აუტიზმი და წყალთან დაკავშირებული უსაფრთხოება

აუტიზმის მქონე ბავშვებს განსაკუთრებით იზიდავთ წყალი, ამიტომაც წყალში დახრჩობა მათი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ მიზეზებს შორის ერთ-ერთ პირველ ადგილზეა.ორგანიზაციამ Autism Speaks გამოაქვეყნა რამდენიმე რეკომენდაცია წყლის აქტივობებთან დაკავშირებული საშიშროების თავიდან ასარიდებლად. გთავაზობთ რამდენიმე ასეთ რჩევას.

უსაფრთხოების დასაცავად:

1. სწავლება დაიწყეთ მაქსიმალურად ადრე.

არასოდეს არის „ძალიან ადრე“ იმისათვის, რომ ასწავლოთ ბავშვს წყლის უსაფრთხოების ზომების დაცვის საჭიროება და მნიშვნელობა. ადრეული ასაკიდანვე მიეცით წყალთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტივობების შესრულების საშუალება, რომ წყალში თავს კომფორტულად გრძნობდეს.

2. ატარეთ ცურვაზე.

საფრთხის თავიდან აცილების საუკეთესო მეთოდი ბავშვისთვის ცურვის სწავლებაა. გახსოვდეთ, რომ გაკვეთილები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის არ მოიცავს მხოლოდ ცურვის სწავლებას, არამედ იმასაც, თუ როგორ იცურაოს/იბანაოს უსაფრთხოდ.

გაეცანით „Swim Angelfish“-ის პროგრამას, რომელმაც გამოსცა რამდენიმე ვიდეო-რეკომენდაცია ცურვის სწავლებასთან დაკავშირებით (იხილეთ YouTube გვერდზე). შეეცადეთ, რომ გაკვეთილები სახალისო და ინტერაქტიული გახადოთ. იმ შემთხვევაში, თუ სპეცაილური პროგრამა ხელმისაწვდომი არ არის, მოძებნეთ მონდომებული მოცურავე ან სპეც-პედაგოგი, რომელიც დაგეხმარებათ სწავლებაში.

3. აქცენტი გააკეთეთ წყალთან დაკავშირებულ საფრთხეებზე.

გარანტირებული უსაფრთხოებისთვის ცურვის ცოდნა საკმარისი არ არის. აუცილებელია დარწმუნდეთ იმაში, რომ აუტიზმის მქონე პირს კარგად ესმის წყლის უსაფრთხოების მნიშვნელობა და საჭიროება.

აუტიზმის მქონე ზოგიერთმა ბავშვმა/მოზარდმა კარგად იცის ცურვა. თუმცა, ისინი, შესაძლოა მაინც აღმოჩნდნენ ისეთი სახიფათო სიტუაციების წინაშე, როგორებიცაა მდინარის ძლიერი დინება ან არასაკმარისად ღრმა აუზი.

4. წინასწარ მიიღეთ ზომები დაკარგვის თავიდან ასაცილებლად.

ფაქტია, რომ აუტიზმის მქონე პირები „მოხეტიალეები“ არიან. რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი განუწყვეტლივ ცდილობენ, დატოვონ ის ადგილი, სადაც იმყოფებიან. მშობლები ამონტაჟებენ სიგნალიზაციებს, მაგრამ ბავშვები მაინც პოულობენ გაქცევის საშუალებას. ეს არ მეტყველებს მშობლის უყურადღებობაზე ან ბავშვის კონტროლის უუნარობაზე.
თუ თქვენს შვილს წყალი ძალიან იზიდავს, მიიღეთ ზომები და საჭირო შემთხვევაში მოარიდოთ მას. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ აუზი ან ცხოვრობთ აუზთან ახლოს, დარწმუნდით, რომ იგი ბავშვისთვის ხელმიუწვდომელია. დაამონტაჟეთ სიგნალიზაცია ფანჯრებსა და კარებზე, რომ არ დატოვოს ბავშვმა სახლი თქვენი ნებართვის გარეშე. არასოდეს დატოვოთ თქვენი შვილი უყურადღებოდ ან მარტო, განსაკუთრებით როდესაც წყალთან ახლოს იმყოფებით. ბავშვი შესაძლოა „გამოიპაროს“ სახლიდან ისე, რომ ვერავინ შეამჩნიოს მისი წასვლა დიდი ხნის განმავლობაში. თუ წყალი ახლოსაა, დიდი შანსია ყოველგვარი საფრთხის გათვალისწინების გარეშე ჩავიდეს და იბანაოს.
თუ ნახავთ ბავშვს წყალთან ახლოს, შეეცადეთ, გაიგოთ, რატომ არის ის აქ და სად უნდა იყოს იგი.

5. გაავრცელეთ ინფორმაცია თქვენი ბავშვის შესახებ.

გააგებინეთ თქვენს მეზობლებს, რომ თქვენს შვილს უყვარს ხეტიალი და იზიდავს წყალი. სთხოვეთ, რომ იყვნენ ყურადღებით. გარდა ამისა, დაბეჭდეთ ფლაერი, რომელშიც ეწერება სპეციფიკური და დეტალური ინფორმაცია თქვენი შვილის შესახებ. ასევე, მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია.

მეზობლებისთვის საყურადღებო წერილის ნიმუშს შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ბმულზე: https://www.autismspeaks.org/…/…/neighbor_alert_letter_0.pdf

 

 მასალა მოამზადა ფსიქოლოგმა/ქცევითმა თერაპევტმა გვანცა სოსელიამ.