აღზრდის სტილის გავლენა ბავშვის ფსიქოლოგიურ განვითარებაზე

ბავშვის ფსიქოლოგიური განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოს გავლენას, რომელშიც ის ვითარდება. მშობლების დამოკიდებულება და მათი მხრიდან გამოჩენილი მხარდაჭერა განსაზღვრავს ბავშვის ხასიათის და მისი პიროვნების ფორმირებას. თანდაყოლილი ტემპერამენტი გავლენას ახდენს ბავშვის ქცევაზე, რაც თავის მხრივ მშობლის აღზრდის სტილს განსაზღვრავს. მიუხედავად ამ გავლენისა, მშობლის მიერ გამოყენებული აღზრდის მეთოდი მოითხოვს დიდ პასუხისმგებლობას და პრაგმატულ გადაწყვეტილებებს. ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და მედეგობის ხელშეწყობისათვის მნიშვნელოვანია, აღზრდის პროცესში მისისაჭიროებებისა და მოთხოვნილებების გათვალისწინება.
აღზრდის სტილი არის მეთოდი რომლის გამოყენებითაც მშობელი ზრდის შვილს. მშობლის დამოკიდებულება განსაზღვრავს ბავშვის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას. ის გავლენას ახდენს ბავშვის კოგნიტურ, სოციალურ და კომუნიკაციური უნარების განვითარებაზე. აღზრდის სტილს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბავშვის სოციალიზაციისა და პიროვნებად ფორმირების პროცესში.
კვლევებით გამოიკვეთა მშობლის მიერ გამოყენებული აღზრდის სტილის ოთხი ტიპი, ესენია:
  • ავტორიტარული
  • ლიბერალური
  • ინდიფერენტული
  • ავტორიტეტული
თითოეული მათგანი განსხვავებულ გავლენას ახდენს ბავშვის მენტალურ (ფსიქიკურ) განვითარებაზე, განსაზღვრავს მის ქცევას და სამომავლო წარმატებას.
1. ავტორიტარული აღზრდის სტილი – გულისხმობს ბავშვის მიმართ წაყენებულ მაღალ მოთხოვნებს და მშობლის მხრიდან გამოვლენილ არასაკმარის უკუკავშირს.
აღზრდის ამ სტილის მქონე მშობლები მოითხოვენ მათი მითითებების უპირობო შესრულებას იმ მიზეზით რომ მშობელს ასე სურს. ეს სტილი გულისხმობს ცალმხრივ კავშირს, რომელიც მშობლის მხრიდან გამოხატულია წესებისა და ბრძანებების ფორმით.
ასეთი მშობლები იყენებენ მკაცრ დისციპლინას და ხშირად მიმართავენ დასჯისისეთ მკაცრ მეთოდებს, როგორიცაა მაგალითად ფიზიკური დასჯა ბავშვის ქცევის მართვის მიზნით. მათი დისციპლინური მეთოდები ძალდატანებას გულისხმობს.ასეთი მშობლის მოქმედება თავხედურია, იმპერატიულია, ძალაუფლებაზედამშობლის სტატუსის ბოროტად გამოყენებაზეა დამყარებული. ავტორიტარული მშობლები გულისხმიერად არ რეაგირებენ თავიანთი შვილების მოთხოვნილებებზე და როგორც წესი, არ ზრუნავენ მათზე. ასეთ უპასუხისმგებლო ქცევას ისინი ამართლებენ ბავშვის მიმართ გადამეტებული სიყვარულით.
ამ სტილის გავლენით ბავშვს:
  • უყალიბდებაჭირვეული ხასითი;
  • არის ნაკლებად დამოუკიდებელი;
  • გარემოს აღიქვამს როგორც საფრთხის შემცველს;
  • აქვს დაბალი თვითშეფასება;
  • აქვს ქცევის პრობლემები;
  • აქვს დაბალი აკადემიური მოსწრება;
  • აქვსდეფიციტური სოციალური უნარები;
  • მიდრეკილია ფსიქიკური პრობლემებისაკენ;
  • ზრდასრულ ასაკში მაღალია ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბოროტად გამოყენების რისკი.
2. მომთმენი (ლიბერალური) – აღზრდის სტილი გულისხმობს ბავშვის მიმართ წაყენებულ დაბალ მოთხოვნებს და მაღალ მიმღებლობას.
