აღმასრულებელი ფუნქციის და ემოციების რეგულაციის გაუმჯობესება ახალშობილობიდან ზრდასრულობამდე

სერია: აღმასრულებელი ფუნქციის და ემოციების რეგულაციის გაუმჯობესება ახალშობილობიდან ზრდასრულობამდე – მშობლებისა და დაინტერესებული პირებისთვის
N2 – რეკომენდაციები 18-36 თვის (1.5-3 წლის) ბავშვის აღმასრულებელი ფუნქციის განვითარებისთვის
ვაგრძელებთ ციკლს და გაწვდით რეკომენდაციებს 1.5-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. განვითარების ამ ეტაპზე ბავშვი სწრაფად ითვისებს სიტყვებს და იწყებს ლაპარაკს. სწორედ სამეტყველო ენა არის აღმასრულებელი ფუნქციისა და ემოციური რეგულაციის საფუძველი, რადგან ენა ეხმარება ბავშვს, გამოთქვას საკუთარი აზრები და ემოციები, გაიგოს სხვის მიერ მიცემული ინსტრუქცია და მითითება – როგორია ქცევის ან თამაშის წესები.
გაითვალისწინეთ, რომ ბილინგვიზმი ხელს უწყობს აღმასრულებელი ფუნქციის უნარების გაუმჯობესებას. ამიტომაც თუ თქვენ 2 ენაზე საუბრობთ, ელაპარაკეთ ბავშვს ორივე ენაზე.
📌აქტიური თამაშები
ამ ასაკში ბავშვი ფიზიკურად სულ უფრო და უფრო აქტიური ხდება, რაც ეხმარება მას, ყურადღება გაამახვილოს მიზანზე, არ გამოიყენოს არასაჭირო მოძრაობები, ხელახლა სცადოს თუ პირველ ჯერზე არ გამოუვიდა. თავიდანვე ყველაფერი არავის არ გამოდის და საჭიროა პრაქტიკა, რაც სწავლის პროცესია. ბევრი ასეთი აქტივობისას ბავშვს შეიძლება დასჭირდეს მშობლის შეხსენება ან დახმარება, მაგრამ ეს დიდხანს არ იქნება საჭირო.
– მიეცით ბევრი მასალა და შესაძლებლობა, რომ ისწავლოს ახალ-ახალი ისეთი უნარი, როგორიცაა ბურთის სროლა, დაჭერა, სიარული და სირბილი დახრილ ზედაპირზე (ქვემოთ და ზემოთ), ხტუნვა. მოიგონეთ მარტივი წესები, რომელიც ორივემ უნდა დაიცვათ, მაგალითად: ვინ იქნება პირველი და ვინ – მეორე ან მონიშნეთ „ფინიშის ხაზი“ – ეს დაეხმარება მუშა მეხსიერების და დამამუხრუჭებელი ქცევის განვითარებაში.
– ამ ასაკის ბავშვებს ძალიან მოსწონთ მიბაძვითი თამაშები, მაგალითად: „ყველა ვბაძავთ ივას“ ან „ყველა ვბაძავთ შიოს“ და ამ დროს ივა ან შიო ასრულებს სხვადასხვა მოძრაობებს. ეს საუკეთესო ვარჯიშია მუშა მეხსიერების, ყურადღების გამახვილების და დაყოვნების უნარის გაუმჯობესებისთვის.
– დაყოვნებისა და შეჩერების უნარის გასავითარებლად საუკეთესო თამაშია „გაშეშობანა“. გაითვალისწინეთ, რომ თავიდან შესაძლოა ბავშვს დასჭირდეს რამდენიმე შეხსენება: „გაშეშდი“. მოიგონეთ მსგავსი თამაშები, ვთქვათ სიმღერა და სიმღერის შეწყვეტა ტაშის დაკვრაზე ან რაიმე მსგავსი, რაც მოითხოვს მოქმედების შეწყვეტას და გაჩერებას.
– თითებით ან ხელების მოძრაობა და რიტმული სიმღერა ამ ასაკის ბავშვებს ძალიან მოსწონთ. მსგავსი თამაში ბავშვს ეხმარება მუშა მეხსიერების, ყურადღების და არასაჭირო მოქმედების დათრგუნვის სწავლებაში.
📌საუბარი და ამბების მოყოლა
რაც უფრო ვითარდება ბავშვის სამეტყველო ენა, მით უფრო იოლად ერთვება უფროსთან საუბარში და ყვება მარტივ ისტორიებს.
