართა კითხვით – შეიძლება თუ არა, აცრები გახდეს აუტიზმის მიზეზი.

როგორც ბავშვთა ნევროლოგი ჩვენთან საუბრისას ამბობს, ამ ეტაპზე ჩატარებული კვლევები არ ადასტურებს კავშირს აცრებსა და აუტიზმის სპექტრის დარღვევას შორის.

„ეს არის კითხვა, რომელიც უკვე წლებია აწუხებს, როგორც მეცნიერებას, ასევე მოსახლეობას. დღეს ჩვენს ხელთ არსებული მსოფლიო კვლევებით მეცნიერულ დონეზე მტკიცებულებით დასტურდება, რომ არცერთ შემთხვევაში აცრები არ შეიძლება, იყოს აუტიზმის სპექტრის აშლილობის წინაპირობა. ამ ეტაპზე ჩატარებული კვლევები არ ადასტურებს კავშირს აცრებსა და აუტიზმის სპექტრის დარღვევას შორის. ხვალ და ზეგ არავინ ვიცით, რა იქნება, თუმცა, აქამდე არსებული კვლევები ამის თქმის საშუალებას გვაძლევს“- ამბობს მედეა ზირაქაშვილი PIA.GE-სთან.

ბავშვთა ნევროლოგის თქმით, გასულ წლებთან შედარებით აუტიზმის სპექტრის აშლილობაზე მიმართვიანობა გაზრდილია, ასევე, კვლევებზე დაფუძნებით, მიმართვიანობა ბიჭებში უფრო ხშირია, ვიდრე გოგოებში.

„უახლესი კვლევის მიხედვით, 59 ბავშვიდან ყოველ ერთს აქვს აუტიზმის სპექტრის აშლილობა, მაშინ როდესაც გასულ წლებში 68 ბავშვიდან ჰქონდა ყოველ ერთს. სამწუხაროდ, აუტიზმს მატების ტენდეცია ახასიათებს.

2020 წლის CDC-კვლევის მიხედვით, ყოველი 34 ბიჭიდან ერთს აქვს აუტიზმის სპექტრი, ხოლო გოგოებში 144-დან ერთს. გოგოებში ცნობადობა უფრო გაზრდილია“- ამბობს მედეა ზირაქაშვილი.

წყარო: https://pia.ge/ka/news/society/atsrebi-bavshvebshi-autizms-ar-itsvevs—medea-zirakashvili/?fbclid=IwAR2eOgHIDePDKCYEEh_63DVzRI933AWs69M2SYCXzwv5BzwevhMlUWSil2k