აღმასრულებელი ფუნქციის და ემოციების რეგულაციის გაუმჯობესება ახალშობილობიდან ზრდასრულობამდე

სერია: აღმასრულებელი ფუნქციის და ემოციების რეგულაციის გაუმჯობესება ახალშობილობიდან ზრდასრულობამდე – მშობლებისა და დაინტერესებული პირებისთვის
N3 – რეკომენდაციები 3 – 5 წლის ბავშვის აღმასრულებელი ფუნქციის განვითარებისთვის
ვაგრძელებთ ციკლს და გაწვდით რეკომენდაციებს ამ ასაკის ბავშვებისთვის. ეს არის ბავშვის აღმასრულებელი ფუნქციის და თვით-რეგულაციის უნარების სწრაფი ტემპით განვითარების პერიოდი, ამიტომაც აუცილებელია აქტივობების სწორად შერჩევა. ზოგიერთ ბავშვს შესაძლოა სჭირდებოდეს უფროსის მხრიდან მეტი კონტროლი წესების დასამახსოვრებლად და შესასრულებლად, ხოლო ზოგი – უფრო იოლად ხდება დამოუკიდებელი. თქვენი მიზანი უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება დროზე აღარ დაჭირდეს თქვენი რეგულირება. როგორც კი შეატყობთ, რომ ბავშვი მზად არის, ნელ-ნელა შეამცირეთ დახმარება.
📌წარმოსახვითი თამაში
წინასწარდაგეგმილი წარმოსახვითი თამაშის დროს ბავშვები თვითონ ადგენენ წესებს, რომელსაც მიჰყვებიან და იმ როლს ასრულებენ, რაც ამ წესებით არის განსაზღვრული. იმახსოვრებენ მთავარ იდეას და მოქმედებენ როლის მიხედვით ისე, რომ თრგუნავენ სხვა იმპულსებს ან მოქმედებებს, რომელსაც ეს „როლი“ არ ითვალისწინებს. ისინი იდეას იღებენ ყოველდღიური ცხოვრებიდან, მაგალითად, „ექიმთან ვიზიტი“, რომლის დროსაც ისე იქცევიან, თითქოს ავად არიან, ექიმი სინჯავს და ნემსს უკეთებს. „ექიმი“ ისე იქცევა და ისე ლაპარაკობს, როგორც ექიმი იქცევა ხოლმე (დარწმუნებით და დამამშვიდებლად). მშობლის როლის მორგებისას საუბრობს შეწუხებული მშობელივით. მიუხედავად იმისა, რომ ამ ასაკის ბავშვები შეიძლება მარტო ან სხვა ბავშვების სიახლოვეს თამაშობდნენ, თანდათან სწავლობენ სხვა ბავშვებთან თანამშრომლობას და არეგულირებენ ერთმანეთის ქცევას – რაც მნიშვნელოვანი წინსვლაა თვით-რეგულაციის განვითარებისთვის.
მაღალი დონის წარმოსახვით თამაშში დახმარებისთვის:
• წაუკითხეთ წიგნები და აჩვენეთ ვიდეო იმისთვის, რომ ბავშვმა უკეთ იცოდეს, რომელი სცენარის შემთხვევაში რა როლი შეიძლება ჰქონდეს.
• მოუმარაგეთ სხვადასხვა ტიპის „რეკვიზიტი“ და სათამაშოები. იმისთვის, რომ უკეთ ითამაშოს წარმოსახვითი თამაში ამ ასაკის ბავშვს უკვე ესაჭიროება რეალურთან მიახლოებული სათამაშოები, მაგალითად საექიმო ნაკრები ან სამზარეულო ნაკრები. შეიძლება გამოიყენოთ საოჯახო ნივთებიც ამავე მიზნით, მაგალითად მუყაოს ცილინდრი, რომელზეც ქაღალდის ხელსახოცია დახვეული „მოტეხილი ხელის“ დასაფიქსირებლად. ნაცნობი საგნების თამაშში გამოყენება აუმჯობესებს ბავშვის გონებრივ მოქნილობას.
• მიეცით საშუალება, რომ თვითონ შექმნას რეკვიზიტები, თვითონ განსაზღვროს, რა სჭირდება, დაიმახსოვროს ეს ინფორმაცია და მიყვეს ამ მიზანს ყურადღების გაფანტვის გარეშე. ამით ბავშვი ივითარებს შერჩევით ყურადღებას, მუშა მეხსიერებას და დაგეგმვის უნარს. თუ საწყისი გეგმა არ გამოადგება, მოუწევს იდეაზე მორგება და ხელახალი ცდა, რაც განავითარებს მის გონებრივ მოქნილობას.
• თამაშის დაგეგმვა კარგია თამაშის ორგანიზებისთვის. ბავშვი სანამ თამაშს დაიწყებს, აუცილებლად გეგმავს თამაშს. დაგეგმვა ნიშნავს, რომ ჯერ ფიქრობს და შემდეგ აკეთებს, რითაც ივითარებს დამამუხრუჭებელ კონტროლს. ჯგუფური თამაშის დაგეგმვა ეხმარება ბავშვს სხვებთან ერთად დაგეგმვაში, ამ გეგმის დამახსოვრებასა და განხორციელებაში. ეს ხელს უწყობს, რომ განუვითარდეს სოციალური პრობლემის გადაჭრის და სამეტყველო ენის უნარი.
