აუტიზმის მქონე ბავშვი ოჯახში

ბავშვის აღზრდის დროს გარკვეული სახის სტრესი მშობლის ნორმალური და ადაპტური რეაქციაა. თუმცა როცა თქვენი ბავშვი თანატოლებისაგან განსხვავებულად ვითარდება, ყოველდღიურ ცხოვრებაში თქვენ და თქვენი ოჯახის სხვა წევრები სხვადასხვა სახის პრობლემას აწყდებით. ხშირად მშობლები, რომლებსაც ასა-ს (აუტიზმის სპექტრის აშლილობის) მქონე შვილი ჰყავთ სათანადო ყურადღებას ვერ უთმობენ სხვა შვილებს, რის გამოც დამატებითი პრობლემები ჩნდება, მაგალითად:

 ასა-ს მქონე ბავშვის და-ძმები ხშირ შემთხვევაში გრძნობენ, რომ მათ მშობლებს მათთვის საკმარისი დრო არ რჩებათ. ამიტომ ისინი ძალიან იშვიათად საუბრობენ მშობლებთან თავიანთ განცდებსა და ემოციებზე;
 ეჭვიანობენ, რადგან მშობელი მეტ დროს უთმობს ასა-ს მქონე ბავშვს;
 ბრაზდებიან, როცა მშობელი უფრო დამთმობია ასა-ს მქონე ბავშვის მიმართ;
 შესაძლოა თავს მეორეხარისხოვნადაც გრძნობენ და ფიქრობენ, რომ მშობლებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი ადამიანები არიან;
 პროტესტის ნიშნად ურთიერთობის ნაკლებ სურვილს გამოხატავენ ასა-ს მქონე ძმასთან ან დასთან.

ბავშვებს ხშირ შემთხვევაში არასწორი წარმოდგენა აქვთ საკუთარი დის ან ძმის მდგომარეობაზე. ზოგი მათგანი იმასაც კი ფიქრობს, რომ მის დას ან ძმას უბრალოდ ცუდი ყოფაქცევა აქვს.

ამგვარი არასწორი წარმოდგენის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია, რომ მშობელი ბავშვს ესაუბროს და მისთვის გასაგებ ენაზე აუხსნას, რაში მდგომარეობს ასა-ს თავისებურებები. საუბრისას მშობელმა უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი. ხუთი წლის ბავშვმა შეიძლება აღიქვას კონკრეტული პრობლემა, მაგ,: „შენი ძმა ვერ კითხულობს“ ან „შენი და ვერ ლაპარაკობს“, მაგრამ ჩვიდმეტი წლის მოზარდს უკვე შეუძლია იმის გაცნობიერება, რომ აუტიზმის მქონე მის დედმამიშვილს არა აქვს ჩვეულებრივი ცხოვრება.

რაც უფრო იზრდებიან ბავშვები, მით უფრო მეტი კითხვები უჩნდებათ და მეტ ინფორმაციას ითხოვენ ასა-ს შესახებ. ამიტომ მშობელმა უნდა შეძლოს კითხვებს დასაბუთებულად და ამომწურავად უპასუხოს.

გათავაზობთ რეკომენდაციებს, რათა გაგიადვილდეთ ოჯახში არსებულ სირთულეებთან გამკლავება:

 ისაუბრეთ აუტიზმზე. გახსოვდეთ რომ, თუ ბავშვებს მიეწოდებათ სწორი ინფორმაცია აუტიზმის შესახებ, ისინი უფრო ტოლერანტულნი, მზრუნველნი და კონტაქტურები არიან საკუთარი და-ძმის მიმართ.
 გამოყავით სპეციალური დრო , თუნდაც 10 წუთი მათთან სასაუბროდ, შეეკითხეთ საკუთარ განცდების და ემოციების შესახებ.
 გამოყავით დრო დანარჩენი შვილებისთვის და მათთან ერთად გაერთეთ.
 აგრძნობინეთ შვილებს, რომ ისინი ერთნაირად მნიშვნელოვანი ადამიანები და მეტად საჭირონი არიან თქვენთვის.
 ასწავლეთ სწორი ურთიერთობის ფორმა და პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარი დედმამიშვილის მიმართ.

იმედია, ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ მსგავსი პრობლემების მოგვარებაში.

 

 მოამზადა ფსიქოლოგმა, ქცევითმა თერაპევტმა სალომე ნადარაიამ