აღმასრულებელი ფუნქციის და ემოციების რეგულაციის გაუმჯობესება ახალშობილობიდან ზრდასრულობამდე

📖ვიწყებთ სერიას: აღმასრულებელი ფუნქციის და ემოციების რეგულაციის გაუმჯობესება ახალშობილობიდან ზრდასრულობამდე – მშობლებისა და დაინტერესებული პირებისთვის
📖შესავალი ნაწილი
📌ჩვენი საზოგადოების აგრესიულობას და ემოციების მართვის პრობლემას ყველა ვგრძნობთ. გვიჭირს ემოციების შეკავება, სიტყვებით გამოხატვა და პირდაპირ აგრესიაზე გადავდივართ. გვიჭირს მომავლის დაგეგმვა და ამ გეგმის აღსრულება. მოკლედ, პრობლემები გვაქვს აღმასრულებელი ფუნქციის უნარ-ჩვევებსა და ემოციების თვით-რეგულაციაში. იმისათვის რომ მომავალ თაობაში მაინც თავიდან ავიცილოთ მსგავსი პრობლემები და ჩვენც ცოტა „ვიმეცადინოთ“, საჭიროა მეტი ვიცოდეთ ამ ფუნქციების შესახებ.
📌აღმასრულებელი ფუნქცია და თვითრეგულაცია განვითარებისა და სწავლის საფუძველია. ადამიანი არ იბადება ამ უნარით, მას აქვს მხოლოდ პოტენციალი, რომ ეს უნარი განივითაროს.
📌აღმასრულებელი ფუნქცია და თვით-რეგულაცია ისევე მნიშვნელოვანია, როგორც გადატვირთულ აეროპორტში თვითმფრინავების ფრენების (მოფრენა-გაფრენის) მაკონტროლებელი სისტემა. ზუსტად ასევე, აღმასრულებელი ფუნქციის უნარ-ჩვევები საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოთ ჩვენ თავის ტვინში შემოსული მრავალი ინფორმაცია, ყურადღება გავამახვილოთ საჭიროზე, გავფილტროთ არასაჭირო და ჩავრთოთ სწორი მექანიზმი.
📌არსებობს ამ უნარების 3 ძირითადი ჯგუფი:
 მუშა მეხსიერება – ინფორმაციის დამახსოვრების და გამოყენების უნარი.
 ინჰიბიტორული (დამამუხრუჭებელი) კონტროლი – აზრების და იმპულსების ისე განკარგვის უნარი, რომ შეძლო შეეწინააღმდეგო ცდუნებას და ჩვევებს, ჯერ გაჩერდე და დაფიქრდე, მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედო.
 კოგნიტური (შემეცნებითი) მოქნილობა – ცვალებადი მოთხოვნების, პრიორიტეტების ან პერსპექტივების შესაბამისად აზროვნების ადაპტირება და მორგება.
📌ეს უნარ-ჩვევები გვეხმარება, რომ დავიმახსოვროთ ის ინფორმაცია, რომელიც კონკრეტული მოქმედების შესასრულებლად გვჭირდება, გავფილტროთ არასაჭირო ინფორმაცია, შევეწინააღმდეგოთ შეუსაბამო იმპულსებს, ვიყოთ ყურადღებით კონკრეტული საქმიანობის შესრულებისას; დავსახოთ მიზანი და დავგეგმოთ მიზნის ასრულება, შევაფასოთ ჩვენი პროგრესი ამ გზაზე და თუ საჭიროება გაჩნდა, შევცვალოთ გეგმა ისე, რომ გავუმკლავდეთ იმედგაცრუებას.
📌აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების პროცესი იწყება ჩვილობიდან და გრძელდება ზრდასრულობის ასაკშიც. მასზე გავლენას ახდენს ჩვენი გამოცდილება. ბავშვები ამ უნარებს ივითარებენ მისთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობით და თამაშის დროს.
📌ჩვილობის პერიოდში ბავშვს უფროსებთან ურთიერთობა ეხმარება ყურადღების ფოკუსირებაში, მუშა მეხსიერების განვითარებაში, სტიმულაციურ გამოცდილებაზე რეაქციის მართვაში. უკვე მოგვიანებით, შემოქმედებითი თამაშებით, სკოლის საშინაო დავალებებით, სპორტული გუნდური თამაშებით და სხვა მსგავსი აქტივობებით ბავშვი იძენს გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს თუ როგორ მოარგოს ყურადღება, მუშა მეხსიერება და თვით-კონტროლი იმას, რომ უფრო მოქნილად გადაჭრას გაჩენილი პრობლემა. მაღალ კლასებში ბავშვი უკვე თავად განკარგავს საკუთარ დროს და თავად აკონტროლებს საკუთარ მიღწევებს და მარცხს.
📌ზრდასრულები თამაშობენ მნიშვნელოვან როლს ბავშვის მხარდაჭერასა და ამ უნარ-ჩვევების „გამოძერწვაში“ – ჯერ ეხმარებიან რთული დავალების შესრულებაში, შემდეგ ნელ-ნელა, საშუალებას აძლევენ დამოუკიდებლად გაუძღვეს პროცესს და ისწავლოს საკუთარ შეცდომებზე. ყველა ბავშვი ივითარებს ამ უნარებს, რისთვისაც მათ სჭირდებათ გამოცდილებაზე დაფუძნებული პრაქტიკა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მათთან საუბარი და განხილვა, თუ რას და რატომ აკეთებენ, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, რამდენად ეფექტურია მისი გადაწყვეტილება.
📌მოგაწვდით ასაკის მიხედვით შერჩეულ აქტივობებს და თამაშებს დიდებისთვის, რომ დაეხმაროთ ბავშვებს აღმასრულებელი ფუნქციის და თვით-რეგულაციის უნარ-ჩვევების განვითარებაში. მასალა ძირითადად ეფუძნება ჰარვარდის უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ცენტრის ექსპერტთა შეჯერებულ მოსაზრებებს (იხ: www.developingchild.harvard.edu.)
📌რეკომენდაციები დაყოფილია 6 ასაკობრივ ჯგუფებად:
1) 6-18 თვის ბავშვისთვის
2) 18-36 თვის (1.5 – 3 წლის) ბავშვისთვის
3) 3-5 წლის ბავშვისთვის
4) 5-7 წლის ბავშვისთვის
5) 7-12 წლის ბავშვისთვის
6) მოზარდებისთვის
📌მოკლედ, ვიწყებთ. ეს მხოლოდ შესავალი ნაწილი იყო. კვირაში ერთხელ, 6 კვირის განმავლობაში მოგაწვდით ხოლმე სხვადასხვა ასაკისთვის განკუთვნილ კონკრეტულ რეკომენდაციებს. იმედი მაქვს, ეს რეკომენდაციები დაგეხმარებათ არა მარტო ბავშვის, არამედ საკუთარი აღმასრულებელი ფუნქციის განვითარებაშიც.
📌შემდეგი იქნება კონკრეტული რეკომენდაციები 6-18 თვის ბავშვისთვის.
მაია გაბუნია,
ბავშვთა ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმას დირექტორი, ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა აკადემიის თავმჯდომარე