აუტიზმი და სექსუალური განვითარება

ეტაპები, რომელსაც ბავშვი სექსუალური განვითარების დროს გადის

სექსუალურობა და მასთან დაკავშირებული შეგრძნებები ნორმაა როგორც ზრდასრულ ადამიანებში, ასევე ბავშვებში. იმისათვის, რომ ადამიანმა ზრდასრულ ასაკში სრულყოფილი ურთიერთობის ჩამოყალიბება შეძლოს, მან პირველ რიგში ბავშვობაში საკუთარი სხეული უნდა შეიცნოს, შემდეგ კი სხვა ადამიანის მიმართ მიზიდულობის შეგრძნება გააცნობიეროს. სექსუალური ჩამოყალიბების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ზუსტად იგივე ეტაპებს გადიან, რასაც ნორმალური განვითარების მქონე ადამიანები. განსხვავება მხოლოდ ერთია – სექსუალური იდენტობის ჩამოყალიბებაში მათ გარემო და საზოგადოება უშლით ხელს.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ შეგრძნება რომ ისინი განსხვავებულები არიან. შესაბამისად, არსებობს რისკი იმისა, რომ მათ საკუთარი ბუნებრივი სექსუალური მოთხოვნილებებიც „არანორმალურ“ მოვლენად მიიჩნიონ. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი რომ მშობლებმა, ოჯახის წევრებმა, მასწავლებლებმა და გარშემო მყოფებმა სწორად მიაწოდონ მათ ინფორმაცია საკუთარი სხეულისა და მოთხოვნილებების შესახებ.

როგორ მივუდგეთ ბავშვს?
სკოლაში მომწიფებისა და განაყოფიერების შესახებ ინფორმაციას ბავშვები შესაბამის ასაკში იღებენ. კარგი იქნება, თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მშობლები ინფორმირებულნი იქნებიან იმის შესახებ, თუ რა ინფორმაციას მიიღებს ბავშვი სკოლაში და როდის. ამ შემთხვევაში სახლში და სკოლაში მიღებული ინფორმაცია ერთმანეთის შესაბამისი იქნება და ბავშვს ჩამოყალიბებაში შეუწყობს ხელს. ვინაიდან და რადგანაც აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს ხშირად მეტი დრო სჭირდებათ მათ ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებების აღსაქმელად, იმ დროისათვის, როდესაც სკოლა მიაწვდის მათ ინფორმაციას საკუთარი სხეულისა და მასში მიმდინარე ფიზიკური მოვლენების შესახებ, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვს შეიძლება უკვე ჰქონდეს სხვა და სხვა სახის სექსუალური გამოხატულებები:
სექსუალურ თემებზე არაადეკვატურ დროს საუბრის, მეორე ადამიანთან შეხების და ხალხმრავალ ადგილას ტანსაცმლის გახდის მცდელობები. ამის თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია თუ მშობლები მომწიფებამდე მიაწვდიან ბავშვს ინფორმაციას.

რა უნდა ვასწვალოთ ბავშვებს?
• სექსის, სექსულური მომწიფებისა და მოთხოვნილებების შესახებ მშობლები ბავშვს აუციულებლად ძალიან მშვიდად, თავისუფლად და სიყვარულით უნდა ელაპარაკონ.
• ყველა მშობელი ბავშვს პირველ რიგში უქმნის წამოდგენას იმის შესახებ, გოგოა ის თუ ბიჭი. კარგი იქნება, თუკი მშობლები მის სასქესო ორგანოებსაც ზუსტ და შესაბამის სახელს დაარქმევენ.
• როდესაც ბავშვი საკუთარი სხეულის შეხებას დაიწყებს, სახლში, ან თუნდაც ხალხმრავალ ადგილას, ამ დროს იგნორი საუკეთესო გამოსავალია. ხოლო მაშინ როდესაც ბავშვს უკვე შეუძლია აღიქვას მარტოა თუ გარშემომყოფებთან ერთად, შეგვიძლია ასე შევაჩეროთ მისი ქცევა: „ვიცი რომ ეს ძალიან სასიამოვნოა და ასეც უნდა იყოს, თუმცა ეს ძალიან განსაკუთრებული და ინტიმური შეგრძნებაა“.
• სხეულის შესახებ ბავშვს შეგვიძლია აბაზანის მიღების დროსაც ვესაუბროთ.
• აუცილებელია, რომ მისი მასტურბაცია ნორმად მივიღოთ და ეს ვაგრძნობინოთ მას.
• მშობელი მაქსიმალურად ღია უნდა იყოს ბავშვის ნებისმიერ კითხვის მიმართ. უპასუხეთ მას თავისუფლად ყველა კითხვაზე, რათა საწყისშივე გაიაზროს, რომ სქესობრივი მომწიფება სრულიად ბუნებრივი მოვლენაა.
• თუკი ბავშვი კითხვას არა ადეკვატურ დროს, ხალხმრავალ ადგილას დაგისვავთ, შეეცადეთ მშვიდად უპასუხოთ, რომ ამ საკითხზე სახლში დაბრუნების შემდეგ ისაუბრებთ და აუცილებლად სახლში მისვლისთანავე ესაუბრეთ მას.
• სექსსა და მომწიფებაზე საუბრისას კარგი იქნება თუ კარგად აუხსნით განსხვავებას პირადსა და საჯაროს შორის. მაგალითად რომელი ოთახები არის საჯარო და რომელი ოთახი არის მისი პირადი სივრცე; რომ მასტურბაცია და ტანსაცმლის გახდა საკუთარ საძინებელში შეუძლია და არა ყველა ოთახში; რომ სექსზე შეუძლია ესაუბროს თერაპევტს, დედას, მამას და არა უცხო ადამიანებს.
• აუხსენით თქვენს შვილს რა არის მენსტრუაცია, როგორ უნდა მოიხმაროს ჰიგიენური საშუალებები, როგორ მოუაროს თავს. აუცილებელია, მას ყოველთვის ჰქონდეს წვდომა ჰიგიენურ საშუალებებთან და კარგი იქნება, თუ ინფორმაციას პატარა წიგნაკშიც დაუწერთ, რომელიც სულ თან ექნება და არ ინერვიულებს თუკი მენსტრუაციის დროს მარტო აღმოჩნდება.
• მიაჩვიეთ ბავშვი ჰიგიენას. ასწვალეთ, რომ უნდა იბანაოს მასტურბაციის შემედეგ.

ესაუბრეთ მას ურთიერთობებზე, სიყვარულზე, ქორწინებაზე, თუნდაც საკუთარი პარტნიორის მაგალითზე და დაეხმარეთ მას, რათა სამომავლოდ რაც შეიძლება ადვილი იყოს მისთვის ინტიმური ურთიერთობების ჩამოყალიბება.

 

მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ქცევითმა თერაპევტმა ზურაბ გაბუნიამ

გამოყენებული მასალები:
http://www.autism.org.uk/a…/communication/sex-education.aspx
http://m.raisingchildren.net.au/…/autism_spectrum_disorder_…https://www.asid.asn.au/…/DSW1…/Hayward_SexualBehaviours.pdf
https://www.autism.com/understanding_social_sexual