📌თხრობა
ბავშვებს უყვართ ამბების მოყოლა. ადრეულ ასაკში მოყოლილი ამბები შეიძლება იყოს ამბების სერიები, რომლებიც ერთმანეთთან გარკვეულად დაკავშირებულია, მაგრამ არ არის ერთი დიდი ამბის გაგრძელება. პრაქტიკასთან ერთად ბავშვები ივითარებენ უფრო რთული და ორგანიზებული ამბების თხრობის უნარს. იმისთვის, რომ წაახალისოთ თხრობა:
• სთხოვეთ, რომ მოგიყვეთ, რაც მოხდა ეზოში ან ბაღში. ჩაიწერეთ და შემდეგ წაუკითხეთ. ბავშვმა შეიძლება დახატოს ან გააკეთოს საკუთარი „წიგნი“, რომელსაც მიუბრუნდებით ხოლმე და ხელახლა წაიკითხავთ.
• მოაყოლეთ ამბავი ჯგუფურად. ერთმა დაიწყოს თხრობა, სხვებმა დაამატონ ამ ისტორიას. ასეთ თამაშში ბავშვს სჭირდება, რომ ყური დაუგდოს სხვა ბავშვს, დაიმახსოვროს და შეთხზას ახალი – განივითაროს ყურადღება, მუშა მეხსიერება და თვით-კონტროლი.
• სთხოვეთ განასახიეროს ის ამბავი, რომელიც ჩაიწერეთ. ეს ბავშვს აძლევს სტრუქტურას, რომელსაც უნდა მიჰყვეს, დათრგუნოს განსხვავებული მიმართულებისკენ წამყვანი იმპულსი.
• ბილინგვურმა ოჯახებმა ამბავი მოყევით მშობლიურ ენაზე.
📌მოძრაობა და ვარჯიში
სიმღერით თამაში
სიმღერისა და მოძრაობის შერწყმა კარგი გზაა აღმასრულებელი ფუნქციის განვითარებისთვის, რადგან ბავშვმა უნდა იმოძრაოს კონკრეტული რიტმით, შეახამოს სიტყვები მოძრაობას და მუსიკას. ეს ხელს უწყობს შემაკავებელი კონტროლის და მუშა მეხსიერების განვითარებას. შეეცადეთ გაართულოთ თამაში, რომ ბავშვმა უკეთ განივითაროს თვით-კონტროლი.
• მიეცით საშუალება, გამოცადოს საკუთარი თავი, აძვრეს, დაიცვას წონასწორობა, იქანაოს და ა.შ. ეს ისე გააკეთეთ, რომ გასართობი იყოს. ყოველი ახალი აქტივობის დასაძლევად მას სჭირდება ყურადღების მეტი ფოკუსირება, დაკვირვება, დაყოვნება და მოქმედების ადაპტირება.
• წაახალისეთ ყურადღების კონტროლი ისეთ მშვიდ აქტივობებზე, რომელსაც სჭირდება გაჩერება, ყურადღების ფოკუსირება და მშვიდი სუნთქვა – მაგალითად, მოქანავე ბურთულებზე დაკვირვება ან იოგის პოზაში გაჩერება ან მშვიდი ლოცვა.
• დაუკარით მუსიკა და აცეკვეთ ბავშვი ჯერ ნელი ტემპით, შემდეგ უცებ, სწრაფი ტემპით. ცეკვისას „გაშეშება“ ასევე კარგი გასართობი და იოლი თამაშია. მუსიკის გაჩერების დროს ბავშვს უწევს მოძრაობის გაჩერება და ყურადღების გადატანა პოზის შენარჩუნებაზე.
• ასწავლეთ სიმღერები, რომლებიც მოითხოვს გარკვეული თანმიმდევრობის დაცვას (მაგალითად ანბანზე ან დათვლაზე აწყობილი სიმღერა). ეს დიდი გამოცდა და კარგი ვარჯიშია მუშა მეხსიერებისთვის.
📌წყნარი თამაშები
• დახარისხების და დაწყვილების თამაშები ამ ასაკში ისევ სახალისოა, მაგრამ ჯობია გაართულოთ დახარისხების წესი და ცვალოთ წესები, რომ გაუმჯობესდეს ბავშვის გონებრივი მოქნილობა. დასაწყვილებლად გამოიყენეთ დასურათებული ბარათები ან ბანქოს ბარათები. ჯერ დააწყვილოს ფერის მიხედვით, შემდეგი წყვილი კი იყოს ფორმის მიხედვით. ყველა წყვილზე ცვალეთ დახარისხების წესი. ამავე მიზნით კარგია ლოტოს ან ბანქოს თამაში.
• რთული ფაზლების აწყობა ამ ასაკის ბავშვისთვის კარგი თამაშია, რადგან ავარჯიშებს მხედველობით მუშა მეხსიერებას.
• სამზარეულოში საქმიანობა, მაგალითად, ნამცხვრის მომზადება ბავშვს ასწავლის დალოდებას, ინსტრუქციის მოსმენას, დამახსოვრებას, ყურადღების ფოკუსირებას აწონა-გაზომვაზე.
იმედია, გამოიყენებთ ამ რეკომენდაციებს, რაც დაგეხმარებათ ბავშვის განვითარების ხელშეწყობაში.
შემდეგი, რეკომენდაციები N4, იქნება კონკრეტულად 5-7 წლის ბავშვისთვის.
დიდი მადლობა ლანა აბაშიძეს და 3 წლის კესანე ყურშუბაძეს ფოტოს გაზიარების ნებართვისთვის ❤
📚მაია გაბუნია, ბავშვთა ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმას დირექტორი, ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა აკადემიის თავმჯდომარე