აუტიზმის მქონე ბავშვის ტუალეტის ჩვევის ჩამოყალიბება

ზოგჯერ აუტიზმის მქონე ბავშვს უფრო დიდი დრო სჭირდება ტუალეტის ჩვევის გამომუშავებისთვის, ვიდრე ტიპური განვითარების ბავშვს. ეს შეიძლება განპირობებული იყოს რამდენიმე მიზეზით:
1. განვითარების შეფერხების გამო შეიძლება უჭირდეს ახალი ქცევის დასწავლა;
2. შეიძლება უჭირდეს უკვე კარგად ჩამოყალიბებული რუტინის დარღვევა, პამპერსისგან გადაჩვევა;
3. შეზღუდული ვერბალური უნარების გამო შესაძლებელია გართულებული იყოს კომუნიკაცია;
4. ტუალეტის ჩვევაზე მუშაობა შეიძლება იწვევდეს შფოთვას.
არსებობს რამდენიმე სტრატეგია, რაც დაგეხმარებათ აუტიზმის მქონე ბავშვთან ტუალეტის ჩვევაზე მუშაობის დროს:
1) როდესაც პრობლემურია კომუნიკაცია, გამოიყენეთ მკვეთრი და მარტივი სურათები ან სხვა ვიზუალური დახმარე საშუალებები. იხმარეთ მარტივი და პირდაპირი ფრაზები მოსალოდნელ აქტივობაზე მისანიშნებლად, მაგ: ბავშვს უთხარით: „ტუალეტის დროა“ და არ ჰკითხოთ: „ტუალეტში ხომ არ გინდა?“
2) არ დააგვიანოთ პამპერსიდან ტრუსებზე გადასვლა. რაც შეიძლება დროულად გადადით ტრუსების გამოყენებაზე. ბავშვისთვის კომფორტულია პამპერსის გამოყენება. შესაძლებელია ის ვერც ხვდებოდეს, რომ პამპერსში მოისაქმა, რადგან არ აწუხებს. ტრუსებში ბავშვი უკეთ შეიგრძნობს ჩასვრით გამოწვეულ დისკომფორტს.
3) არ განიხილოთ ჩასვრის არცერთი შემთხვევა. როდესაც ბავშვს ექნება ასეთი ინციდენტი, ნაკლებად ისაუბრეთ ამის შესახებ, შეზღუდეთ შენიშვნები და ნებისმიერი ტიპის ემოცია, რადგან ამან შესაძლოა განამტკიცოს მისი ქცევა. ამის სანაცვლოდ მოკლედ შეახსენეთ ბავშვს, რომ ტუალეტის გამოყენების დროა, შემდეგ კი მოწმინდეთ იატაკი.
4) განამტკიცეთ სასურველი ქცევა. განსაზღვრეთ განმამტკიცებლები, რომლებიც ბავშვს აუმაღლებს მოტივაციას. ეს განმამტკიცებლები გამოიყენეთ მხოლოდ ტუალეტის ჩვევაზე მუშაობის დროს. თუ თქვენ მას არ მისცემთ ამ განმამტკიცებლების სხვა შემთხვევაში გამოყენების საშუალებას, ის მეტად მოინდომებს, რომ ტუალეტის ჩვევაზე მუშაობის დროს მიიღოს ისინი, შესაბამისად, მოტივაციაც გაძლიერდება.
როგორც კი ბავშვი წარმატებით გამოიყენებს ტუალეტს, მაშინათვე მიაწოდეთ მას განმამტკიცებელი. დაკვირვება გვაჩვენებს, რომ სწრაფად მიცემული განმამტკიცებელი აჩქარებს დასწავლის პროცესს. დასწავლის ადრეულ ეტაპზე განამტკიცეთ ნებისმიერი მცირე წარმატებაც კი.
5) შეარჩიეთ დრო, როდესაც ორივე, თქვენ და ბავშვი მთელი დღე სახლში იქნებით. გაზარდეთ ბავშვის მიერ მიღებული სითხის რაოდენობა. აუცილებლად განამტკიცეთ თითოეული წარმატებული შემთხვევა.
6) დააკვირდით ბავშვის ქცევას ასეთი ინციდენტის დროს. ჩაინიშნეთ ადგილი და დრო რამდენიმე დღის განმავლობაში. თქვენ აუცილებლად დაინახავთ გარკვეულ მსგავსებას. მაგ: შეიძლება შენიშნოთ, რომ ის შარდავს ერთი ჭიქა სითხის დალევიდან 30 წუთის შემდეგ. გამოიყენეთ ეს ინფორმაცია ტუალეტის რუტინის დაგეგმვისას.
7) დაიმახსოვრეთ, რომ განმამტკიცებელი უნდა იყოს სწრაფი და თანმიმდევრული. ეს ზრდის ბავშვის მიერ მოშარდვასა და განმამტკიცებლის მიღებას შორის კავშირის დამყარების ალბათობას.
8) გააუმჯობესეთ ბავშვის კომუნიკაციის უნარი. როგორც კი ბავშვი დაიწყებს ტუალეტის სტაბილურად გამოყენებას, შეიყვანეთ ტუალეტში და ასწავლეთ, თუ როგორ გაგაგებინოთ, როცა ტუალეტში უნდა. შეიძლება გამოიყენოს ტუალეტის ამსახველი ბარათი, რომელსაც მოათავსებთ მისთვის ადვილად ხელმისაწვდომ ადგილას, მაგალითად, მიაკარით კედელზე, ტუალეტთან ახლოს. საბოლოო მიზანია, რომ როგორც კი ბავშვი იგრძნობს მოშარდვის ან დეფეკაციის სურვილს, მაშინვე მოგაწოდოთ შესაბამისი სურათი ან ვერბალურად მიგანიშნოთ ამის შესახებ.
9) საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფესიონალის დახმარება. თუ თქვენი მცდელობების მიუხედავად ტუალეტის პრობლემები კვლავ გრძელდება, მიმართეთ სპეციალისტს.
გისურვებთ წარმატებას!

მოამზადა სალომე გაბაძემ.