– უყურეთ ბავშვის თამაშს და გაახმოვანეთ, რასაც აკეთებს. ეს დაეხმარება მას, რომ გაიგოს, როგორ შეიძლება სიტყვებით მისი მოქმედებების გადმოცემა. უფრო მოგვიანებით ასაკში კი ჰკითხეთ: „ამის შემდეგ რას გააკეთებ?“ ან „შენ გინდა რომ სათამაშო თაროდან ჩამოიღო, როგორ ფიქრობ, კიდევ როგორ შეგიძლია ამის გაკეთება?“ ეს დაეხმარება ბავშვს, შეჩერდეს, დაფიქრდეს, რას აკეთებს, გაიაზროს როგორ აკეთებს და დაგეგმოს შემდეგი ნაბიჯი.
– მოყევით ამბები, რომელიც ერთად გადაგხდათ. ეს იქნება საუკეთესო პრაქტიკა ამბების მიმდევრობის დასამახსოვრებლად და მიზეზ-შედეგობრიობის გასააზრებლად. შეგიძლიათ იგივე ამბავი დახატოთ ან მოკლედ დაწეროთ სათამაშო „წიგნში“. შეგიძლიათ შემდეგ მიუბრუნდეთ „წიგნს“, გაიხსენოთ და დაარედაქტიროთ.
📌დაწყვილების/დახარისხების თამაში
ამ ასაკის ბავშვს უკვე შეუძლია დაწყვილება-დახარისხების მარტივი თამაში, რომელსაც სჭირდება რომ ბავშვმა გაიგოს ის წესი, რის მიხედვითაც ხდება დახარისხება (ფორმის, ფერის ან ზომის მიხედვით). ასევე, სჭირდება ამ წესის დამახსოვრება და მიყოლა.
– სთხოვეთ ბავშვს, რომ ითამაშოთ დახარისხების თამაში და რიგ-რიგობით დაახარისხეთ საგნები ზომის, ფორმის ან ფერის მიხედვით.
– ჩართეთ ბავშვი მხიარულ თამაშში: პატარა საგნები უნდა ჩაყაროთ დიდ ყუთში და დიდი საგნები – პატარაში. ის მოგბაძავთ თქვენ და ერთად კარგად იმხიარულებთ. ეს თამაში განუვითარებს შერჩევით ყურადღებას და მუშა მეხსიერებას.
– ცოტა რომ წამოიზრდება, მოეწონება ფაზლების აწყობა, რაც მისგან მოითხოვს ყურადღებას ნაწილების ფერის და ზომის მიხედვით შესარჩევად. შეგიძლიათ ჰკითხოთ, რა ფერის ან ფორმის ნაწილია საჭირო, სად უნდა ჩადოს ეს ნაწილი ან თუ არ აღმოჩნდა შესაბამისი, სად შეიძლება მოერგოს. ეს გაავარჯიშებს მისი საზრიანობის და დაგეგმვის უნარს.
📌წარმოსახვითი თამაში
ამ ასაკში ბავშვს უკვე აქვს წარმოსახვითი მარტივი თამაშის უნარი. ბავშვმა შეიძლება გამოიყენოს მისთვის ხელმისაწვდომი რაიმე საგანი უფროსის მოქმედების მისაბაძად (მაგალითად ვითომ საჭმელს ამზადებს ან ვითომ იატაკს გვის). როცა უკვე ახერხებს წარმოსახვით თამაშს, უფრო რთულ მოქმედებებშიც გადადის, მაგალითად „ჭამს“ ან თოჯინას „აჭმევს“ თავის „მომზადებულ საჭმელს“.
– ჰკითხეთ, რას აკეთებს. გაახმოვანეთ ყველაფერი, რასაც აკეთებს.
– ითამაშეთ ბავშვთან ერთად ისე, როგორც ბავშვს უნდა. ჰკითხეთ, თქვენ რა როლი გაქვთ ამ თამაშში და ეს როგორ უნდა გააკეთოთ. სხვისი ქცევის რეგულირება საუკეთესო გზაა, რომ ბავშვმა თავად ისწავლოს საკუთარი თავის რეგულირება.
– მოამარაგეთ სხვადასხვა, მისთვის ნაცნობი საგნებით, სათამაშოებით და ტანსაცმლით, რომ წაახალისოთ წარმოსახვითი თამაში.
იმედი მაქვს, გამოიყენებთ ამ რეკომენდაციებს, რაც დაგეხმარებათ ბავშვის განვითარების ხელშეწყობაში.
შემდეგი, რეკომენდაციები N3, იქნება კონკრეტულად 3-5 წლის ბავშვისთვის.
დიდი მადლობა ელენე ნანობაშვილს და 3 წლის ტაისია სარდალიშვილს ფოტოს გაზიარების ნებართვისთვის ❤
📚მაია გაბუნია, ბავშვთა ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმას დირექტორი, ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა აკადემიის თავმჯდომარე