ამ ტიპის მშობლები აწესებენ ძალიან ცოტა წესებს და საზღვრებს. თავადვე არ იცავენ ამ წესებს, რითიც ბავშვს აძლევენ ამ წესების დარღვევის მაგალითს. ისინი თბილი და მომთმენნი არიან. მათ არ უყვართ უარის თქმა შვილის სურვილებზე და ცდილობენ ბავშვის ყველა ჭირვეულობის შესრულებას.
ამ სტილის გავლენითაღზრდილ ბავშვებს როგორც წესი აქვთ ყველაზე ცუდი შედეგები:
  • არ შეუძლიათ წესების მიყოლა;
  • აქვთ დაბალი თვითკონტროლის უნარი;
  • არიან ეგოცენტრულები;
  • აქვთ სირთულეები სოციალურ ურთიერთობებში.
3. უყურადღებო (ინდიფერენტული) – აღზრდის სტილის მქონე მშობლებს ბავშვის მიმართ აქვთ დაბალი მოთხოვნები და დაბალი მიმღებლობა.
არ აწესებენ ბავშვის ქცევის მყარ საზღვრებს ან მაღალ სტანდარტებს. მათთვის სულერთია შვილების მოთხოვნილებები და არ ერთვებიან მათ ცხოვრებაში. ასეთ მშობლებს შეიძლება ჰქონდეთ ისეთი ფსიქიკური პრობლემები, როგორიცაა მაგალითად დეპრესია, იყვნენ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ან თავადვე ჰქონდეთ გამოცდილებაში – ბავშვობაში ზრუნვის ნაკლებობა.
ასეთი აღზრდის სტილის გავლენით ბავშვები არიან:
  • უფრო იმპულსურები;
  • არ შეუძლიათ ემოციების დამოუკიდებლად მართვა;
  • აქვთ სირთულეები კანონთან ან ბოროტად იყენებენ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს;
  • აქვთ ფსიქიკური სირთულები – მაგალითად, სუიციდის მცდელობები.
4. ავტორიტეტული აღზრდის სტილი – გულისხმობს მშობლების მხრიდან წაყენებულ მაღალ მოთხოვნებს და შვილის საჭიროებების გულისხმიერ მიმღებლობას.
ასეთი აღზრდის სტილის მქონე მშობლები ბავშვს უყენებენ მაღალ მოთხოვნებს, დიდ იმედებს ამყარებენ შვილის მიღწევებსა და განვითარებაზე. ამასთანავე, თბილი და გულისხმიერი დამოკიდებულება აქვთ ბავშვთან.
ამ ტიპის მშობლები აწესებენ წესებს და საზღვრებს. უხსნიან შვილს ამ წესების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს, არგუმენტირებული მსჯელობის გამოყენებით ღიად განიხილავენ მათი ქცევის შედეგებს. ამ გზით ბავშვი აცნობიერებს ცხოვრების ამ ეტაპის მიზნებს, უყალიბდება ღირებულებები და მორალი.
ავტორიტეტული მშობელი მზრუნველი და მხარდამჭერია. ის ბავშვს აძლევს ავტონომიას და ახალისებს დამოუკიდებლობას. ეს სტილი ასევე ცნობილია როგორც დემოკრატიული აღზრდის სტილი.
ამ სტილის გამოყენებით აღზრდილი ბავშვი:
  • დამოუკიდებელია;
  • ბედნიერი და კმაყოფილია;
  • აქტიურია;
  • აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება;
  • აქვს კარგი თვითშეფასება;
  • თანატოლებთან სოციალურ ურთიერთობაში არის უფრო კომპეტენტური;
  • აქვსკარგი ფსიქიკური ჯანმრთელობა – დაბალია დეპრესიის, შფოთვის, სუიციდის, დანაშაულებრივი ქმედების, ალკოჰოლისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბოროტად გამოყენების რისკი;
  • აქვს ძალადობის გამოვლენის დაბალი მაჩვენებელი.
მრავალწლიანი კვლევები აჩვენებს, რომ ავტორიტეტული აღზრდის სტილი გრძელვადიან პერსპექტივაში განაპირობებს ბავშვის უკეთეს ფსიქიკურ და ფიზიკურ განვითარებას. ის სპეციალისტთა მხრიდან აღიარებულია როგორც ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა.
გისურვებთ წარმატებას!
მოამზადა მენტალური ჯანრთელობის ცენტრის ფსიქოლოგმა ბესო ჭიღვარიამ.
გამოყენებული ლიტერატურა: